ფეხბურთი

15:11 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკმა რობენის ნაცვლად ჯანოს თანაგუნდელს უხმო

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა “ნარინჯისფერთა” რიგებში ტრავმირებული არიენ რობენის ნაცვლად მოსკოვის “სპარტაკის” შემტევი ქუინსი პრომესი გამოიძახა.

თავდაპირველად ჯანო ანანიძის თანაგუნდელი ჰოლანდიელ სპეციალისტს გაფართოებულ 28-კაციან შემადგენლობაში ჰყავდა შეყვანილი, თუმცა შემდეგ “ნარინჯისფერთა” სია 24 კაცამდე შეამცირა და პრომესი 4 უიღბლო ფეხბურთელს შორის მოხვდა. მიუნხენის “ბაიერნის” შემტევმა არიენ რობენმა გასულ უიქენდზე ტრავმა მიიღო, შესაბამისად პრომესს ბედმა გაუღიმა.

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები 28 მარტს თურქეთის წინააღმდეგ “ამსტერდამ არენაზე” ევროშესარჩევის მატჩს გამართავს, ხოლო შეხვედრიდან 3 დღეში ესპანეთს “სანჩეს პისხუანზე” ამხანაგურად გაეჯიბრება. “ნარინჯისფერები” მომდევნო შეხვედრებს ლიდერების, ტრავმირებული არიენ რობენის და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის რობინ ვან პერსის გარეშე ჩაატარებენ.

0.121205