ესპანეთი
გასულ უქმეებზე ევროპული ფეხბურთის მთავარი მოვლენა ესპანური „კლასიკო“ იყო. მადრიდის „რეალი“, ლიდერის სტატუსით მოთამაშე „ბარსელონას“ ისტორიაში მეთვრამეტედ ეწვია. „სამეფო კლუბს“, მსგავს სიტუაციაში, მხოლოდ ერთხელ, შორეულ 1930 წელს ჰქონდა მოგებული. „რეალს“ შანსი ჰქონდა ბარსელონაში „კლასიკოს“ მოგებით ცხრილის პირველ ადგილზე გადაენაცვლა, რაც ისტორიაში პირველად მოხდებოდა. თუმცა, კარლო ანჩელოტის შეგირდებმა ამ 2 უსიამოვნო ტრადიციის შეწყვეტა ვერ მოახერხეს.
გუნდების სასტარტო შემადგენლობებიდან ყურადღებას ის ფაქტი იქცევდა, რომ „რეალის“ თერთმეტეულში უფრო მეტი ესპანელი ფეხბურთელი იყო, ვიდრე „ბარსელონას“ ძირითად გუნდში. ასეთი რამ ბოლო 25 „ელ კლასიკოში“ პირველად მოხდა.
სასტარტო შემადგენლობებზე კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ კატალონიელთა საშუალო ასაკი მეტოქისას ერთი წლით აღემატებოდა, მაგრამ მადრიდული თერთმეტეულის უკან „კლასიკოში“ მონაწილეობის უფრო დიდი გამოცდილება იყო. იმის გამო, რომ ჩავი ერნანდესი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, „ბარსელონას“ ძირითადი შემადგენლობის ანგარიშზე „კლასიკოში“ მხოლოდ 146 მონაწილეობა იყო, მაშინ, როდესაც მადრიდელთა მაჩვენებელი 174-ს უდრიდა.
შეხვედრაში ანგარიში ჟერემი მატიემ გახსნა. ფრანგი მცველის მიერ ლა ლიგაში გატანილი ბოლო 4 გოლიდან 3 „რეალის“ კარში გავიდა და მატიემ სამივე შემთხვევაში თავით დაარტყა. 31 წლის ფეხბურთელმა „სამეფო კლუბს“ სამივე გოლი იმ დროს გაუტანა, როდესაც მადრიდელებს კარლო ანჩელოტი წვრთნიდა. იტალიელი სპეციალისტის მიერ დარიგებული „რეალის“ კარში ამაზე მეტი ბურთი არავის გაუტანია. „ბარსამ“ კი, „კამპ ნოუზე“ „რეალთან“ გამართულ შეხვედრაში თავით გოლი 2003 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. 12 წლის წინათ თავი პატრიკ კლუივერტმა გამოიჩინა.
მატიეს ზუსტი დარტყმა იმას ნიშნავდა, რომ „ბარსამ“ ზედიზედ მე-19 „ელ კლასიკოში“ გაიტანა და მის მიერვე 1981-1987 წლებში დამყარებული რეკორდი გაიმეორა.
„ბარსას“ მიერ პირველი გოლის გატანა, ისტორიის გათვალისწინებით, „რეალს“ ძალზე რთულ მდგომარეობაში აგდებდა. ბოლო 50 წლის განმავლობაში არასდროს მომხდარა, რომ „კამპ ნოუზე“ გამართულ შეხვერაში „ბარსას“ ანგარიში გაეხსნას, ხოლო თამაში „რეალს“ მოეგოს.
მადრიდელებმა ანგარიში კრიშტიანუ რონალდუს ზუსტი დარტყმით გაათანაბრეს. პორტუგალიელმა, „კამპ ნოუზე“ გამართულ ბოლო 8 შეხვედრაში მე-7 გოლი გაიტანა. მას, „კლასიკოში“, სულ, 15 გოლი დაუგროვდა. რონალდუმ რაულის მიღწევა გაიმეორა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეო მესისა (21) და ალფრედო დი სტეფანოს (18) აქვთ.
რონალდუს ზუსტი დარტყმა იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონასა“ და „რეალის“ ზედიზედ მე-18 დაპირისპირებაში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა. „ელ კლასიკოს“ 117-წლიან ისტორიაში ასეთ რამ პირველად მოხდა.
პირველი ტაიმი 1:1 მორჩა, რაც, ისტორიის გათვალისწინებით, უპირატესობას მასპინძელ გუნდს აძლევდა. „ელ კლასიკოს“ ისტორიაში მეცხრამეტედ მოხდა, რომ ბარსელონაში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. წინა 18 შემთხვევიდან 11 მასპინძლებმა მოიგეს, ხოლო 7 ფრედ დასრულდა.
ამ ტრადიციის შენარჩუნებაზე ლუის სუარესმა იზრუნა, რომელმაც, მე-2 ტაიმში, გამარჯვების გოლი გაიტანა. ის რიგით მე-3 ურუგვაელი ფეხბურთელია დაგობერტო მოლისა და რომან ალბერტო ვილიავერდეს შემდეგ, რომელმაც „ელ კლასიკოში“ გოლი გაიტანა და საკუთარ ქვეყნის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც ეს 1960 წლის შემდეგ მოახერხა.
მე-80 წუთზე მოედანზე ჩავი ერნანდესი გამოჩნდა, რომლისთვისაც ეს 42-ე „კლასიკო“ იყო. „ბარსას“ კაპიტანმა ამ მხრივ რეკორდსმენების, მანოლო სანიჩისა და ფრანცისკო ხენტოს მიღწევა გაიმეორა.
ჩავიმ თავისი მე-17 „კლასიკო“ მოიგო და ის ალფრედო დი სტეფანოს გაუტოლდა. ამაზე უკეთესი შედეგი (21) მხოლოდ ხენტოს აქვს.
სწორედ ჩავის მოედანზე გამოსვლის შემდეგ მოახერხა „ბარსელონამ“ ბურთის დაჭერა და საბოლოო ჯამში, ბურთის ფლობაში მცირე უპირატესობაც მოიპოვა. კატალონიელები ბურთს სათამაშო დროის 52.36%-ის განმავლობაში აკონტროლებდნენ. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, ეს მათი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ჩავი ერნანდესს „რეალისთვის“ 17-ჯერ მოუგია, მაგრამ „ბარსელონაში“ თამაშობს ფეხბურთელი, რომელსაც უკეთესი შედეგი აქვს. დანი ალვესს, „ბარსელონასთან“ ერთად, მადრიდული გუნდი 13-ჯერ დაუმარცხებია, მაგრამ „სევილიასთან“ ერთად მან ეს 8-ჯერ მოახერხა. „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ 21 თამაში სხვა არცერთ ფეხბურთელს არ მოუგია.
კვირას მოგების შემდეგ, „ბარსელონამ“ „რეალს“ 4 ქულით გაუსწრო. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მადრიდელებმა პრიმერას ბოლო 10 ტურში ამხელა ჩამორჩენა აღმოფხვრეს, 2006/07 წლების სეზონში დაფიქსირდა. 8 წლის წინათ, მადრიდელებმა ჩემპიონობა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის წყალობით იზეიმეს, რისი შანსი მათ ახლაც აქვთ.
გასული ტური მნიშვნელოვანი იყო მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელისთვის, ფერნანდო ტორესისთვის. 31 წლის ფეხბურთელმა, პრიმერა დივიზიონში, გოლი 2007 წლის მაისის შემდეგ პირველად გაიტანა.
ტორესსმა, „ატლეტიკოს“ მაისურით, მიმდინარე სეზონში, მე-4 გოლი გაიტანა და აქედან 3-ჯერ მან თავი შეხვედრის საწყის 5 წუთში გამოიჩინა. ესპანელმა შემტევმა „ხეტაფეს“ კარში ბურთი თავური დარტყმით მოათავსა, რაც იმას ნიშნავს, რომ „როხიბლანკოს“, მიმდინარე გათამაშებაში, თავით გატანილი უკვე 21 გოლი დაუგროვდა. მადრიდელებს ასეთი შედეგი 1996/97 წლების სეზონის შემდეგ პირველად აქვთ.
ეს იყო ზედიზედ მე-7 თამაში, რომელშიც „ატლეტიკომ“ „ხეტაფე“ დაამარცხა. ერთ გუნდთან ასეთი სერია „როხიბლანკოს“ ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.
ბასკურ „ბილბაოს“ წარმატებული პერიოდი უდგას. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა პრიმერას ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო, რაც ამ კლუბის ისტორიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
ინგლისი
კიდევ ერთ პრინციპულ მატჩში, რომელიც ევროპულ მინდვრებზე გაიმართა, ერთმანეთს „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ. „წითელმა ეშმაკებმა“ ხუან მატას დუბლის წყალობით მოიგეს. ესპანელმა შემტევმა, პრემიერლიგაში, თავი გასული წლის 14 დეკემბრის შემდეგ პირველად გამოიჩინა. 3 თვის წინათ, მან ასევე „ლივერპულს“ გაუტანა.
მატას, პირველი გოლის დროს, ასისტენტობა თანამემამულე ანდერ ერერამ გაუწია. „მანჩესტერის“ ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ინგლისის ჩემპიონატის მატჩში, როგორც გოლის, ასევე შედეგიანი გადაცემის ავტორი ესპანელი ფეხბურთელი იყო.
„ენფილდზე“ გამართული თამაშის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი მე-2 ტაიმის დაწყებისთანავე სტივენ ჯერარდის მოედნიდან გაძევება იყო. მასპინძეთა კაპიტანი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და მან მოედანზე მხოლოდ 40 წამი დაჰყო. 34 წლის ფეხბურთელისთვის ეს საკლუბო კარიერაში ჩატარებული ყველაზე ხანმოკლე თამაში გამოდგა. აქამდე, ჯერარდს მოედანზე ყველაზე მცირე დრო „ლივერპულში“ თავის სადებიუტო მატჩი, 1998 წლის 29 ნოემბერს, „ბლექბერნის“ წინააღმდეგ ჰქონდა გატარებული. მაშინ, მან 2 წუთი ითამაშა.
სტივენ ჯერარდი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში მოედნიდან ასე სწრაფად გააგდეს.
პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორედ მოხდა, რომ შეცვლაზე შესულმა მოთამაშემ წითელი ბარათ მიიღო. ეს პირველადაც „ლივერპულის“ ფეხბურთელს შეემთხვა. გასული წლის 21 დეკემბერს, „არსენალთან“ გამართულ შეხვედრაში, მოედნიდან ფაბიო ბორინი გააძევეს.
საბოლოოდ, „მანჩესტერმა“ 2:1 იმარჯვა. „ლივერპულმა“, 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, პრემიერლიგაში მხოლოდ 2 თამაში წააგო და ორივე „წითელ ეშმაკებთან“. ამ შეხვედრის შემდეგ, „მანჩესტერს“ „ენფილდზე“ 11 მოგება დაუგროვდა. „იუნაიტედს“, არცერთი სხვა გუნდის სტადიონზე, პრემიერლიგაში, 6 მოგებაზე მეტი არ აქვს.
ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა „ჩელსიმ“, რომელმაც ზედიზედ მე-4 გასვლითი თამაში მოიგო. „ჰალ სიტისთან“ გამართულ შეხვედრაში სესკ ფაბრეგასმა თავისი უმთავრესი მოვალეობა გაიხსენა. ესპანელ ნახევარმცველს, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 15 საგოლე გადაცემა ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ 17 იანვრის შემდეგ ის თანაგუნდელებს ვერაფრით ეხმარებოდა.
„ჩელსისთვის“ 3 ქულის მომტანი გოლი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა ლოიკ რემიმ გაიტანა. ფრანგი თავდამსხმელი „ჰალს“ არ წყალობს. პრემიერლიგაში ამ გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ 4 შეხვედრაში რემიმ 4 გოლი გაიტანა.
„ჩელსის“ უახლოესმა მდევარმა, „მანჩესტერ სიტიმ“, ზედიზედ მე-3 საშინაო თამაში მშრალად მოიგო. „ქალაქელებმა“, „ვესტ ბრომვიჩთან“ გამართულ შეხვედრაში, მეტოქის კარის მიმართულებით 43-ჯერ დაარტყეს. მას შემდეგ, რაც ინგლისში მსგავს სტატისტიკას ითვლიან (2003 წლიდან), პრემიერლიგაში ასეთი რამ მეორედ მოხდა. საინტერესოა, რომ მსგავსი შედეგი პირველ შემთხვევაშიც „სიტის“ ჰქონდა. 2012 წელს, „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ გამართულ საჩემპიონო შეხვედრაში, „ქალაქელებმა“ მეტოქეს 44-ჯერ დაურტყეს.
„ვესტ ბრომვიჩთან“ გამართული შეხვედრის მხოლოდ პირველ ტაიმში „სიტიმ“ კარში 26-ჯერ დაარტყა, რაც პრემიერლიგის რეკორდია (2003 წლის შემდეგ).
პელეგრინის გუნდის მიერ გატანილი მე-2 ბურთი კლუბისთვის საიუბილეო გამოდგა. ფერნანდუს ზუსტი დარტყმის შემდეგ, „სიტის“, პრემიერლიგაში, 1000 გოლი დაუგროვდა.
„სიტის“ ქულით ჩამორჩება „არსენალი“, რომელსაც საუკეთესო მოქმედი სერია აქვს. „მეთოფეებმა“ ზედიზედ მე-6 თამაში მოიგეს. „ნიუკასლთან“ გამართული შეხვედრა „არსენალს“ ოლივიე ჟირუმ მოაგებინა, რომელსაც „კაჭკაჭების“ კარში გოლების გატანა ტრადიციად აქვს ქცეული. ფრანგმა თავდამსხმელმა, შაბათს გამართულ შეხვედრაში, თავი დუბლით გამოიჩინა და „ნიუკასლთან“ ჩატარებულ 6 მატჩში მას 8 გოლი დაუგროვდა. ჟირუმ, ამ 6 შეხვედრაში, მეტოქის კარში თავით 5-ჯერ დაარტყა და ხუთივეჯერ გაიტანა, აქედან ერთხელ გასულ შაბათს.
ჟირუს მიერ გატანილი ორივე გოლი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „არსენალს“, მიმდინარე გათამაშებაში, სტანდარტის შემდეგ 18 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
„არსენალის“ ერთ-ერთი გოლის თანაავტორი სანტი კასორლაა. ესპანელ შემტევს, პრემიერლიგაში, უკვე 27 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ინგლისში მისი გადასვლის შემდეგ არცერთ სხვა ფეხბურთელს ასეთი შედეგი არ აქვს.
„ტოტენჰემის“ ლიდერი ჰარი კეინი გუნდისთვის ქულების მოპოვებას განაგრძობს. „ლეიკესტერთან“ 4:3 მოგებულ შეხვედრაში 21 წლის ფეხბურთელმა ჰეთ თრიქი შეასრულა და ის ბომბარდირთა დავას დიეგო კოსტასთან ერთად ლიდერობს.
ჰარი კეინი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კალენდარული წლის პირველ სამ თვეში 14 გოლი გაიტანა. აქამდე რეკორდს, 13-13 გოლით, ალან შირერი და კრიშტიანუ რონალდუ იყოფდნენ.
ჰარი კეინს კარგი შანსი აქვს პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. თუ მართლაც ასე მოხდა, ის იქნება პირველი ინგლისელი 1999/2000 წლების სეზონის შემდეგ, რომელიც ამას მოახერხებს. 15 წლის წინათ, პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი „სანდერლენდის“ თვდამსხმელი კევინ ფილიპსი გახდა, რომელმაც 30 გოლი გაიტანა.
უჩვეულო თამაში ჰქონდა ჯოი ბარტონს. 2014 წლის 20 დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მას ბარათი არ მიუღია. მას შემდეგ ჩატარებულ 8 შეხვედრაში 32 წლის ფეხბურთელი 7-ჯერ გააფრთხილეს და ერთხელ გააძევეს.
იტალია
ევროპაში გამართული ასეთი მნიშვნელოვანი თამაშების მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრის ყურადღება იტალიის ჩემპიონატის ერთმა რიგითმა მატჩმა მაინც მიიქცია. ამის მიზეზი ლევან მჭედლიძეა. „ემპოლის“ თავდამსხმელმა „სასუოლოსთან“ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ის თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო და ქართველ თავდამსხმელს გოლის გასატანად მხოლოდ 14 წამი დასჭირდა. სერია A-ში, შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა ასეთი სწრაფი გოლი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გაიტანა.
„მილანისთვის“, მიმდინარე სეზონს, წარმატებული ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ როდესაც საქმე „კალიარის“ მასპინძლობაზე მიდგება, „როსონერის“ 3 ქულა განაღდებული აქვს. მილანელებმა სარდინიელები, საკუთარ მოედანზე, ზედიზედ მეთერთმეტედ დაამარცხეს. „როსონერი“ ასეთივე სერია 1932-1956 წლებში, „პალერმოსთან“ ჰქონდა, უკეთესი კი ჯერ არ ჰქონია.
მოგების მიუხედავად, „მილანის“ თამაშს იდეალური ნამდვილად არ ეთქმის. ინძაგის შეგირდებმა 109 არაზუსტი გადაცემა გააკეთეს. მიმდინარე გათამაშებაში მათ ამაზე ცუდი მაჩვენებელი მხოლოდ ერთხელ, „ლაციოსთან“ გამართულ მატჩში ჰქონდათ.
საინტერესო ფეხბურთელია ეუჯენიო ლამანა. მიმდინარე გათამაშებაში მეორედ მოხდა, რომ „ჯენოას“ მე-2 მეკარეს თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვა მოუხდა. 25 წლის კიპერს ორივე შემთხვევაში თერთმეტმეტრიანი დაურტყეს და მან ორივეჯერ აიღო. „რომას“ შემდეგ, მან ეს „იუვენტუსთან“ გამართულ შეხვედრაშიც გააკეთა, მაგრამ მისი გუნდი ორივე შემთხვევაში ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
რომის „ლაციო“ შესანიშნავ ფორმაშია. დედაქალქელებმა სერია A-ს ზედიზედ მე-6 თამაში მოიგეს, რაც 2007 წლის გაზაფხულის შემდეგ პირველად მოხდა.
გერმანია
გერმანიის ჩემპიონატი 26-ე ტურში სენსაცია დაფიქსირდა. „ბაიერნმა“, 2014 წლის აპრილის შემდეგ პირველად, საკუთარ კედლებში წააგო.
„გლადბახს“ „ალიანც არენაზე“ გამართული მატჩი რაფაელის დუბლმა მოაგებინა. 2008 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „ბაიერნის“ სტადიონზე ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა მოიგო. 7 წლის წინათ, მარკუს როზენბერგმა მიუნხენელთა კარი 2-ჯერ აიღო, ხოლო მისმა „ვერდერმა“ 5:2 მოიგო.
„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში მეოთხედ მოხდა, რომ მისმა გუნდმა, საკუთარ კედლებში, 2 ან მეტი ბურთის სხვაობით წააგო. „ერკულესის“, „დორტმუნდისა“ და „რეალის“ შემდეგ, ესპანელი სპეციალისტი „გლადბახთან“ დამარცხდა.
„ჰამბურგს“ გოლის გატანა კვლავ უჭირს. „დინოზავრებმა“, მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 26 თამაშიდან გოლი მეთხუთმეტეში ვერ გაიტანეს, რაც კლუბის ანტირეკორდია.
საფრანგეთი
საფრანგეთის ჩემპიონატში უკვე 30-ე ტურის მატჩებში ჩატარდა და წინა 2 გათამაშების გამარჯვებულმა, „პარი სენ ჟერმენმა“ პირველად გალიდერება მხოლოდ ახლა მოახერხა. ლორან ბლანის გუნდმა ზედიზედ მე-3 საშინაო თამაში მოიგო, „ლიონის“ წაგებით ისარგებლა და ლიდერობა მოიპოვა.
„ლიონის“ წარუმატებლობის მიზეზი ალექსანდრ ლაკაზეტის უთამაშებლობაა. მიმდინარე გათამაშებაში მეოთხედ მოხდა, რომ ფურნიეს გუნდმა საუკეთესო ბომბარიდირის გარეშე ითამაშა და „ლიონმა“ მოგება ვერც ამჯერად მოახერხა.
„ლიონის“ წაგებით „მარსელმაც“ ისარგებლა, რომელმაც ამ გუნდთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მარსელო ბიელსას გუნდმა „ლანსი“ 4:0 გაანადგურა, რაც იმას ნიშნავს, რომ „მარსელს“, 30 ტურში, უკვე 60 გოლი დაუგროვდა, ეს კი 1989/90 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.
„ლანსთან“ მოგება „მარსელისთვის“ ისეთი იოლი არ ყოფილა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ბიელსას შეგირდებმა, პირველ ტაიმში, კარში ზუსტად დარტყმა ერთხელაც ვერ მოახერხეს. მიმდინარე გათამაშებაში ასეთი რამ მეხუთერდ მოხდა და აქედან მეოთხედ 2015 წელს.
„მონაკომ“, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში თავს საიმედო დაცვით იწონებს, გოლების გატანასაც უხშირა. 1999 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ამ გუნდმა, ლიგა ერთის ზედიზედ სამ შეხვედრაში, 3 გოლის გატანა მოახერხა.