ინგლისის პრემიერლიგის “სანდერლენდის” მესვეურებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ურუგვაელი გუსტავო პოიეტი დაითხოვეს. ბოლო ტურში “შავმა კატებმა” ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” 0:4 წააგეს და ჩრდილოელებმაც სამხრეთ ამერიკელთან განშორება განიზრახეს.
პოიეტი სანდერლენდში 2013 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა. 18 თვის წინათ “გუსმა” ლაითელების დამრიგებლის პოსტზე აპენინელი პაოლო დი კანიო შეცვალა. წინა ჩემპიონატში პოიეტმა “სანდერლენდი” 14-ე ადგილზე გაიყვანა, ამჟამად კი გუნდი 17-ე ადგილზეა და პრემიერლიგიდან დასაქვეითებელ ადგილს ქულაღა აშორებს.
მომდევნო მატჩს “სანდერლენდი” 21 მარტს აღმოსავლეთლონდონის “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ შეხვედრაში “შავ კატებს” პოიეტის ყოფილი ასისტენტი მაურისიო ტარიკო გაუძღვება.