ფეხბურთი

15:56 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრანდები ჩემპიონთა ლიგის წინ

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს ორი იწვევს: მადრიდის "ატლეტიკო" ბარსელონაში ჩადის "ესპანიოლთან" სათამაშოდ, ხოლო "ბარსელონა" ბასკეთში დაუპირისპირდება "ეიბარს".

19:00 ესპანიოლი - ატლეტიკო

"ესპანიოლს" ლა ლიგაში აღარანაირი მოტივაცია გააჩნია. კლუბი ცხრილის შუაშია გაჩხერილი, ვერც ევროსაგზურებისთვის იბრძვის და არც გავარდნა ემუქრება. "თუთიყუშები" ესპანეთის თასზე გამოდიოდნენ კარგად, თუმცა 1/2 ფინალში "ბილბაოსთან" წააგეს და გადამწყვეტი შეხვედრის მიღმა აღმოჩნდნენ. კატალონიურ კლუბს დიდი ხანია ფრედ არ უთამაშია - ბოლო 10 მატჩში 4-ჯერ იმარჯვეს და 6-ჯერ წააგეს. სერხიო გონსალესი არავის მოისაკლისებს.

განსხვავებული მდგომარეობა აქვს მადრიდის "ატლეტიკო", რომელიც ორ ფრონტზე ცდილობს წარმატების მიღწევას. მადრიდელებს სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ელით და შესაძლოა, რომ დიეგო სიმეონემ ძირითადის რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცეს. კლუბს გერმანიაში უხერხული ანგარიშით (0:1) აქვს წაგებული და "ვისენტე კალდერონზე" ძალიან რთული შეხვედრა ელოდება. თუმცა, "როხიბლანკოს" ბოლო პერიოდში ლა ლიგაში სიტუაცია აერია, დუეტს ჩამორჩა და გუშინ "დეპორტივოსთან" გამარჯვების შემდეგ "ვალენსიამაც" გადაუსწრო. იმ შემთხვევაში, თუ "ატლეტიკო" დღესაც წაიბორძიკებს მესამე ადგილზე "ღამურები" დარჩებიან. დიეგო სიმეონე ტრავმის გამო საულ ნიგუეზს მოისაკლისებს, ხოლო მარიო მანძუკიჩი და გილერმე სიკეირა დისკვალიფიცირებულნი არიან.

პირველ წრეში "ატლეტიკომ" მარიო სუარესისა და ტიაგოს გოლებით მოუგო "ესპანიოლს".

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანიოლი (4-4-2):
კასილია, ჰ.მორენო, ა.გონსალესი, არბილია, დუარტე, კანიასი, ვ.სანჩესი, სევილია, ვაზკესი, ს.გარსია, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

ატლეტიკო (4-4-2): მოია, გოდინი, მირანდა, გამესი, ხუანფრანი, გაბი, ტიაგო, კოკე, რ.გარსია, გრიზმანი, ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

21:00 ეიბარი - ბარსელონა

შესანიშნავი პირველი წრის შემდეგ "ეიბარს" სერიოზული ჩავარდნა დაეწყო და ლა ლიგაში ზედიზედ შვიდი შეხვედრა აქვს წაგებული. კლუბის საშინელი თამაში სატურნირო ცხრილშიც აისახა და გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებს. ბასკებს მეორე წრეში ქულა არ აუღიათ და ამის გაკეთება დღესაც ძალიან გაუჭირდებათ, რადგან მათი მეტოქე "ბარსელონა" იქნება, რომელიც გასულ ტურში ერთპიროვნულად გალიდერდა. გაისკა გარიტანოს ტრავმების გამო ანხელი და აბრაჰამი არ ეყოლებათ, ხოლო დანი გარსია დისკვალიფიცირებულია.

"ატლეტიკოს" მსგავსად, ჩემპიონთა ლიგაზე აქვს სათამაშო "ბარსელონას", თუმცა მადრიდელთაგან განსხვავებით, "ბლაუგრანამ" "მანჩესტერ სიტის" გასვლაზე სძლია. კატალონიელები წინა ტურში გალიდერდნენ და დღეს აუცილებლად მოგება მართებთ, რათა დამდეგ "ელ კლასიკოს" პირველ პოზიციაზე შეხვდნენ. ამის გაკეთება იოლი არ იქნება, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ეიბარს" მეორე წრეში ყველა მატჩი წაგებული აქვს და დღეს განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშებენ. "ბარსელონას" ტომას ვერმაელენი და სერხიო ბუსკეტსი ჰყავს დაშავებული, ხოლო დანიელ ალვეში და ხორდი ალბა დისკვალიფიცირებულნი არიან.

პირველ წრეში, უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ "ბარსელონამ" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა "ეიბარს".

სავარაუდო შემადგენლობები

ეიბარი (4-2-3-1):
ხაიმე, ეკიზა, რ.ნავასი, ბოვედა, ლილო, ერასტი, ლარა, კაპა, დელ მორალი, ბერხონი, ლეკიჩი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ბარტრა, პიკე, ადრიანო, მონტოია, რაფინია, მასკერანო, ხავი, ნეიმარი, სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

შენიშვნა: შემადგენლობები მოცემულია Marca-ს მიხედვით

ტურის სხვა მატჩების ანონსი იხილეთ ამ ბმულზე


თეგებილა ლიგა
0.159083