საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩების შემდეგ განახლდა ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობა. გუშინ “რუსთავმა” ბათუმში გამარჯვება მოიპოვა, რის შედეგადაც საბოლოოდ გაირკვა რეგულარული ჩემპიონატის პირველი ოთხეულის ვინაობა, თუმცა რა თანმიმდევრობით შეხვდებიან კლუბები პლეიოფს ამას დარჩენილი ტურის მატჩები გვიჩვენებენ.
საქართველოს მოქმედ ჩემპიონს თბილისის “დინამოს” დღეს მოგებით რეალური შანსი უჩნდებოდა რათა რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულება პრაქტიკულად გაენაღდებინა, მაგრამ “ქუთაისთან” შეხვედრაში გუნდმა სეზონის მეორე მარცხი იწვნია და პირველობის საკითხიც სამომავლოდ გადაიდო.
მოგეხსენებათ, “დინამომ” და “ქუთაისმა” საქართველოს თასზე ორი ნახევარფინალური მატჩი ჩაატარეს, ამ შეხვედრებში ირაკლი ხოშტარიას გუნდმა 2 გამარჯვებით ფინალის საგზური მოიპოვა და დღესაც თბილისში თითქოს “დინამო” ფავორიტი იყო, მაგრამ ქუთაისელებმა შესაშური მონდომება გამოავლინეს და როგორც პრაქტიკული ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს.
დინამოელთა და ქუთაისელთა დაპირისპირება მთელი 40 წუთის განმავლობაში საინტერესოდ მიმდინარეობდა და გამარჯვებულის ვინაობა ძნელი გამოსაცნობი იყო. მატჩის მიწურულს კი სპორტკომპლექს “არენაში” შეკრებილმა მაყურებელმა დრამატული საკალათბურთო სპექტაკლი იხილა. მესამე პერიოდის დასრულებამდე ოთხიოდე წუთით ადრე ლაშა გამყრელიძის ზუსტი ტყორცნის შემდეგ “დინამო” 9 ქულით (50:41) დაწინაურდა, მაგრამ მეოთხედის დასრულებამდე ქუთაისელებმა 15 ქულა გააკეთეს, “დინამომ” კი მხოლოდ 2 და დასკვნითი პერიოდის წინ რიონისპირელები 56:52 იგებდნენ.
დასკვნით 10-წუთიან მონაკვეთში წინ ძირითადად “ქუთაისი” იყო. “დინამომ” მხოლოდ ბოლო წუთზე ერთადერთხელ შეძლო დაწინაურება, თუმცა თბილისელთა შემდეგი შეტევისას ქუთაისელთა აფრიკელმა ლეგიონერმა აბდულა ნდოემ ზაურ ფაშაევის კარგი პასის შემდეგ სლემ დანქი შეასრულა და კვლავ დააწინაურა თავისი გუნდი. მატჩის გადამწყვეტ მომენტში ქუთაისელთაგან ლიდერობა სწორედ ჩვენ მიერ ნახსენებმა ლეგიონერებმა იტვირთეს და გუნდის მოგებაში (75:72) ლომის წილი დაიდეს. თავად განსაჯეთ ზაურ ფაშაევის აქტივში 16 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემაა, ხოლო აბდულა ნდოემ 8-8 მოხსნასა და დაფარებას 13 ქულაც მიამატა. ასე რომ, სალაღობო სათაური შემთხევით არ აგვირჩევია. მასპინძეთაგან ორმაგი დუბლით გამოირჩა ამერიკელი ლეგიონერი გარიკ შერმანი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის გადამწყვეტ ეპიზოდებში მას ნდოემ აჯობა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აბდულა ნდოეს მიერ დღეს შესრულებული 8 დაფარება მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია (თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “2 კვირის განმავლობაში “ქუთაისთან” 3 მატჩი ჩავატარეთ და თასზე მოპოვებული 2 გამარჯვების შემდეგ დღეს დაძაბული ორთაბრძოლის მოლოდინში ვიყავით, ასეც მოხდა. შეცდომები გვქონდა, თუმცა მეტოქემ ძალიან ძლიერად ითამაშა. დღევანდელი მარცხი ტრაგედია არაა, მომხდარს გავაანალიზებთ და ყოველმხრივ შევეცდებით მომდევნო მატჩები უკეთ ჩავატაროთ”.
მედეა მხეიძე (“ქუთაისის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “დიდი მადლობა “დინამოს”. სამივე კარგი თამაში გამოვიდა და სწორედ ასეთ ასპარეზობებში იმატებს კალათბურთელთა კლასი. მოგების მიუხედავად, ჩვენი გუნდის თამაშით მაინცდამაინც კმაყოფილი არ ვარ. ფარს ვაგებდით, რაც მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოვასწორეთ. წაგვადგა სწრაფი თამაშიც. ვულოცავ ბიჭებს მნიშვნელოვან მოგებას”.