უნგრეთის საფეხბურთო პირველი ლიგის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში, ნირედხაზას “სპარტაკუსმა”, სადაც ნახევარმცველი ზურაბ არზიანი და ფორვარდი დათო დარციმელია გამოდიან, სტუმრად “ლომბარდ პაპა” 1:0 დაამარცხდა.
არზიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მან 55-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. საქართველოს ახალგაზრდულში გამოძახებული დარციმელია 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. “სპარტაკუსი” 22 ქულით 16 გუნდში მეთერთმეტეა.
მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) კიშინიოვის “დაჩიამ”, რომელსაც ზამთარში ფორვარდები დავით სირაძე და ჯაბა დვალი შეემატნენ, 23-ე ტურში თავის მოედანზე “დინამო-ავტო” 6:2 დაამარცხა. სირაძემ მეორე ტაიმი ითამაშა, ხოლო 18-კაციან განაცხადში მყოფ ჯაბა დვალს თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. “დაჩია” 39 ქულით 11-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა.
“საქსანმა”, რომლის ღირსებას ირაკლი გოგინაშვილი იცავს, შინ კიშინიოვის “ზიმბრუსთან” ქულა აიღო - 1:1. ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც ალექსანდრე ჩივაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა, ორი ტაიმი ითამაშა. “საქსანი” 24 ქულით მეხუთეა.
რუსეთის პირველი დივიზიონის 24-ე ტურში, “სახალინმა”, რომელში გიორგი კახელიშვილი ასპარეზობს, სტუმრად ტომსკის “ტომთან” 2:2 ითამაშა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი 18-კაციან განაცხადში არ იყო. რუსეთის მოქალაქე თავდამსხმელი ანზორ სანაია “ტომის” თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “სახალინი” 21 ქულით 18 გუნდში მეთექვსმეტეა, ხოლო ტომსკელებს 46 ქულით მე-3 ადგილი უკავიათ.
ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” სტუმრად სანკტ-პეტერბურგის “დინამოს” 1:0 აჯობა. ფორვარდი მერაბ ურიდია გამარჯვებულთა რიგებში მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა. “ვოლგა” 31 ქულით 18 გუნდში მერვეა.
ძერჟინსკში ადგილობრივი “ხიმიკისა” და “ტიუმენის” დაპირისპირება 2:2 დასრულდა. მცველი გიორგი ჯიქია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მასპინძლების სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. “ხიმიკი” 20 ქულით მეჩვიდმეტეა.
კალინიგრადის “ბალტიკამ”, რომლის კარს გიორგი შელია იცავს, სტუმრად კრასნოიარსკის “ენისეის” 1:0 აჯობა. ქართველმა გოლკიპერმა შეუცვლელად ითამაშა. “ბალტიკა” 27 ქულით მეთორმეტეა.