ფეხბურთი

11:31 | 14.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალჩოს ინტრიგები

იტალიის სერია A-ს XXVII ტური სამ დღეზე იქნება გაწერილი. ტური დღეს დაიწყება და ორშაბათს დასრულდება. გამორჩეულად ცენტრალური დაპირისპირება არ შედგება, მაგრამ რამდენიმე შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ლიდერი “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალამდე “პალერმოსთან” მოსინჯავს ძალებს. საინტერესო მატჩებია დაგეგმილი ფლორენციასა და ტურინში, სადაც შესაბამისად “ფიორენტინა” – “მილანს”, ხოლო “ტორინო” – “ლაციოს” უმასპინძლებს.

“პალერმო” – “იუვენტუსი”

თარიღი: 14 მარტი, 21:00 საათი

ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”

XXVII ტური კუნძულ სიცილიაზე დაიწყება. საინტერესო ფეხბურთის მიმდევარი “პალერმო” ქვეყნის საუკეთესო გუნდ “იუვენტუსს” დაუხვდება. მასპინძლების მთავარი ამოცანა სეზონის დაწყებამდე არგავარდნა გახლდათ და ჯუზეპე იაკინის შეგირდებს ამოცანა ლამის ამოხსნილი აქვთ. შესაბამისად ისინი ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაშობენ და “ბებერ ქალბატონსაც” ბრძოლას ჰპირდებიან. თავის მხრივ, თავის მიზანთან ახლოსაა “იუვენტუსიც”. ტურინელები მდევარ “რომას” მთელი 11 ქულით სჯაბნიან და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა სკუდეტო ისევ ტურინში დარჩება. მასიმილიანო ალეგრი “რენცო ბარბერაზე გადახალისებული შემადგენლობის გამოყვანას აპირებს, რასაც თავისი საპატიო მიზეზიც აქვს. “ვეკია სინიორას” შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალური მატჩი ელის გერმანული “დორტმუნდის” წინააღმდეგ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პალერმო” (4-3-2-1): სორენტინო; ვიტიელო, ანდელკოვიჩი, ტერცი, დაპრელა; რიგონი, იაიალო, ბარეტო; ქუაისონი, ვასკესი; დიბალა

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი, პადოინი, ბარძალი, ოგბონა, დე ჩელიე; ვიდალი, მარკიზიო, სტურარო; პერეირა; მორატა, მატრი

მსაჯი: გუიდა

“კალიარი” – “ემპოლი”

თარიღი: 14 მარტი, 23:45 წუთი

ადგილი: კალიარი, “სანტ ელია”

დღევანდელი დღის მეორე შეხვედრა კი იტალიის მეორე კუნძულ სარდინიაზე გაიმართება. ადგილობივი “კალიარი” ტოსკანურ “ემპოლის” მასპინძლობს. მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხელმეორე დებიუტი ექნება ზდენეკ ზემანს, რომელმაც ჯანფრანკო ძოლა ჩაანაცვლა. ჩეხი სპეციალისტი სეზონის სტარტზე უკვე მუშაობდა “კალიარის” დამრიგებლად, თუმცა წარუმატებლად. ვნახოთ, რამდენად წარმატებით იმუშავებს ამ ჯერზე ზემანი. ისე კი “როსობლუს” მდგომარეობა მძიმეა და გასავარდნ ზონაში დამაჯერებლადაა დალექილი. სამაგიეროდ, კარგ ხასიათზეა მაურიციო სარის “ემპოლი”. ტოსკანური გუნდი ჯერჯერობით სამშვიდობოსაა და წესით გავარდნის საფრთხე არც უნდა დაემუქროს. გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სტუმართა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე სავარაუდო შემადგენლობაში ამჯერადაც არ ფიგურირებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო, ჩეპიტელი, დიაკიტე, მურუ; დესენა, კრესეტიჯი, ჰუსბაუერი; ფარიასი, საუ, მპოკუ

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი; ვესინო, სინიორელი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, ტავანო

მსაჯი: რიცოლი

“ატალანტა” – “უდინეზე”

თარიღი: 15 მარტი, 18:00 საათი

ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”

ხანგრძლივი პაუზის შემდგომ პირველი გამარჯვების მოპოვებას “უდინეზეს” წინააღმდეგ ეცდება ბერგამოს “ატალანტა”. სადებიუტო სამი ქულის მოლოდინშია აგრეთვე მათი მთავარი მწვრთნელი ედი რეია, რომელსაც დებიუტი წინა ტურში “პარმასთან” (0:0) მატჩში ჰქონდა. გარდა ამ ფაქტორებისა, ლომბარდიელებს გამარჯვება სიტუაციის ოდნავ დასამშვიდებლადაც სჭირდებათ, რადგან გასავარდნი ზონა ყურის ძირშია. ანდრეა სტრამაჩონის გუნდი კი აუღელვებლად თამაშობს. არც გავარდნა ემუქრება და ვერც ევროტურინირების საგზურს ჩაებღაუჭება. შესაბამისად ეს თამაში მასპინძელთათვის ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე სტუმართათვის.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; მაზიელო, სტენდარდო, კერუბინი, დრამე; კარმონა, ჩიგარინი; ემანუელსონი, მორალესი, გომესი; პინილია

“უდინეზე” (3-5-1-1): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი, გილერმე, პინცი, პასკუალე; კონე; დი ნატალე

მსაჯი: როკი

“ჯენოა” – “კიევო”

თარიღი: 15 მარტი, 18:00 საათი

ადგილი: გენუა, “მარასი”

ევროსაგზურებისთვის მებრძოლი “ჯენოა” ელიტაში დარჩენისთვის მებრძოლ “კიევოს” დაუხვდება. ჯამპიერო გასპერინის დამოძღვრილი გუნდი ყველასდა მოულოდნელად წლეულს გადასარევად კარგად თამაშობს და ბუნებრივიცაა, რომ ამ შეხვედრაში ფავორიტად მიიჩნევა. აი ვერონელები კი ცუდ სეზონს ატარებენ. “კიევო” მაღალი მიზნებისთვის ბრძოლით არც არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა “მფრინავი ვირები” გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატები არიან. და მაინც, როლანდო მარანის გუნდი საშიშ ზონას 6 ქულითაა მოშორებული. წინა ტურში “კიევომ” “რომას” დააკარგვინა ორი ქულა, თუმცა ის მატჩი უფრო მეტად დასამახსოვრებელი ახალგაზრდა ფედერიკო მატიელოს მძიმე ტრავმით იყო.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, რინკონი, ბერტოლაჩი, ბერდიხი; იაგო ფალკე, ნიანგი, პეროტი

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; მეჯორინი, პელისიერი

მსაჯი: დოვერი

“სასუოლო” – “პარმა”

თარიღი: 15 მარტი, 18:00 საათი

ადგილი: რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

რეჯიო ემილიაში ადგილობრივ “სასუოლოს” ემილიური “პარმა” ეწვევა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ფაქტობრივად უმოტივაციოდაა დარჩენილი. გუნდს გავარდნა არ ემუქრება. მიუხედავად ამისა, “ნეროვერდის” თამაშის ყურება მაინც საინტერესოა. განსაკუთრებით, მისი შემტევი ტრიოს გამოისობით. მოტივაციის მოზღვავებას მაინცდამაინც ვერც “პარმა” უჩივის. მწვავე ფინანსურ კრიზისში მყოფ გუნდს ქულები ისედაც არ ჰქონდა და გუშინ კიდევ 2 ქულა დააკლეს. ახლა კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთ დროს მრისხანე “პარმა” გაისად იტალიის მთავარი ლიგაში არ იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, პელუზო, ლონგი; ბრიგი, მანიანელი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე

“პარმა” (4-3-3): მირანტე; კასანი, ლუკარელი, კოსტა, გობი; მარიგა, მაური, ნოჩერინო; ვარელა, კოდა, ბელფოდილი

მსაჯი: ჩერველერა

“ვერონა” – “ნაპოლი”

თარიღი: 15 მარტი, 18:00 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

“ბენტეგოდიზე” ადგილობრივი “ვერონა” “ნაპოლის” დაუხვდება, რომელსაც აუცილებელად სამი ქულა სჭირდება. რაფაელ ბენიტესის გუნდმა ბოლო ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და მესამე ადგილი რომის “ლაციოს” გადაულოცა. ახლა კი ფეხის დაცდენის უფლება აღარ აქვს. ხუთშაბათს “აძურიმ” ევროპის ლიგაზე მოსკოვის “დინამო” გონსალო იგუაინის იდეალური თამაშის წყალობით დაამარცხა და ხასიათი გამოიკეთა. “ჰელასი” არგავარდნისთვის იბრძვის. უნდა აღინიშნოს, რომ ანდრეა მანდორლის გუნდის სიტუაცია კრიტიკული არაა და მშვიდად ყოფნის საშუალებაც აქვს. კვირას გასამართ შეხვედრას სტუმართათვის გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, სორენსენი, მორასი, აგოსტინი; სალა, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; გომესი, ტონი, იანკოვიჩი

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; ლოპესი, ინლერი; კალეხონი, ჰამშიკი, გაბიადინი; იგუაინი

მსაჯი: ბანტი

“ინტერი” – “ჩეზენა”

თარიღი: 15 მარტი, 23:45 წუთი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

კვირის სათამაშო დღის ბოლო მატჩში “ინტერი” აუტსაიდერ “ჩეზენას” გაეჯიბრება. რობერტო მანჩინის გუნდს ერთი ხანობა კარგი სერია ჰქონდა, თუმცა ბოლო ორ ტურში გუნდმა მოუგებლად იასპარეზა. ამას კი ევროპის ლიგაზე გერმანულ “ვოლფსბურგთან” უშანსო მარცხიც დაემატა. მილანელებს ევროსაგზურის მოპოვება ალბათ ისევ სურთ, მაგრამ ერთია მათი სურვილები და მეორე რეალობა. დღეისათვის “ნეარძური” ევროპის ლიგაზე გამსვლელ ადგილს 6 ქულით ჩამორჩება. მართალია 6 ქულა აღმოუფხვრელი სხვაობა არაა, მაგრამ შავ-ლურჯები მეტად არასტაბილურად თამაშობენ. თავისი ამოცანები და მიზნები ამოძრავებს “ჩეზენას”. ემილია-რომანიელები გავარდნის რეალური კანდიდატები არიან და ქულებს ჰაერივით საჭიროებენ. დომენიკო დი კარლოს გუნდს სამშვიდობო ზონას 4 ქულა აშორებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ანდრეოლი, სანტონი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი; შაქირი; პოდოლსკი, იკარდი

“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, კაპელი, კრაინჩი, მაგნუსონი; ჯორჯი, მუდინგაი, პულძეტი; ბრიენცა; დეფრელი, ჯურიჩი

მსაჯი: ჯერვაზონი

“ფიორენტინა” – “მილანი”

თარიღი: 16 მარტი, 22:00 საათი

ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მესამე სათამაშო დღეს კი სამი მატჩია დაგეგმილი. ერთ-ერთ მათგანში “ფიორენტინა” ფლორენციაში “მილანის” მასპინძელი იქნება. “იები” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და მესამე ადგილთან 4 ქულიანი ჩამორჩენა აქვთ. ბოლო ტურში ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა უშუალო კონკურენტ “ლაციოსგან” მწარე ალიყური იგემეს და ახლა საკუთარი გულშემატკივრის თვალიწინ რეაბილიტაცია სჭირდებათ. ფლორენცილებმა შუა კვირაში ვერც ვეროპის ლიგაზე ივარგეს და იტალიურ დერბიში “რომასთან” მხოლოდ საშინაო ფრეს დასჯერდნენ. “მილანის” მდგომარეობა კი უკვე კარგა ხანია არასახარბიელოა. შეიძლება ითქვას “როსონერი” გაისადაც ევროსარბიელს მიღმა აღმოჩნდება. ყოველშემთხვევაში გუნდის დღევანდელი მდგომარეობა და სათამაშო ფორმა მხოლოდ ამის თქმის საშუალებას გვაძლევს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ფიორენტინა” (4-3-2-1): ნეტო; რიჩარდსი, როდრიგესი, ბასანტა, პასკუალი; აკვილანი, ბადეი, ბორხა ვალერო; დიამანტი, სალაჰი; ბაბაკარი

“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; აბატე, პალეტა, მექსე, ანტონელი; ვან გინკელი, ესიენი, ბონავენტურა; ჰონდა; მენეზი, დესტრო

მსაჯი: რუსო

“ტორინო” – “ლაციო”

თარიღი: 16 მარტი, 22:00 საათი

ადგილი: ტურინი, “ოლიმპიკო”

საინტერესო მატჩია ტურინში. “ტორინოს” ბოლო დროს შესანიშნავად მოასპარეზე “ლაციო” ესტუმრება. რომაელებმა, როგორც იქნა ჩემპიონთა ლიგის ზონაში შეაბიჯეს და ახლა იქ დამკვიდრებას ეცდებიან. განსაკუთრებით შთამბეჭდავად “ბიანკოჩელესტემ” უკანასკნელ ტურში იასპარეზა, როცა “ფიორენტინა” დედამიწის პირისაგან აღგავა. ცუდ ფორმაში ყოფნას მაინცდამაინც არც “ტორინო” უჩივის. თუმცა, გუნდმა წინა ტურში ხანგრძლივი წაუგებელი სერია უდინეში შეწყვიტა, ამას კი ევროპის ლიგაზე “ზენიტთან” დამარცხებაც დაემატა. ახლა, ჯამპიერო ვენტურას გუნდს კარგი შანსი აქვს, რომ ყველას დაუმტკიცოს, რომ კრიზისის დაწყებაზე საუბარი უადგილოა. მატჩი წესითა და რიგით ძალზე კარგი სანახავი უნდა გამოდგეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, გლიკი, მორეტი; პერესი, ბენასი, გაცი, ელ კადური, დარმიანი; მაქსი ლოპესი, კვალიარელა

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო; რადუ; კატალდი, ბილია, პაროლო; მაური, კლოზე, ანდერსონი

მსაჯი: ორსატო

“რომა” – “სამპდორია”

თარიღი: 16 მარტი, 23:55 წუთი

ადგილი: რომი, “ოლიმპიკო”

XXVII ტური რომში დასრულდება, სადაც დედაქალაქური “რომა” გენუის “სამპდორიას” უმასპინძლებს. რომაელებმა სეზონის წინ მიზნად ჩემპიონობა დაისახეს, თუმცა, ახლა ლიდერ “იუვენტუსთან” ჩამორჩენა 11 ქულას აღწევს. რუდი გარსიას გუნდს უფრო მეტად მეორე ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრი და ზრუნვა მოუწევს, რადგან “ლაციო” და “ნაპოლი” ერთ ნაბიჯში არიან. “ჯალოროსის” მთავარი პრობლემაა ფრეების სენისგან ვერგანკურნებაა. თავად განსაჯეთ, ყველა ტურნირის გათვალისწინებით ბოლო 16 მატჩიდან “რომამ” 12 ფრედ დაასრულა. მაღალი ამბიციები ამოძრავებს “სამპდორიასაც”. ლიგურიელები ევროპის ლიგაზე გასასვლელად იბრძვიან და რომიდან უქულოდ წასვლა მათ გეგმებში სულაც არ შედის. 27-ე ტური მეტად საინტერესო დაპირისპირებით უნდა დასრულდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი; პარედესი, კეიტა, პიანიჩი; იტურბე, ლიაიჩი, ჟერვინიო

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; სორიანო, პალომბო, ობიანგი; ედერი, მურიელი, ეტო’ო

მსაჯი: კალვარეზე

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.242003