ძიუდოში თბილისის გრან პრიზე მამაკაცებს შორის მედლების მორიგი ორი კომპლექტი გათამაშდა. ამჯერად პოდიუმზე საქართველოს ნაკრების წევრებიც ავიდნენ, მაგრამ დღევანდელ ქართულ მონაგარს გასახარ შედეგს მაინც ვერ დავარქმევთ. ირაკლი უზნაძის გუნდის ანგარიშზე ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაოა.
მეორე დღის და ალბათ მთელი ტურნირის მთავარი მოულოდნელობა ავთანდილ ჭრიკიშვილის საპრიზო სამეულს მიღმა დარჩენაა. ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჩვეულად დაიწყო, პირველ შეხვედრაში ევროპის 2010 წლის ვიცეჩემპიონს, ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკას წუთი და 16 წამი აკმარა ბეჭებზე გასაკრავად. მერვედფინალში კი უტიტულო მონღოლ დაგვასურენ ნიამსურენთან კონტრ-ილეთზე წამოეგო და იპონით დამარცხდა.
ჭრიკიშვილის ნაცვლად ნიამსურენს რევანში უშანგი მარგიანმა აუღო. თუმცა მასაც გვარიანად გაუჭირდა. მომგებიანი ვაზარი საფინალო გონგის პარალელურად შეუსრულა.
სწორედ მარგიანმა აჩვენა საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო შედეგი. მონღოლთან დაჭიდებამდე მან ორი მეტოქე ჩამოიშორა. სომეხ დავით სარგსიანს 2 წუთსა და 22 წამში ულამაზესი კისრულით მოუმთავრა საქმე. ჩერნოგორიელ სჟან მრვალიევიჩს კი სამ წუთში ოთხი შიდო მიაღებინა.
ნახევარფინალში უშანგი მარგიანმა ევროპის 2-გზის ჩემპიონს, რუსეთის ნაკრების წევრ სირაჟუდინ მაგომედოვს მესამე წუთზე შესრულებული ეფექტური იპონით სძლია. საჩემპიონო ბრძოლაში კი რუსთა გუნდის კიდევ ერთ წარმომადგენელთან ალან ხუბეცოვთან უილეთო შეხვედრაში ერთადერთი გაფრთხილებით დამარცხდა.
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში პოდიუმზე ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ავიდნენ. ორივე მესამე საფეხურზე. შარშანდელი თბილისური გრან პრის ფინალისტები ამჯერად მეოთხედფინალში დადგნენ ერთმანეთის პირისპირ და შავდათუაშვილმა იუკოთი მოიგო.
ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა (66 კილოგრამში) თანაგუნდელთან დაჭიდებამდე ორი ეტაპი დაძლია. პირველი მეტოქე – შვედი ტომი მაციასი ორ წუთში ორჯერ დასცა ვაზარზე. პოლონელ დამიან სზვარნოვიეცკის კი 35 წამი აკმარა მოგვერდის შესასრულებლად.
ძირითად ბადეში გამოსვლა ლაშა შავდათუაშვილმა ნახევარფინალში დაასრულა, სადაც აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჟოვთან ორწუთნახევარში სამი გდება გაუშვა. აქედან ერთი იუკო, ორიც ვაზარი.
ორუჟოვის ჯავრი კი რეპეშაჟის ფინალში ასევე აზერბაიჯანის ნაკრების წევრ ჰუსეინ რაჰიმლიზე იყარა, მტკივნეული ილეთით.
ტატალაშვილმა მეოთხედფინალამდე თურქ ჰასან ვანლიოღლუს და ფრანგ ჯილომ ჩეინს აჯობა. პირველს უილეთო ბრძოლაში, ერთი შიდოს უპირატესობით. ხოლო მეორეს – 2 წუთსა და 21 წამში.
დამამშვიდებელ ეტაპზე ნუგზარ ტატალაშვილმა ჯერ უკრაინელი არტემ ხომულა ჩამოიშორა. "ბრინჯაოს ფინალში” კი თანაგუნდელ ზვიად კაპანაძეს დაეჭიდა და შიდოთი სძლია.
ზვიად კაპანაძე რეპეშაჟში ნახევარფინალიდან გადაერთო, მას შემდეგ, რაც ყაზახ დასტან იკიბაიევთან ბრძოლაში სამ წუთში ორჯერ დავარდა ვაზარზე. წინასწარ ეტაპებზე კი სამი შეხვედრა მოიგო. ჯერ ბერძენი გეორგიოს აზოიდისი შებოჭა, შემდეგ ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ მონღოლ ნიამ-ოჩირ საინიარგალს "ოქროს დროში”, გაფრთხილებით გასცდა. მეოთხედფინალში კი ასევე ერთი შიდოთი აჯობა ბრიტანეთის ნაკრების წევრ იან გოსიევსკის, ოღონდ ძირითად ხუთ წუთში.
73 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ფრიდონ გიგანმაც იჭიდავა. მშვენივრადაც დაიწყო – უხვტიტულა უნგრელი მიკლოშ უნგვარი პასიური ჭიდაობის გამო მსაჯს სამწუთნახევარში მოახსნევინა, მაგრამ მერვედფინალში აზერბაიჯანელ ჰუსეინ რაჰიმლისთან ვეღარას გახდა. არადა თავიდან მეტოქეს ვაზარს უგებდა.
საპრიზო სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა 81 კილოგრამში მოჭიდავე გიორგი პაპუნაშვილს. ძირითად ბადეში გამოსვლა მან უნგრელი სზაბოლც კრიჟანის დამარცხებით გახსნა. ორი ვაზარის შესასრულებლად სულ რაღაც წუთი და 11 წამი იკმარა. არტემ ვასილენკოს სამი იუკოთი გასცდა, ხოლო ევროპის და მსოფლიოს იტალიელ პრიზიორ ანტონიო ჩიანოს ერთი შიდოს უპირატესობით (2:3).
ოქრო-ვერცხლის შანსი პაპუნაშვილმა ალან ხუბეცოვთან სუფთად წაგებით დაკარგა. რეპეშაჟის ფინალში კი დაგვასურენ ნიამსურენთან ერთადერთი გაფრთხილებით დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
დღესვე სპორტის სასახლის არენაზე ამბაკო ავალიანიც (81 კგ) გავიდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. მისთვის დაუძლეველი ზღუდე პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძე აღმოჩნდა. ამ უკანასკნელმა მომგებიანი იპონი მეოთხე წუთის ბოლოს შეასრულა.
უშანგი მარგიანმა თბილისური ვერცხლით 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა – 120-120, ზვიად კაპანაძემ და გიორგი პაპუნაშვილმა – 60-60.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში:90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრებს სამივე წონაში ოთხ-ოთხი მონაწილე ეყოლება. ხვალვე მოირგებს კიმონოს გრან პრის განაცხადში შეყვანილი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტი ქალი ირინე ლეონიძე (+78 კგ).
ძიუდო
გრან პრი
თბილისი
21 მარტი
კაცები
73 კგ
1 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)
2 დასტან იკიბაიევი (ყაზახეთი)
3 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
5 ზვიად კაპანაძე (საქართველო)
81 კგ
1 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)
2 უშანგი მარგიანი (საქართველო)
3 დაგვასურენ ნიამსურენი (მონღოლეთი)
3 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)
5 გიორგი პაპუნაშვილი (საქართველო)
ქალები
63 კგ
1 ტინა ტრესტენიაკი (სლოვენია)
2 მუნხაზაია ცედევსურენი (მონღოლეთი)
3 ედვიგ გვედო (იტალია)
3 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)
70 კგ
1 სზაუნდრა დიდრიხი (გერმანია)
2 ჟერვის ემანი (საფრანგეთი)
3 ლინდა ბოლდერი (ისრაელი)
3 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)