იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მე-12 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. გაგამარუმ მე-9 გამარჯვება იზეიმა, ტოჩინოშინმა კი რამდენიმე დღის წინ იოკოძუნას დამარცხების კვალად, ოძეკიც დაჯაბნა.
ლევან გორგაძემ ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მობილიზება მოახერხა და ოძეკი კისენოსატო იორიტაოშით დაამარცხა. დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინს 6 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და დადებითი ბალანსისთვის (კაჩი-კოში) დარჩენილი 3 შერკინებიდან ორის მოგება მაინც მართებს.
გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე კიდევ ერთი ოძეკი გოეიდო იქნება, რომელსაც ქართველის დარი ბალანსი გააჩნია და უდავოა, წარმატებისთვის მაქსიმუმს გაიღებს.
დამაჯერებლად მიიწევს წინ გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურა ჯუღელი, რომელმაც 3 მარცხის წილ მე-9 გამარჯვება აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა იკიოისთან იზეიმა. დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა ოშიდაშით იმარჯვა და უკვე ცხადია, რომ შესამჩნევი წინსვლა ელის.
გაგამარუ შემდეგ ორთაბრძოლას დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ბრაზილიელ კაისეისთან გამართავს, რომელსაც უარყოფით ბალანსამდე (მაკე-კოში) ერთადერთი მარცხი აშორებს.
“იმპერატორის თასის” მოპოვების უმთავრეს კანდიდატად კვლავაც მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც მე-12 გამარჯვება (ჯამში, ზედიზედ 36-ე) ოძეკი კოტოშოგიკუსთან იზეიმა. ჰაკუჰოს უახლოეს მდევარ – აღმოსავლეთის სეკივაკე ტერუნოფუჯის აქტივში 10 მოგებაა.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე მარტის სუპერტურნირის მე-13 დღეს ერთმანეთის პირისპირ სწორედ ლიდერები დადგებიან.
მარტის სუპერტურნირის მე-12 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა 0:10-დან, ტოჩინოშინის – 9:10-დან