სხვა

18:15 | 15.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა იოკოძუნა დაამარცხა!

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. კარიერაში პირველად მან იოკოძუნას ტიტულის მქონე მეტოქე, კონკრეტულად კი ჰარუმაფუჯი დაამარცხა და კინბოში ანუ ოქროს ვარსკვლავი დაიმსახურა.

რიგით 70-ე იოკოძუნამ სტარტზე მარცხნისკენ გადაინაცვლა, თუმცა, ქართველის მავაშის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. ამასთან, მზიურმა ცხენმა თავი დაბლა დახარა და ტოჩინოშინმაც მონღოლი სეკიტორი დოჰიოზე ჰატაკიმომით გააგორა.

ეს, ჰარუ ბაშოს ნაკაბის (შუალედური დღე) დასკვნითი შერკინება იყო და ქართველმა სუმოისტმა 3 მარცხის წილ მე-5 გამარჯვება იზეიმა. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ოსაკას სუპერტურნირზე დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდებით ირჯება და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) შემთხვევაში სანიაკუს (პირობითი კატეგორია, რომელშიც 4 უმაღლესი წოდების – იოკოძუნა, ოძეკი, სეკივაკე, კომუსუბი – მქონე სუმოისტები არიან გაერთიანებულნი) მიუახლოვდება.

ჰარუ ბაშოს მე-9 დღის შეხვედრები 16 მარტს ჩატარდება, გორგაძის შემდეგი მოწინააღმდეგე კი დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოკუშორიუ იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 1:0-ს უგებს.

ჩინებული სერია აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელმაც სტარტზე განცდილი 2 მარცხის კვალად, ზედიზედ 6 გამარჯვება იზეიმა. ქართველმა გოლიათმა, რომელიც ოსაკაში დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ირჯება, ამჯერად აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა სადანოფუჯის იორიკირით სძლია.

გაგამარუ მომდევნო ორთაბრძოლას აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა კიოკუშუჰოსთან ჩაატარებს, რომელთანაც გასულ ხუთ შერკინებაში 3-ჯერ დამარცხებულა.

8 დღის თავზე ჰარუ ბაშოს ერთპიროვნული ლიდერო იოკოძუნა ჰაკუჰოა, რომელსაც მარცხის სიმწარე ჯერაც არ შეუგრძვნია. პირველად წააგეს და ფავორიტს ჩამორჩნენ სეკივაკე ტერუნოფუჯი და აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ამინიშიკი.

მარტის ბაშოს მე-8 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 0:07-დან, ტოჩინოშინის - 11:21-დან

0.118858