ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტური “მარტინეს ვალეროს” სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა “ელჩემ” თანარეგიონელი “ვალენსია” მიიღო და ოთხბურთიანი სხვაობით განადგურდა.
შეხვედრა თავიდანვე სტუმართა დომინირებით წარიმართა. პირველ ნახევარში პაკო ალკასერს თამაშგარე მდგომარეობის გამო ორი გოლი გააუქმეს, რომელთაგან პირველ შემთხვევაში მსაჯი აშკარად შეცდა, ხოლო მეორე სიტუაციაში საკამათო ვითარება იყო. ძალიან კარგი საგოლე შანსები ჰქონდათ სოფიან ფეგულისა და ნიკოლას ოტამენდის, თუმცა ორივემ ოდნავ ააცილა ტიტონის კარს, ხოლო ალკასერს ლომბანმა კარის ხაზიდან გამოუტანა ბურთი. მასპინძელებმა შესვენებამდე მაინც ვერ გაძლეს და ტაიმის ბოლოს 44-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა – “ვალენსიას” ეფექტური კომბინაცია ანდრე გომეშმა დააგვირგვინა.
57-ე წუთზე პორტუგალიელმა საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში და პაკო ალკასერს გაატანინა, ხოლო 71-ე წუთზე როკომ ავტოგოლი მიითვალა. შეხვედრის სცენარიდან გამომდინარე, “ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა ნუნუ ესპირიტო სანტომ მატჩის ბოლოს ახალგაზრდა მოთამაშეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. ჟოაო კანსელო და ტროპი, რომელსაც “ვალენსიას” ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა, საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ თამაშში და მწირი დროის მიუხედავად თავის გამოჩენა მოახერხეს. 91-ე წუთზე ტროპიმ შესანიშნავად ითამაშა ორი მეტოქე ჩამოიშორა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთი ანდრე გომეშმა მიიღო, გაიას დასარტყმელად დაუგორა და ამ უკანასკნელის მოქნეული ტიტონმა კუთხურზე მოიგერია. “ლოს ჩემ” ბოლო შანსი მშვენივრად გამოიყენა, კუთხური პაბლო პიატიმ მოაწოდა, საჯარიმოში ყველას სტუმართა დაცვის ბურჯმა ნიკოლას ოტამენდიმ აჯობა და თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:4.
“ღამურებმა” 60 ქულა დააგროვეს და ამ მომენტისთვის მე-4 ადგილოსან “ატლეტიკოს” ოთხი ქულით უსწრებენ, ხოლო “ბარსელონასა” და “რეალს” ხუთი და შესაბამისად ოთხი ქულით ჩამორჩებიან.
რაც შეეხება “ელჩეს”, ფრან ესკრიბას შეგირდები 27 ქულით მე-15 ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას 2 ქულით უსწრებენ.
ელჩე - ვალენსია 0:4 (0:1)
ელჩე, "მარტინეს ვალერო"
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, როკო, ლომბანი, დ.სუარესი, სისმა, პასალიჩი (კ.ერერა 59), ა.გონსალესი (მოსკერა 77), ვ.როდრიგესი, ფაჟრი, გ.როდრიგესი (კორო 75), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
ვალენსია (4-3-3): ალვეში, მუსტაფი, ოტამენდი, გაია, ბარაგანი, ფუეგო, გომეში, პარეხო (ტროპი 90), ფეგული (კანსელო 83), პიატი, ალკასერი (ნეგრედო 68).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლები: 0:1 გომეში (44), 0:2 ალკასერი (57), 0:3 როკო (71 ს.კ.), 0:4 ოტამენდი (92).
გაფრთხილებები: დ.სუარესი
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 7(1)-10(5), ჯარიმა: 12-10, კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-1