ფეხბურთი

17:00 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო 2 ადგილი ბარსელონასა და დორტმუნდში შეივსება

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო 2 მეოთხედფინალისტი დღეს გაირკვევა. ბარსელონასა და დორტმუნდში გასამართ მატჩებში იმ გუნდების ვინაობას შევიტყობთ, რომლებიც პსჟ-ს, “ბაიერნს”, “რეალს”, “პორტუს”, “მონაკოსა” და “ატლეტიკოს” შეუერთდებიან.

ბარსელონა-სიტი (პირველი მატჩი 2:1)

პირველი მატჩის შედეგმა “სიტი” ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ჩემპიონთა ლიგაზე (1992 წლის შემდეგ), სულ 2-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც გუნდი მომდევნო ეტაპზე მას შემდეგ გავიდა, რაც მან ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში წააგო. თუმცა, ორივე შემთხვევაში პირველი თამაში 0:1 იყო დასრულებული. დღეს კი, “ქალაქელებს” მინიმუმ 2 ბურთის გატანა მართებთ და “ბარსელონას” შემტევი ტრიოს ფორმის გათვალისწინებით, არცთუ მცირე შანსია იმის, რომ საკმარისი არც ეს გამოდგეს.

3 კვირის წინათ გამართული შეხვედრის შემდეგ “სიტის” სასარგებლოდ ის შეიცვალა, რომ ქალაქელებს დისკვალიფიკაციამოხდილი იაია ტურე დაუბრუნდათ, ხოლო “ბარსელონას”, სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი, სერხიო ბუსკეტსი გამოაკლდა. ეს ცვლილებები, დიდი ალბათობით, მოედნის ცენტრში “ბარსელონას” დომინირებაზე გავლენას იქონიებს.

გარდა ამისა, “ქალაქელთა” გულშემატკივრებს შეუძლიათ იმის იმედი ჰქონდეთ, რომ “ბარსელონას”, კვირის ბოლოს, “რეალთან” ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის და კატალონიელები დღევანდელ მატჩზე სრულად კონცენტრირებას ვერ მოახერხებენ.

“ბარსელონას” ინგლისურ გუნდებთან სულ 63-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 27-ჯერ მოიგეს, 19-ჯერ ფრედ ითამაშეს და 17-ჯერ წააგეს. საკუთარ კედლებში ჩატარებული 28 შეხვედრიდან “ბარსამ” 16 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 2 დათმო. ამ 2 წაგებიდან ერთის ანგარიშის დღეს გამეორება მასპინძლებს აწყობთ, ხოლო მე-2 შეხვედრის ანგარიში ორრაუნდიან დაპირისპირებას დამატებით ტაიმებში გადაიყვანს.

“სიტის”, ესპანეთის წარმომადგენლებთან გამართულ 12 შეხვედრაში 3 მოგება, 3 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდა. მეტოქის მოედანზე ჩატარებული 6 მატჩიდან “ქალაქელებმა” თითო მოიგეს და ფრედ ითამაშეს, ხოლო 4 დათმეს. ესპანეთში მოგებული ერთადერთი თამაშის შედეგის განმეორების შემთხვევაში, “სიტი” 1/4-ფინალში გავა.

“ბარსელონა” დღევანდელ მატჩს კარგ ფორმაში ხვდება. მანჩესტერში მოგების შემდეგ კატალონიელებმა ლა ლიგის სამივე მატჩში იოლად იმარჯვეს და პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. გარდა ამისა, ლუის ენრიკეს გუნდმა ესპანეთის თასის ფინალშიც გააღწია.

“სიტის” საქმეები ცუდად მისდის. “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ, მანუელ პელეგრინის გუნდმა პრემიერლიგის 3 მატჩიდან 2 წააგო, ლიდერს 6 ქულით ჩამორჩა და მდევრებს სხვაობის შემცირების საშუალება მისცა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ბარსელონა” სერხიო ბუსკეტსის გარეშე ითამაშებს, რომელიც ტრავმირებულია. სტუმრები კი გაელ კლიშს ვერ დაიხმარენ, რომელმაც, ამ გუნდების წინა შეხვედრაში, წითელი ბარათი მიიღო.

  • “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტისთან” გამართული სამივე თამაში მოიგო;
  • “სიტიმ” ამ გუნდებს შორის გამართული სამივე წინა დაპირისპირება კაცნაკლულმა დაასრულა;
  • “ბარსელონამ”, ინგლისურ გუნდებთან გამართული ბოლო 7 ორრაუნდიანი დაპირსიპირებიდან 6 მოიგო;
  • “ბარსელონა”, ბოლო 7 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასვლას ყოველთვის ახერხებდა;
  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 8 საშინაო თამაშიდან 7 მოიგო, ხოლო უკანასკნელი 30 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 თამაში მოიგო, რაც საუკეთესო მოქმედი სერიაა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 93 თამაშში “ბარსელონას” ბურთის ფლობაში უპირატესობა ჰქონდა. ბოლო შემთხვევა, როდესაც კატალონიელები ბურთს მეტოქეზე მცირე დროის განმავლობაში ფლობდნენ, 2006 წლის დეკემბერში, “ვერდერთან” დაფიქსირდა;
  • “ბარსელონას”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი გასვლაზე, აქამდე, 35-ჯერ მოუგია. კატალონიელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა 33-ჯერ მოახერხეს;
  • “სიტის”, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ჩატარებული 13 თამაშიდან 5 მოუგია და ყველა იმ ანგარიშით, რომელიც დღეს “ქალაქელებს” ხელს აძლევს;
  • “სიტიმ”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე მესამედ წააგო. წინა 2 შემთხვევიდან “ქალაქელები” მომდევნო ეტაპზე ერთხელ გავიდნენ;
  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე, ესპანეთის ჩემპიონატსა და თასზე ჩატარებული ბოლო 17 თამაშიდან 16 მოიგო;
  • სერხიო აგუეროს, დეკემბერში მიღებულ ტრავმამდე ჩატარებულ 21 შეხვედრაში 19 გოლი ჰქონდა გატანილი. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა არგენტინელმა, 11 მატჩში მეტოქეთა კარი მხოლოდ 4-ჯერ აიღო;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, სტუმრად 2:1 მოგება “ბარსელონას” მომდევნო ეტაპზე გასვლის 96%-იან შანსს აძლევს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, ბარტრა, ალბა, მასკერანო, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, სუარესი, ნეიმარი.

სიტი (4-2-3-1): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი, ფერნანდუ, ტურე, მილნერი, სილვა, ნასრი, აგუერო.

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).

დორტმუნდი-იუვენტუსი (პირველი მატჩი 1:2)

3 კვირის წინათ ტურინში დაფიქსირებული შედეგი გულშემატკივრებს დღეს ძალზე დაძაბულ სანახაობას ჰპირდება. მასპინძელი გუნდის მიერ 2:1 მოგება ერთ-ერთია იმ ორ ანგარიშს შორის (3:2-თან ერთად), რომელიც, ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, მომდევნო ეტაპზე გასვლის უფრო მეტ შანსს წაგებულ გუნდს უტოვებს.

“დორტმუნდსა” და “იუვენტუსს” ერთმანეთთან სულ 8-ჯერ უთამაშიათ. იტალიელებმა 5-ჯერ მოიგეს, გერმანელებმა 2-ჯერ, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. დორტმუნდში გამართული სამივე დაპირისპირება კი ტურინული გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

“დორტმუნდის” იტალიურ გუნდებთან დაპირისპირების ისტორია 30 მატჩს ითვლის. გერმანელებმა 10-ჯერ მოიგეს, 4-ჯერ ფრედ ითამაშეს და 16-ჯერ წააგს. საკუთარ მოედანზე ჩატარებულ 13 მატჩში “დორტმუნდს” 5-5 მოგება და წაგება, ასევე 3 ფრე დაუგროვდა.

“იუვენტუსს” გერმანიის წარმომადგენლებთან 46-ჯერ უთამაშია. ტურინელებს 24 მოგება, 7 ფრე და 15 წაგება აქვთ. მეტოქის მოედანზე გამართული 20 დაპირისპირებიდან “ბებერმა ქალბატონმა” 7 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.

იურგენ კლოპის გუნდი დღევანდელ მატჩს გაფუჭებული ხასიათით ხვდება. დორტმუნდელებმა, ბუნდესლიგაში ზედიზედ 4 მოგების შემდეგ, ბოლო 2 მატჩში ქულები დაკარგეს.

“იუვენტუსმა” კი, სერია A-ს ბოო 2 თამაში მშრალად მოიგო და ჩემპიონობა თითქმის გაინაღდა. თუმცა, მანამდე, ალეგრის გუნდმა, იტალიის თასის საშინაო თამაშში, “ფიორენტინასთან” წააგო.

დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო მასპინძლებს გროსკროიტცი და პიშჩეკი, ხოლო სტუმრებს ასამოა, რომულო, კასერესი და პირლო არ ეყოლებათ.

  • მიმდინარე გათამაშების პირველ 4 თამაშში გამარჯვების შემდეგ, “დორტუნდმა” ზედიზედ 3 მოუგებელი შეხვედრა ჩაატარა;
  • “დორტმუნდი” და “იუვენტუსი” ერთმანეთს 8-ჯერ შეხვედრიან და გერმანულმა გუნდმა კარის მშრალად შენახვა ვერცერთხელ მოახერხა;
  • “დორტმუნდმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 19 საშინაო თამაშიდან გოლი 18-ში გაიტანა;
  • “იუვენტუსმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 7 გასვლითი შეხვედრიდან 5 წააგო;
  • “დორტმუნდმა”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 14 საშინაო თამაშიდან 11 მოიგო;
  • “დორტმუნდს”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი მეტოქის მოედანზე, აქამდე, 14-ჯერ წაუგია. გერმანელები მომდევნო ეტაპზე 8-ჯერ გავიდნენ;
  • “იუვენტუსმა”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი თამაში საკუთარ მოედანზე მეორმოცედ მოიგო. წინა 39 შემთხვევიდან ტურინელები მომდევნო ეტაპზე 31-ჯერ გავიდნენ;
  • “იუვენტუსს”, ყველა ტურნირზე, მეტოქის მოედანზე უკვე 11 თამაშია არ წაუგია. ტურინელებმა ამ 11 მატჩიდან 7 მოიგეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, გუნდებს შორის შანსები ყველაზე თანაბრად მაშინაა გადანაწილებული, როდესაც პირველ მატჩს მასპინძლები 2:1 მოიგებენ. თუ სტატისტიკას ვენდობით, “დორტმუნდის” მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი 52% არის.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, კირხი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ბენდერი, გიუნდოგანი, კამპლი, მხითარიანი, როისი, ობამეიანგი.

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, პერეირა, მარკიზიო, პოგბა, ვიდალი, მორატა, ტევესი.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.264771