გლაზგოს “სელტიკი” შოტლანდიის ლიგის თასის 2015 წლის გათამაშების გამარჯვებული გახდა. გლაზგოელებმა “დანდი იუნაიტედი” “ჰემპდენ პარკზე” კომონსისა და ფორესტის გოლების წყალობით 2:0 დაამარცხეს. “კელტებმა” აღნიშნული თასი რიგით მე-15-ჯერ მოიგეს.
შოტლანდიის ეროვნული ნაკრების და “სელტიკის” კაპიტანმა სკოტ ბრაუნმა აღნიშნულ შეხვედრაში 90 წუთით ითამაშა. ნახევარმცველმა 13 მარტს ედინბურგის ერთ-ერთ ღამის კლუბში ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლური სასმელი მიიღო და პაპარაცებმა ქუჩაში პიცის ჭამის დროს მიწაზე დამჯდარი გამოიჭირეს.
“სელტიკის” თავკაცმა რონი დეილამ კაპიტნის შესახებ შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: “ბრაუნი სეზონის განმავლობაში ბევრ მატჩში ასპარეზობს და მას მეგობრებთან ერთად დასვენება უნდოდა. პრესაში გავრცელებული მისი ფოტოები ახალგაზრდებისთვის მისაბაძი ნამდვილად არაა. არ იყო საჭირო ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა. მან გასულ შეხვედრაში მშვენივრად იასპარეზა.”
სკოტ ბრაუნმა ინციდენტიდან ორ დღეში ლიგის თასის ფინალი ითამაშა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.