იტალიის სერია A-ს XXVII ტური ძალზე საინტერესო მატჩებით დასრულდა. სკუდეტოზე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი “რომამ”, რომელსაც თავის მხრივ თანაქალაქელი “ლაციო” ერთ ნაბიჯზე დაუახლოვდა, ხოლო “ფიორენტინამ” და “სამპდორიამ” ევროსარბიელზე გასვლის ამბიციები კიდევ უფრო გაიმყარეს.
კრიზისულ პერიოდს თავი ვერაფრით დააღწია ერთ დროს ჩემპიონობაზე მეოცნებე “რომამ”. მეოცნებემ, იმიტომ რომ ახლა უკვე დედაქალაქური გუნდი ტურინის “იუვენტუსს” მთელი 14 ქულით ჩამორჩება და დარჩენილ 11 ტურში ამ რაოდენობის ქულების აღმოფხვრა რბილად, რომ ვთქვათ, რეალობის სფეროს სცდება. ფრეების სინდრომის შემდეგ, რუდი გარსიას გუნდმა წააგო, თანაც საკუთარ მოედანზე. გენუის “სამპდორია”, რომ წლეულს ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალაა არახალია და “სტადიო ოლიმპიკოზე” ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მეორე ტაიმში “სამპამ” ორი უპასუხო გოლი გაიტანა მორგან დე სანკტისის კარში. ჯერ, ლორენცო დე სილვესტრიმ, შემდგომ კი ლუის მურიელმა “მგლებს” სკუდეტოზე ოცნება დაასრულებინეს. ახლა, “რომას” ჩემპიონობაზე მეტად, მეორე ადგილის შენარჩუნებაზე მოუწევს ზრუნვა. თავად განსაჯეთ, მეორე და მეექვსე ადგილებს შორის ქულათა განსხვავება მხოლოდ ხუთს შეადგენს.
შესანიშნავ გამოსვლას აგრძელებს რომის “ლაციო”, რომელიც მესამე ადგილს უკვე ერთპიროვნულად დაეპატრონა. რომაელების მხრიდან მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა ბრაზილიელმა ფელიპე ანდერსონმა. სამხრეთამერიკელი შემტევი თუ ასე გააგრძელებს, ალბათ, შორს არ იქნება ის დრო, როცა ევროპული გრანდებისგან სარფიანი წინადადებების რიგი დაუდგება. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, “ტორინოს” რბევას სწორედ 21 წლის ფეხბურთელმა დაიწყო და მანვე დაასრულა. პირველ ჯერზე, მან რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და დანიელე პადელის შანსი არ დაუტოვა. ცოტა ხანში კი უკვე მიროსლავ კლოზეს კარგი გადაცემა დააგვირგვინა. ანდერსონს მიმდინარე სეზონში 8 გატანილი გოლი დაუგროვდა. “ლაციომ” კი ტურინული გუნდი საბოლოოდ, 2:0 დაამარცხა და თანაქალაქელ “რომას”, რომელიც მეორე პოზიციას იკავებს ერთი ქულითღა ჩამორჩება.
დრამატული შეხვედრა გაიმართა ფლორენციაში, სადაც “ფიორენტინამ” “მილანს” ლამის წაგებული თამაში შემოუტრიალა და “ნაპოლის” ერთ ქულაზე დაუახლოვდა. პირველმა 45 წუთმა აქაც გოლების გარეშე ჩაიარა. ანგარიში კი 56-ე წუთზე მატია დესტრომ მას შემდეგ გახსნა, რაც ჯაკომო ბონავენტურას დარტყმულს ფეხი დაუხვედრა და ბურთს მიმართულება საგოლედ შეუცვალა. ვინჩენცო მონტელას გუნდი გათანაბრებას კარგა ხანს ვერ ახერხებდა. თუმცა, მატჩის ბოლო 10 წუთი ვეტერანი ესპანელის, ხოაკინ სანჩესის გამოდგა. “ბეტისისა” და “ვალენსიას” ექს ნახევარმცველმა ჯერ, გონსალო როდრიგესს საგოლედ ჩაუწოდა, ხოლო თამაშის ბოლოსწინა წუთზე უკვე თავად გაიტანა თავური დარტყმით, მანუელ პასკუალის კარგი ჩაწოდების შედეგად. საბოლოოდ, “ფიორენტინამ” ლომბარიდულ გრანდს 2:1 აჯობა. ფილიპო ინძაგის გუნდი კი უკვე შეიძლება ითქვას ამბიციების გარეშეა დარჩენილი.
“ტორინო” – “ლაციო” 0:2 (0:0)
ტურინი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 16.000
“ტორინო” (3-5-2): პადელი, მაკსიმოვიჩი, ბოვო, იანსონი; ბრუნო პერესი, ბაშა (ფარნერუდი 79), ბენასი, ელ კადური, გასტონ სილვა (დარმიანი 62); მარტინესი (მაქსი ლოპესი 62), ამაური
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; კატალდი (ონაზი 57), ბილია, პაროლო; მაური (კეიტა 57), კლოზე, ანდერსონი (ედერსონი 80)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლები: 0:1 ანდერსონი (71), 0:2 ანდერსონი (78)
გაფრთხილება: მაკსიმოვიჩი (27), ამაური (39), ელ კადური (51) – რადუ (49), ბასტა (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 15 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:7 გაფრთხილება: 3:2
მსაჯი: დანიელე ორსატო
“ფიორენტინა” – “მილანი” 2:1 (0:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
მაყურებელი: 31.000
“ფიორენტინა” (4-3-2-1): ნეტო; რიჩარდსი (ხოაკინი 46), როდრიგესი, ბასანტა, პასკუალი; კურტიჩი, აკვილანი (ბადეი 46), ბორხა ვალერო; როზი (ბაბაკარი 80), ილიჩიჩი; ჯილარდინო
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; აბატე (ბონერა 87), მექსე, პალეტა, ანტონელი; ესიენი (პაცინი 90), ვან გინკელი, ბონავენტურა; ჰონდა (ჩერჩი 80); მენეზი, დესტრო
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
გოლები: 0:1 დესტრო (56), 1:1 როდრიგესი (83), 2:1 ხოაკინი (89)
გაფრთხილება: პასკუალი (52), როდრიგესი (60), ილიჩიჩი (73) - მენეზი (22), ვან გინკელი (29), მექსე (34), დიეგო ლოპესი (76)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (9) – 5 (3) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 8:8 გაფრთხილება: 3:4
მსაჯი: კარმინე რუსო
“რომა” – “სამპდორია” 0:2 (0:0)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 41.000
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი (ლიაიჩი 72), იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი; პიანიჩი, კეიტა, ფლორენცი; იტურბე (დუმბია 68), ტოტი (ვერდე 63), ჟერვინიო
მწვრთნელი: რუდი გარსია
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი (დანკანი 64), პალომბო, სორიანო; ედერი (ვსჟოლეკი 90), ოკაკა (მურიელი 74), ეტო’ო
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლი: 0:1 დე სილვესტრი (60), 0:2 მურიელი (78)
გაფრთხილება: ასტორი (56), კეიტა (82, 82), პიანიჩი (86) - ობიანგი (24), სილვესტრე (39), პალომბო (51)
გაძევება: კეიტა (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 8 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 12:3 გაფრთხილება: 4:3 გაძევება: 1:0
მსაჯი: განპაოლო კალვარეზე
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 15 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 13, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 13, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 13, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12.