ფეხბურთი

17:15 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

რას გადაწყვეტს “ელ კლასიკო” ?

დღეს თბილისის დროით 00:00 საათზე “ნოუ კამპზე” ესპანეთისა და მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება გაიმართება: კატალონიური “ბარსელონა” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ.

მოახლოებულ დაპირისპირებას “ბარსელონას” შესანიშნავ ფორმაში ხვდება. ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან, კატალონიელებმა 9 მოიგეს და “მალაგასთან” შინ დამარცხდნენ. ესპანეთის თასზე ზედმეტი პრობლემების გარეშე გავიდნენ ფინალში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებლად გაძლიეს “მანჩესტერ სიტის” ბარიერი. ამ მომენტისთვის “ბლაუგრანა” ქულით უსწრებს “რეალს” და გამარჯვების შემთხვევაში კომფორტულ სხვაობას მოიპოვებს მთავარ კონკურენტთან. კარგი ამბავია მასპინძელთა ბანაკში, სერხიო ბუსკეტსმა ტრავმა მოიშუშა და დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება. ლუის ენრიკეს გუნდი როგორც ყოველთვის, ტომას ვერმაელენს მოისაკლისებს, რომელსაც ტრავმის გამო “ბარსელონას” რიგებში ჯერაც არ ჰქონია დებიუტი.

შესანიშნავად ჩატარებული პირველი წრის შემდეგ “რეალმა” აშკარად მოუკლო და ლიდერობის დათმობაც მოუწია. უკანასკნელ 10 შეხვედრაში “ბლანკოსმა” 7 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2-ჯერ დამარცხდა, რითაც მშვენივრად ისარგებლა “ბარსელონამ”. დღეს მოგების შემთხვევაში “თეთრები” ლიდერობას დაიბრუნებენ, ხოლო საპირისპირო შედეგის შემთხვევაში საძულველ მეტოქეს 4 ქულით ჩამორჩებიან და მე-3 ადგილოსან ”ვალენსიასთან” უპირატესობაც ამდენივე ქულა იქნება. კატალონიელთაგან განსხვავებით, “რეალს” ჩემპიონთა ლიგაზე გაუჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ “ბლანკოსმა” გერმანიაში ორი უპასუხო გოლი გაუტანა “შალკეს”, ქომაგებს მაინც მოუწიათ ნერვიულობა, რადგან “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეხვედრა დათმეს (3:4) და “ხუმარებს” მხოლოდ ერთი გოლი დააკლდათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. “რეალისთვის” სასიამოვნო ისაა, რომ გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ და ლაზარეთში მხოლოდ ხამეს როდრიგესი რჩება.

შეხვედრას 38 წლის მატეუ ლაოსი განსჯის, რომელიც ლა ლიგის შეხვედრებს 2008 წლიდან უძღვება, ხოლო 2011 წლიდან ფიფას კატეგორიის არბიტრია. ლაოსი ესპანელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი არბიტრია და საშუალოდ მხოლოდ 4.45 ყვითელ ბარათს იძლევა. მის მიერ ნამსაჯები მატჩებიდან 46% მასპინძლებმა მოიგეს, 26% ფრედ მორჩა, ხოლო 28% სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. კარიერაში ნამსაჯებ 184 შეხვედრაში ლაოსს 45-ჯერ მოუწია წითელი ბარათის გამოყენება, რაც საშუალოდ 0.24 უდრის.

ურთიერთშეხვედრები:

ჩემპიონატი დრო მასპინძელი სტუმარი შედეგი
ლა ლიგა 25.10.2014 რეალი ბარსელონა 3:1
ესპანეთის თასი 16.04.2014 ბარსელონა რეალი 1:2
ლა ლიგა 24.03.2014 რეალი ბარსელონა 3:4
ლა ლიგა 26.10.2013 ბარსელონა რეალი 2:1
ლა ლიგა 02.03.2013 რეალი ბარსელონა 2:1


სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3):
ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, ნეიმარი, ლ.სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

რეალი (4-3-3): კასილასი, რამოსი, პეპე, კარვახალი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: მატეუ ლაოსი

20:00 ვილიარეალი – სევილია

“ელ კლასიკოს” ფონზე ყველა სხვა მატჩი ჩრდილში მოექცა, თუმცა აუცილებლად უნდა ვისაუბროთ “ელ მადრიგალზე” გასამართ დაპირისპირებაზე, სადაც “ვილიარეალი” შინ “სევილიას” მიიღებს და რევანშის აღებას ეცდება.

კლუბები ერთმანეთს ევროპა ლიგაზე დაუპირისპირდნენ, სადაც ორივე მატჩის ჯამში “სევილიამ” 5:2 გაიმარჯვა. პირველ მატჩში ნახსენებ არენაზე “დალაქებმა” 3:1 დაამარცხეს მეტოქე, ხოლო ხუთშაბათს “სანჩეს პისხუანზე” მოუგეს 2:1. ამიტომაც, მარსელინიო ტორალის შეგირდები დღეს გაათმაგებული მოტივაციით ითამაშებენ. რევანშის გარდა, მატჩი მნიშვნელოვანია სატურნირო ფაქტორითაც. დღეს გამარჯვების შემთხვევაში, “ვილიარეალი” ქულებით “სევილიას” გაუთანაბრედება და 5-6 ადგილებს გაიყოფენ.

“ყვითელ წყალქვეშა ნავებს” ტრავმების გამო დენის ჩერიშევი, ბრუნო სორიანო და ადრიან მარინი არ ეყოლებათ, ხოლო ხაუმე კოსტა დისკვალიფიცირებულია. სტუმრებს ბეტო და კრისტოფორო ჰყავთ დაშავებული, გჟეგოჟ კრიშოვიაკი კი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო ტოვებს შეხვედრას.

სავარაუდო შემადგენლობები

ვილიარეალი (4-4-2):
ასენხიო, ბაილი, დორადო, რუკავინა, მუსაჩიო, პინა, მარკოსი, მ.გომესი, კემპბელი, ხ.მორენო, ჯოვანი.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, პარეხა, კოკე, ტრემულინასი, მ’ბია, იბორა, დ.სუარესი, ბანეგა, რეიესი, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

შენიშვნა – შემადგენლობები მოცემულია Marca-ს მიხედვით

თეგებილა ლიგა
0.114812