ადრე “ვესტფალენი” ერქვა, ახლა “სიგნალ იდუნა პარკი” ჰქვია. ეს დორტმუნდის “ბორუსიას” ლეგენდარული საშინაო არენაა, სადაც თამაში ყველა გუნდისთვის ჯოჯოხეთურად რთული ხდება ხოლმე. ყველა გუნდში არ შედის იტალიური ფეხბურთის გრანდი ტურინის “იუვენტუსი”. რთულია, ახსნა მოუძებნო იმ ფაქტს, რომ “იუვეს” “ვესტფალენშტადიონზე” ოთხიდან ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ თითოეულ ამ წარმატებაში მთავარ როლს ტურინული გუნდის მეათე ნომრები თამაშობდნენ.
1993 წელს, როცა უეფას თასის პირველ ფინალურ მატჩში “ბებერმა ქალბატონმა” გერმანელები 3:1 დაამარცხა, მატჩის გმირი გენიალური რობერტო ბაჯო შეიქნა შესრულებული დუბლით.
მერე, 2 წლის მერე, იმავე უეფას თასზე, იმავე სტადიონზე, იმავე ბაჯომ მშვენიერი სტანდარტულით მოაგებინა “იუვეს” და ფინალის საგზური არგუნა.
ამის შემდეგ, სულ რაღაც ოთხიოდე თვის შემდეგ კი ტურინულ გრანდს უკვე სხვა 10-იანი ჰყავდა, სახელად – ალესანდრო დელ პიერო. სწორედ მან, 1995 წლის 13 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი იმ სტადიონზე გაიტანა, რომელიც ასე წარმატებულია “ბიანკონერებისთვის”. იმ მატჩში გარდა მშვენიერი გოლისა, იმ ხანად 20 წლის თავდამსხმელი 2 საგოლე პასითაც გამოირჩა.
მას შემდეგ, აგერ ლამის 2 ათეული წელიწადი მიილია და “დორტმუნდისა” და “იუვენტუსის” გზები დორტმუნდში ოფიციალურ დონეზე არ გადაკვეთილა.
20 წლის თავზე კი “ვესტფალენი” ისევ შავ-თეთრმა 10-იანმა დაიპყრო. ამჯერად არც ბაჯო ყოფილა ეს ადამიანი და ბუნებრივია არც დელ პიერო. მისი სახელი და გვარი კარლოს ტევესია!
ტრადიციას არგენტინელმა არ უღალატა და “ვეკია სინიორას” “ვესფალენური” წარსული დიდებულად განაგრძო. 2 გოლი, პლუს საგოლე გადაცემა! – ფანტასტიკური შედეგია. თამაშის შემდეგ ტევესი გასაკვირი არაა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, თუმცა “ელ აპაჩე” ტრადიციულად მოკრძალებული იყო:
“გუნდმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა. საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს. იგებს გუნდი და არა ერთი მოთამაშე. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი წვლილი შევიტანე გამარჯვებაში. 75 ათასი ადამიანის თვალწინ თამაში ადვილი არ იყო. “იუვენტუსმა” თამაშის სადავები თავიდანვე ხელთ იგდო და შესანიშნავი შეხვედრაც გამართა”, - თქვა მატჩის გმირმა ტევესმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 6 გატანილი გოლი დაუგროვდა. ეს ფაქტი იმითაა გამოსარჩევი, რომ ამის გაკეთება 8 შეხვედრაში მოახერხა, მაშინ, როდესაც წლევანდელ სეზონამდე იგივე რაოდენობის გოლები 33 მატჩში ჰქონდა გატანილი. ფაქტია არგენტინელს მეორე სუნთქვა გაეხსნა და თუ ასე გააგრძელებს მისი შეჩერება ადვილი არ იქნება.
ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო თავისი ყოფილი გუნდის წარმატებას საკუთარი ტვიტერის ოფიციალური გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა, სადაც ალესანდრომ დაწერა:
“შესანიშნავი გამარჯვება დორტმუნდში. კომპლიმენტები ბიჭებო! “იუვენტუსის” ლამაზი გამარჯვება!”
ხვალ უკვე მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ფაქტია, რომ ტურინული გუნდთან ადვილი გასეირნება არცერთ გუნდს ელოდება.
ერთასაც დავამატებ - ზუსტად 8 წლის წინ, 2007 წლის 18 მარტს “იუვენტუსმა” სერია B-ში “ტრიესტინას” 5:1 აჯობა. 2015 წლის 18 მარტს კი ნაცნობ “ვესტფალენზე” გაილაღა...