ფეხბურთი

10:56 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამსტერდამის “აიაქსი“ - 115 წელი საფეხბურთო კოჰორტაში

ამსტერდამის “აიაქსს“ მსოფლიო საკლუბო ფეხბურთში განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი არცთუ დიდი სახელმწიფოს წარმომადგენელია და ზურგს არც ძლიერი ფინანსური უზრუნველყოფა უმაგრებს, თუმცა, მან სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის განვითარების ისტორიაში განუზომლად დიდი როლი შეასრულა და მის მიერ მოპოვებულ აურაცხელ ტიტულებს თავი რომ დავანებოთ, “აიაქსი“ პლანეტის ყველაზე ავტორიტეტულ იმ ოთხ გუნდს შორისაა (მიუნხენის “ბაიერნთან“, ტურინის “იუვენტუსსა“ და “ბარსელონასთან“ ერთად), რომელთაც ევროპის სამივე საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა თასი (ლიგა), თასებისა და უეფას თასები აქვთ მოგებული.

ყველაფერი კი 1900 წლის 18 მარტს დაიწყო, როდესაც ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩა კალვერსაატზე მდებარე კაფე “ოოსტ ინდიაში“ ფეხბურთის სამმა ქომაგმა და ენთუზიასტმა სტემპელმა, დადემ და რიისერმა “პრინციპულად ახალი კლუბის“ შექმნა განიზრახეს და მას სახელად “აიაქსი“ შეურჩიეს. იმხანად ჰოლანდიაში საფეხბურთო გუნდები ისეთივე სიხშირით იბადებოდნენ, როგორც სოკოები წვიმის შემდეგ და ბევრი მათგანი არსებობას მალევე წყვეტდა, მაგრამ ჩვენს მიერ ნახსენები ტრიოს “პირმშო“ არამარტო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, არამედ, მოგვიანებით ფეხბურთში რევოლუციური გარდაქმნების ძვრების მოხდენა შეძლო. კლუბი პრაქტიკულად მომენტალურად გაწევრიანდა ამსტერდამის საფეხბურთო ასოციაციაში (AVB) და ქალაქის პირველობაშიც ჩაება.

პირველივე წლები “აიაქსისთვის“ ნაყოფიერი გამოდგა. გუნდი ორჯერ გახდა ამსტერდამის ვიცე-ჩემპიონი, თანაც, ყველაზე მეტი გოლი გაჰქონდა. 1901 წლის 8 აპრილს კი ისტორიულ მატჩში “აიაქსმა“ “ორანიე“ (ჰოლანდიის ნაკრები) დაამარცხა. ეს შეხვედრა ჰაარლემში ჩატარდა და მან ფეხბურთის მოყვარულთა მოჭარბებული ინტერესი გამოიწვია. მომდევნო წელს “აიაქსი“ ბენილუქსელთა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა და მესამე დივიზიონიდან დაიწყო აღმასვლა მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის მწვერვალებისკენ. პირველი პრიზი, რომელმაც ამსტერდამელთა უამრავ წარმატებას დაუდო სათავე “გუდენ კრუიზის“ თასზე გამარჯვებისთვის დაწესებული, სპეციალურად ჩამოსხმული ოქროს პატარა ზოდი გახლდათ.

არსებობის პირველ წლებში “აიაქსი“ ამსტერდამის ჩრდილოეთ უბანში მდებარე სტადიონზე თამაშობდა, მაგრამ ქალაქის მუნიციპალიტეტმა იმ ადგილას საცხოვრებელი უბნის მშენებლობა წამოიწყო და გუნდსაც სხვაგან გადაბარგება მოუხდა. 1907 წლის ზაფხულში “აიაქსმა“ მიდენვეგის უბანში გადაინაცვლა, სადაც ყოველმხრივ გამოუსადეგარ სარბიელზე “დაბანაკდა“. სტადიონს არც ტრიბუნები ჰქონდა, არც გასახდელი და არც წყალმომარაგება. გასახდელად ფეხბურთელები მოედნის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კაფეს იყენებდნენ ხოლმე. ამ გასართობ დაწესებულებაში ძირითადად “აიაქსის“ ქომაგები მუშაობდნენ და საყვარელი გუნდის მოთამაშეებს, რითაც შეეძლოთ, ხელს ყოველმხრივ უწყობდნენ. 1908 წელს გუნდი მეორედ დაეუფლა “გუდენ კრუიზის“ თასს, თუმცა, ზედიზედ სამი მცდელობის მიუხედავად, “აიაქსი“ ჰოლანდიის მეორე ლიგაში გადასვლას მაინც ვერა და ვერ ახერხებდა. 1908 წლის ივლისში გუნდი “ჰოლანდიასთან“ გაერთიანდა, მაგრამ სახელი და მაისურა ძველებური დარჩა. სამაგიეროდ “აიაქსში“ ძმები პელსერსები და ტონ კოოი ჩაირიცხნენ, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს გუნდის უმაღლეს დივიზიონში გადასასვლელად.

მთლიანობაში “აიაქსის“ ისტორია რამდენიმე “ოქროს ეპოქიდან“ შედგება. პირველი ასეთი ხანა გასული საუკუნის 1929-39 წლებზე მოდის. 10 სეზონის განმავლობაში გუნდმა ლიგის ჩემპიონატი შვიდჯერ, ხოლო ჰოლანდიის ეროვნული პირველობა ხუთჯერ მოიგო. მიუხედავად ბენილუქსურ ქვეყანაში იმხანად გამეფებული ეკონომიკური კრიზისისა, “აიაქსმა“ ახალი სტადიონის “დე მეერის“ აგება მაინც შეძლო და ამ არენის გახსნის დღეს, 1934 წლის 9 დეკემბერს პარიზულ “სტად ფრანსეს“ (სადღეისოდ ეს კლუბი აღარ არსებობს) 5:1 მოუგო. იმ პერიოდის “აიაქსის“ საუკეთესო მოთამაშე პიტ ვან რიინენი გახლდათ. ეს ფორვარდი გუნდის ღირსებას 1929-42 წლებში იცავდა და 235 მატჩში... 272 გოლის გატანა მოახერხა. რიინენს კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის, რომლის მოხსნასაც აგერ უკვე 80 წელზე მეტია ვერც ერთი აიაქსელი ახერხებს - 1932 წლის 3 აპრილს რიინენმა “ვეენდამს“ 7 გოლი გაუტანა. იმხანად “აიაქსის“ უმთავრესი ოპონენტები “გოუ ეჰედი“ და “ფეიენოორდი“ იყვნენ. ძალიან დრამატული გამოდგა 1930-31 წლების სეზონის ბოლო ტური. “აიაქსმა“ პსვ-ს 5:2 კი სძლია, მაგრამ პირველობის მოპოვების ფავორიტად მაინც როტერდამელები რჩებოდნენ, რადგან “ფეიენოორდს“ ჩემპიონობის გასანაღდებლად დასკვნით ასპარეზობაში ფრეც აძლევდა ხელს. ამსტერდამელთათვის საბედნიეროდ, “გოუ ეჰედმა“ “დე კუიპელები“ 3:2 დაამარცხა, რისი წყალობითაც, 1919 წლიდან მოყოლებული, “აიაქსმა“ პირველად მოახერხა ჰოლანდიის უძლიერესი გუნდის ტიტულის მოპოვება. 1931 წლის 11 იანვარს ამსტერდამელებმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარეს - მათ VUC-I 17:0 გააცამტვერეს. მაშინ “აიაქსის“ ღირსებას ისეთი დიდოსტატები იცავდნენ, როგორებიც ვიმ იონკერი, ჰენკ მულდერი, იან შუბერტი და გუნდის კაპიტანი ვიმ ანდერიესენი იყვნენ. ისინი კლუბის პირველი “ოქროს ეპოქის“ ჭეშმარიტი შემოქმედები იყვნენ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ანდერიესენი “აიაქსის“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომლის სახელიც ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩას დაერქვა. ეს 1955 წელს მოხდა და მას შემდეგ მოყოლებული გუნდის ლეგენდარული კაპიტნის სახელს ქალაქის გარეუბან გუეზენველდის მთავარი მაგისტრალი ატარებს.

1954 წლიდან ჰოლანდიურ ფეხბურთში ახალი ეპოქა დაიწყო. ფეხბურთელებმა პროფესიული სტატუსი მიიღეს, რამაც მათ უცხოურ კლუბებში გადასვლისა და მაღალი ხელფასის გამომუშავების საშუალება მისცა. მეოცე საუკუნის 50-იანი წლები და 60-იანების დასაწყისი “აიაქსისთვის“ დიდად გამოსარჩევი პერიოდი არ ყოფილა. 1961-65 წლებში გუნდს ინგლისელი სპეციალისტი ვიკ ბუკინგემი ედგა, რომლის წინამძღოლობითაც ამტერდამელებმა რამდენიმე შთამბეჭდავი თამაში კი ჩაატარეს, მაგრამ ჰოლანდიის ჩემპიონატში გამარჯვების მოპოვებას ვერა და ვერ ახერხებდნენ.

1965 წლის ივნისიდან კი “აიაქსის“ სათავეში მისი ყოფილი წევრი და იმხანად სკოლის ფიზიკური კულტურის პედაგოგი მარინუს ჰენდრიკუს მიხელსი მივიდა. სულ მალე მთელმა საფეხბურთო სამყარომ იგი რინუს მიხელსის სახელით გაიცნო. “სფინქსის“ მეტსახელით ცნობილმა სპეციალისტმა გუნდის მოთამაშეების პროფესიული ჩვევები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა და რაც მთავარია, მან “ახალ ფეხბურთს“, “ტოტალურს“ მისცა დასაბამი. მიხელსის ტაქტიკა გამორჩეულად შემტევი და აგრესიული იყო. “აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნისთანავე მიხელსმა გუნდში დააბრუნა ჰენკ გროოტი და კო პრინსი (პირველი “ფეიენოორდიდან“, მეორე - “კაიზერსლაუტერნიდან“), ხოლო პსვ-დან გერტ ბალსი აიყვანა. ყველაზე მნიშვნელოვან როლს კი იოჰან კრუიფი და პიტ კაიზერი ასრულებდნენ. მიუხედავად იმისა, ამ ტანდემის უპირველესი მოვალეობა შეტევათა კონსტრუირება რომ გახლდათ, კრუიფ-კაიზერის დუეტის ანგარიშზე 122 გოლია. ამსტერდამელებმა ჰოლანდიურ ასპარეზზე როტერდამის “ფეიენოორდის“ ჰეგემონია დაამხეს და 1971 წლამდე “აიაქსმა“ ოთხჯერ მოიპოვა საკუთარი ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, ეროვნულ თასს კი სამჯერ დაეპატრონა.

საერთაშორისო სარბიელს რაც შეეხება, კლუბმა მაღალი რეპუტაცია ნაბიჯ-ნაბიჯ მოიპოვა. სტაჟიან გულშემატკივრებს დღემდე მშვენივრად ახსოვთ “ლივერპელთან“ ორრაუნდიანი დაპირისპირება (1965 წლის შემოდგომა). მოწინააღმდეგესთან შედარებით მერსისაიდელებს ევროთასებზე ასპარეზობის გაცილებით უფრო დიდი გამოცდილება ჰქონდათ დაგროვილი, მაგრამ ამსტერდამის “ოლიმპიურ სტადიონზე“ მიხელსის გუნდმა “ენფილდელებს“ ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა. ჰენკ გროოტმა სამჯერ, კიის დე ვოლფმა (მან ტრავმირებული პიტ რაიზერი შეცვალა) ორჯერ აიღეს “ლივერპულის“ კარი და 5:1 მოგების შემდეგ განმეორებითი პაექრობა წმინდა წყლის ფორმალობად აქციეს. “ენფილდზე“ კი იოჰან კრუიფის “ჯერი დადგა“. მის მიერ გატანილი ორივე გოლი საფეხბურთო ქრესტომატიებშია შესატანი. ამ წარმატების შემდეგ “აიაქსი“ ჩემპიონთა თასის ფავორიტთა შორის ჩარიცხეს, მაგრამ გუნდის საბოლოო შედეგს უარყოფითი დაღი ასეთ დონეზე გამოსვლის პრაქტიკამ დაასვა. მრისხანე “ლივერპულის“ გაბითურების შემდეგ მიხელსმა და კომპანიამ პრაღის “დუკლასთან“ ორრაუნდიან პაექრობაში წააგო (1:1, 1:2) და საპატიო პრიზისთვის მებრძოლთა რიგებს ჩამოშორდა.

1969 წლის გაზაფხულზე “აიაქსმა“ ჩემპიონთა თასის ფინალამდე გააღწია. “მილანთან“ გადამწყვეტი შეხვედრა მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარდა და მიუხედავად იმისა, თამაში “როსონერის“ უპირატესობით რომ წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა (4:1), ევროპაში სერიოზულად ალაპაკდნენ იმაზე, რომ კონტინენტზე ამსტერდამული კლუბის სახით ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გამოჩნდა.

მომდევნო წელი რინუს მიხელსმა და მისმა შეგირდებმა საერთაშორისო არენაზე “ჩააგდეს“, აი, 1971-დან მოყოლებული კი გუნდმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, თანაც სამივე ფინალურ მატჩში (ათენის “პანათინაიკოსთან“, მილანის “ინტერსა“ და ტურინის “იუვენტუსთან“) “აიაქსმა“ საკუთარი კარის შენახვა “მშრალად“ შეძლო. ევროპულ ტრიუმფს პლანეტის უძლიერესი კლუბის წოდების დაუფლებაც მოჰყვა. “აიაქსმა“ ეს სამხრეთ ამერიკელთა საუკეთესო გუნდის არგენტინული “ინდეპენდიენტეს“ დაჩაგვრის შედეგად მოახერხა. მომდევნო, 1974 წელს კი ძალიან გადატვირთული სათამაშო გრაფიკის გამო (ლამის მთელი “აიაქსი“ გერმანიის მუნდიალზე ასპარეზობდა, სადაც რინუს მიხელსის “შეუდარებელმა ნარინჯისფერებმა“ ფინალი ჰელმუტ შიონის უზადო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ შეთამაშებულ ანსამბლთან დათმეს) ამსტერდამელებმა საკონტინენტთაშორისო თამაშზე უარი განაცხადეს.

1972 წლიდან “აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში რუმინელი შტეფან კოვაჩი გვევლინება. ბალკანელმა მიხელსის წამოწყებული საქმე სათანადოდ გააგრძელა და საშინაო ასპარეზზე “აიაქსის“ მიერ მორიგი ტიტულის დაუფლება ლამის ფორმალურ ამბად აქცია. გუნდი ტრადიციულად შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა, “აიაქსის“ დაცვითი რიგებიც შეუვალი იყო. ამის დამადასტურებელ მაგალითად ერთი ფაქტის მოყვანაც კმარა. 1971 წელს გუნდის მეკარე ჰეინც სტუის კარში ბურთის გატანას მეტოქეთა ფორვარდები 1082 წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, ამტერდამელთა გრიგალისებურ იერიშებს კი ცოტა ვინმე თუ უძლებდა. 1972 და 1973 წლების მაისში, ჰოლანდიელთა მორიგი საფეხბურთო პირველობების დასრულების შემდეგ “აიაქსის“ მიღებულ-გაშვებულ ბურთთა დადებითი ბალანსი 100-ზე მეტი იყო.

1973 წელს თანაგუნდელებზე განაწყენებულმა კრუიფმა (იგი კაპიტნად არ აირჩიეს და ეს პატივი წილად პიტ კაიზერს არგუნეს) “აიაქსი“ დატოვა და კატალონურ “ბარსელონაში“ გადაბარგდა. “ნოუ კამპელებმა “მფრინავ ჰოლანდიელში“ 6 მილიონი გულდენი გადაიხადეს, ეს კი იმ დროისთვის სარეკორდო სატრანსფერო თანხა იყო. “ბარსაში“ იოჰანს მიხელსი დახვდა და ჰოლანდიურმა ტანდემმა (1974-დან თანამემამულეებს კიდევ ერთი “დიდი იოჰანი“, ასევე აიაქსელი ნეესკენსი შეუერთდა) თოთხმეტწლიანი პაუზის შემდეგ კატალონიელთა საამაყო გუნდს ესპანეთის ჩემპიონობა გაუნაღდა.

მეოცე საუკუნეში ფეხბურთის გულშემატკივრებს არა ერთი დიდი გუნდის ხილვის ბედნიერება მოგვეცა, თუმცა, ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეხსიერებას ყველაზე მეტად მთლიანობაში ამსტერდამის “აიაქსისა“ და მისი ცალკეული ფეხბურთელების არი ჰაანის, პიტ კაიზერის, ვიმ სურბიერის, იოჰან ნეესკენსის, ბარი ჰულსჰოფის, არნოლდ და გერი მიურენების, ჯონი რეპის, რუუდ კროლის, იოჰან კრუიფის, ველიბორ ვასოვიჩის მაღალტექნიკური, ინტელიგენტური, შემტევი და შედეგიანი თამაში შემორჩა.

გარკვეულ წარმატებებს “აიაქსმა“ კრუიფის დამრიგებლობითაც მიაღწია. 1987 წელს ამსტერდამელებმა თასების თასის ფინალში ლაიფციგის “ლოკომოტივს“ მსოფლიო ფეხბურთის მაშინდელი ამომავალი ვარსკვლავის მარკო ვან ბასტენის ერთადერთი გოლის წყალობით მოუგეს.

ახალი “ოქროს ხანა“ კი “აიაქსისთვის“ 1991 წლიდან დადგა, როდესაც სახელოვანი გუნდის მართვის სადავეები შედარებით უცნობ სპეციალისტს ლუის ვან გაალს ჩააბარეს. იგი კლუბში ჭაბუკ ფეხბურთელთა დამრიგებლად მუშაობდა და ახალგაზრდა მოთამაშეების აღმოჩენისა და დაწინაურების არაჩვეულებრივი უნარითაც გამოიჩინა თავი. სწორედ ვან გაალმა აუნთო პირველად “მწვანე შუქი“ ედგარ დავიდსს (მისი დებიუტი 1991 წლის 8 სექტემბერს შედგა), კლარენს ზეედორფს (1992-ის 28 ოქტომბერი) და პატრიკ კლუივერტს (1993-ის 21 აგვისტო). ამსტერდამული კლუბიდან კადრების გადინების პროცესი ვან გაალის მუშაობის პროცესშიც გრძელდებოდა. დენის ბერგკამპმა და ვიმ იონკმა მილანის “ინტერს“ მიაშურეს, ბრაიან როიმ “ფოჯას“, იონ ვან სხიპმა “ჯენოას“, იან ვოუტერსმა მიუნხენის “ბაიერნს“, მიხაელ კრიიკმა “პადოვას“, ტარიკ ოულიდამ “სევილიას“, თუმცა ვან გაალს გამოკლებული ვარსკვლავების სათანადოდ შეცვლა არ უჭირდა. ასე მაგალითად, მან ყველასთვის უცნობ ფინელ იარი ლიტმანენში ბერგკამპის ღირსეული შემცვლელი ამოიცნო. სკანდინავმაც ვან გაალს იმედი არ გაუცრუა და 1993-94 სეზონში 26 გოლით ჰოლანდიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჩამოთვლილთა გარდა, ვან გაალმა კიპერი ვან დერ სარი, ტყუპი ძმები რონალდ და ფრანკ დე ბურები დააწინაურა, რომლებიც “აიაქსის“ საკვანძო ფიგურებად იქცნენ. ვან გაალმა გუნდს ჯერ უეფას თასი მოაგებინა (ორრაუნდიან ფინალში ამსტერდამელებმა “ტორინო“ დაამარცხეს), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმპის დროც დადგა. 1995 წლის 24 მაისს ვენის ერნსტ ჰაპელის სახელობის სტადიონზე “აიაქსმა“, პატრიკ კლუივერტის ერთადერთი გოლით, “მილანს“ მოუგო და საკუთარ ქომაგებს კიდევ ერთხელ განაცდევინა უდიდესი სიხარული. მთლიანობაში კი კლუბის უმდიდრეს ისტორიაში ვან გაალი ყველაზე ხვავიანი მწვრთნელი აღმოჩნდა. მისი მეთაურობით “აიაქსმა“ 1991-96 წლებში ეროვნული ჩემპიონატი (1994, 1995, 1996), ჩემპიონთა ლიგა (1995), უეფა თასი (1992), ჰოლანდიის თასი (1993), ევროპის სუპერთასი (1996), ჰოლანდიის სუპერთასი (1993, 1994, 1996) მოიგო.

ქართველ ქომაგთათვის ამსტერდამის “აიაქსი“ იმითაცაა ახლობელი, რომ ამ გუნდში 1997-2001 წლებში ჩვენი დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე შოთა არველაძე თამაშობდა. არველაძესა და მის პარტნიორებს საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა შოთასთვის “ამსტერდამ არენაზე“ გატარებული წლები მეტად ნაყოფიერი გამოდგა. მან ჰოლანდიის ჩემპიონობაც მოიპოვა და თასიც (ორჯერ), ამასთან ერთი კლუბის შემადგენლობაში გატანილ გოლებს თუ მივიღებთ მხედველობაში, შოთა არველაძეს მოწინააღმდეგეთა გოლკიპერებს ყველაზე ხშირად “აიაქსის“ თეთრ-წითელი მაისურათი ასპარეზობისას ამწარებდა (55 ბურთი 96 შეხვედრაში). 1988-2000 წლებში “აიაქსში“ გიორგი ქინქლაძეც ირიცხებოდა, თუმცა, ამ უნიჭიერესმა ფეხბურთელმა “ამსტერდამ არენაზე“ თავისი შესაძლებლობები ვერ წარმოაჩინა...

2010 წელს “აიაქსს” სათავეში ფრანკ დე ბური ჩაუდგა. მას შემდეგ მოყოლებული ამსტერდამ არენელები ჰოლანდიაში საჩემპიონო ტიტულს არ თმობენ. ამასთან, უკანასკნელ ხანს “აიაქსი“ საერთაშორისო არენზე ისე ვერ ბრწყინავს, როგორც მის დიდებულ ტრადიციას შეეფერება, მაგრამ გუნდი, რომელმაც საფეხბურთო ისტორიის დინება შეცვალა, ახალი სტილი დანერგა და კონტინენტის წამყვან კოლექტივებს მრავალმხრივი ტალანტის მქონე მოთამაშეები აღუზარდა, პლანეტის საკლუბო-საფეხბურთო ოლიმპზე აუცილებლად დაბრუნდება.

115 წლის წინათ, 1900 წლის 18 მარტს ამსტერდამის “აიაქსი” დაარსდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161741