ინდიან უელსის BNP Paribas Open-ის “მასტერზ1000”-ზე შარშანდელი ფინალი გამეორდება. მთავარი პრიზის მოსაპოვებლად კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი იბრძოლებენ. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა სერბმა ნახევარფინალში ბრიტანელ ენდი მარეის 6:2, 6:3 მოუგო, შვეიცარიელმა კი კანადელ მილოშ რაონიჩს 7:5, 6:4 სძლია.
მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერ ჯოკოვიჩს კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილზე მყოფი მარეის დასამარცხებლად საათნახევარი დასჭირდა. მეტოქეები ერთმანეთს 25-ედ შეხვდნენ და ნოვაკმა მეჩვიდმეტედ მოახერხა ენდის დამარცხება. ჯოკოვიჩი მეხუთედ გავიდა ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის ფინალში და გადამწყვეტი პაექრობის მოგების შემთხვევაში “ნოლე” კარიერის 50-ე ტიტულს დაეუფლება. თუკი ჯოკოვიჩმა ეს მოახერხა ტიტულების რაოდენობის მიხედვით თავის მწვრთნელს, გერმანელ ბორის ბეკერს გაასწრებს.
ფედერერს რაც შეეხება, ნახევარფინალში მან რაონიჩის წინააღმდეგობა საათსა და 26 წუთში დაძლია. როჯერის ანგარიშზე 2 ბრეიკი და 5 ეისია, ურთიერთშეხვედრებში კი შვეიცარიელი კანადელს 9:1-ს უგებს.
შეგახსენებთ, შარშანდელ ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერს 3:6, 6:3, 7:6 მოუგო.