რუსეთთან 33:0 მოგებული თამაშის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის და ჟურნალისტების დიდ ნაწილს რაგბი ერთი წლით დაავიწყდა... სხვას ვერაფერს ვიტყვი, რადგან მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის (ყოფილი ერთა თასი) ფინალური მატჩის წინ, უმთავრეს მეტოქე რუმინეთთან, ღია ვარჯიშის დასასრულს არცერთი ვიდეო-კამერა არ იყო და გულშემატკივარსაც კაცი სანთლით ვერ იპოვიდა...
2-3 კაცი და რაგბის კავშირი რომ გავჩუმდეთ, ნეტავ რამდენი გაიგებს 21 მარტს ფაქტობრივი ფინალი რომაა? რუსთა ძლევა კარგია, მაგრამ რუმინეთი “დათვებზე” ძლიერია და თუ უკაცრავად მომენტია - “ინტრიგანი” არ ხარ, დღეს რაგბი უფრო უნდა გაინტერესებდეს, ვიდრე 12, 13 და 14 მარტს. მაგრამ ეს საქართველოა და აქ რაგბიც მხოლოდ იმიტომ უყვართ, რომ რუსეთს ვჯობივართ. იმედია,მალე დადგება დრო, როდესაც რუსეთთან ყოველწლიური, სავალდებული თამაში აღარ დაგვჭირდება (იმედია 6 ერის კარი გაიღება) და სპორტის ამ საამაყო სახეობას რუსეთის გამო რამდენიმე დღით მიკედლებულები ჩამოშორდებიან და ნაღდ ქომაგსაც საქმე უფრო გაუიოლდება.
კარგია სავსე ტრიბუნები, ამით ყველა კმაყოფილია, მაგრამ თუ ასე მარტო რუსეთთან უნდა იყოს... 21 მარტს ფინალია რუმინეთის ნაკრებთან! ესეც რუ-ზე იწყება და ეგებ აჟიოტაჟი შევქმნათ, 21 მარტს ყვითლებში გადაცმულ კარპატელ “რუსებს” ვეთამაშებით ბუქარესტში. პერვუხინს უთქვამს, ბოლოში ფსიქოლოგიურმა წნეხმა გაგვტეხაო, რუმინელებისთვის უთხოვია და ბუქარესტში რუმინეთის სახელით რუსეთის ნაკრები გვეთამაშება. აბა დავირაზმოთ და ყველამ ერთად ვუქომაგოთ ქართულ რაგბის, ფეხით ჩავიდეთ ბუქარესტში, იქ ჩვენ “ყვითლებში” გადაცმული რუსეთი გველოდება!
ღია ვარჯიშმა “შევარდენის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე მშვიდად ჩაიარა. ბუქარესტში გუნდს ვერ დაეხმარება “ლელო-სარასენსის” მგეზსავი ლაშა ხმალაძე, რომელმაც რუსებთან მატჩში ნეკნები დაიზიანა. დერეფანში თამაშის გამოსწორების მიზნით, სამწვრთნელო შტაბმა გუნდში უხმო ფედერალ 1-ის “ტულეში” მოთამაშე იური ნატრიაშვილს, რომელსაც ნაკრების კვართი ბოლოს ორი წლის წინ, სწორედ რუმინეთთან მოურგია, ისე კი, გამოცდილი “ბორჯღალოსანია”. ვარჯიშამდე საკუთარი აზრი გაგვიზიარეს დავით კაჭარავამ და გიორგი ნემსაძემ (და არა შალვა სუთიაშვილმა) და ისინი გადამწყვეტ მატჩს იმედიანად ხვდებიან.
დავით კაჭარავა: “შაბათს რუმინეთთან მატჩში ერთგვარი ფინალური მატჩი გვიწევს. დასკვნით ტურს თითქმის ერთნაირი ქულებით ვხვდებით და მოგებული ერთა თასის გამარჯვებული ხდება. რუმინეთთან თამაში ყოველთვის რთული იყო, ბოლო წლებში მათთან დადებითი ბალანსის შექმნა მოვახერხეთ და ვფიქრობ, ეს შეხვედრაც დაძაბული იქნება. ვიმედოვნებ, მომავალი დაპირისპირება ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. რუმინეთმა რუსეთთან წააგო და გერმანიას ძლივს მოუგო. ამ თამაშების გარჩევები ვნახეთ, მათ რამდენიმე მოთამაშე აკლდათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებთან ისინი განსხვავებულ თამაშს აჩვენებენ და როგორც ჩვენ, ასევე ისინი, ეცდებიან, რომ 21 მარტს მაქსიმუმი აჩვენონ”.
გიორგი ნემსაძე: “განვლილ მატჩებში გარკვეული ტექნიკური ხარვეზები იყო, მაგრამ აქ სწორედ იმიტომ ვართ, რომ ისინი გამოვასწოროთ. გუნდს იური ნატრიაშვილი დაემატა და ვმუშაობთ. იმედია, დერეფანში თამაშიც გამოსწორდება, რადგან რუმინეთი სხვებზე ძლიერი გუნდია და ამ კომპონენტში ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს. რუმინეთი კარგი გუნდია, მართალია მათ რუსეთთან წააგეს, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან განსაკუთრებული თამაშია მათთვისაც და ჩვენთვისაც. ორივე გუნდი განსაკუთრებულად ემზადება, დადებითი და უარყოფითი მომენტები ორივემ კარგად ვიცით და ვფიქრობ, აქ გადამწყვეტი ბრძოლისუნარიანობა იქნება. მეტოქე შევისწავლეთ და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება”.