შაბათს თურქეთში მიემგზავრება საქართველოს გოგონათა ოლიმპიური ნაკრები. გუნდი სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს ტრაბზონში, თურქეთის ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებთან და 17 მარტს დაბრუნდება უკვე ქუთაისში, სადაც 20-22 მარტს ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი იმართება.
თურქეთში გაემგზავრება 16 მოთამაშე. გუნდმა გაიარა შეკრება გლდანში, ჯემალ ცერცვაძის აკადემიაში. როლანდ ერაძისა და გიორგი გვაზავას განკარგულებაში პრაქტიკულად ყველა უძლიერესი მოთამაშეა. ტრავმა მოირჩინა და ფორმაში შედის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი თათია გადელია, ერთადერთი პრობლემა კი მეკარეებს ეხება: ტრაბზონში გამგზავრებული სამეულიდან თინათინ ყაველაშვილმა ტრავმის შემდეგ ახლახან დაიწყო ვარჯიში, ქრისტინე ჯავახიას კი ძველი ტრავმა ისევ აწუხებს. გუნდის ექიმი ლევან ლინნიკი ყველაფერს აკეთებს, რომ გოგონებმა თმაში შეძლონ. გუნდის შემადგენლობა ქუთაისის ტურნირამდე აღარ შეიცვლება, თუ თურქეთთან სამმა მატჩმა არ შეიტანა კორექტივები.
ტრაბზონში თამაშები გაიმართება 15, 16 და 17 მარტს. ჩვენი მეტოქე ასევე ემზადება საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რუმინეთში, სადაც ისინი მასპინძლებსა და ფინელებს ეთამაშებიან. ამ ჯგუფიდან ფინალურ ტურნირზე ერთი გუნდი გადის, ხოლო ჩვენს ჯგუფში, სადაც ითამაშებენ საქართველო, ნორვეგია, ჰოლანდია და ლიტვა, ფინალის ორი საგზური თამაშდება. ფინალური ტურნირი, 16 გუნდის მონაწილეობით 13-23 აგვისტოსაა დანიშნული მაკედონიაში. იქამდე, 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით თბილისში იმართება ამავე ასაკის გუნდების კიდევ ერთი დიდი ტურნირი - ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი.
ქუთაისის შესარჩევი ტურნირი საქართველოს ხელბურთის ფედერაციისთვის ორმაგადაა მნიშვნელოვანი: საქართველოს ქალთა ნაკრები დროდადრო მონაწილეობდა ხოლმე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების კვალიფიკაციასა და ჩელენჯ კაპზე (უკანასკნელად - 2006 წელს), მაგრამ ქალთა ასაკობრივ ნაკრებს არასოდეს უთამაშია ოფიციალურ ტურნირში. მეორე მხრივ, ჩვენი გოგონათა გუნდი ხელბურთის პირველი ქალთა ნაკრებია, რომელიც ოფიციალურ შეჯიბრებაზე საკუთარი მაყურებლის წინაშე წარდგება.
20, 21 და 22 მარტს თამაშები ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება, ოთხივე მონაწილე გუნდი კი წყალტუბოში იცხოვრებს.
საქართველოს გოგონათა ნაკრები თურქეთში (14-17 მარტი, ტრაბზონი)
მეკარეები: 1. თინათინ ყაველაშვილი (პეგასი) 12. ანა ვარდიშვილი (მამული) 16. ქრისტინე ჯავახია (ფოთი)
მარცხენა გარემარბები: 15. თამარ ჩოგოვაძე (პეგასი) 99. ქრისტინე ღვალაძე (მამული)
მარცხენა შუამარბები: 9. თათია გადელია (ფოთი) 29. ქეთი კუნელაშვილი (ყვარელი)
გამთამაშებლები: 7. თინათინ ქიტესაშვილი (ყვარელი) 10. მაია ბერიძე (პეგასი) 19. ანა ყველაშვილი (მამული)
პივოტები: 17. მედეა ჩოხელი (პეგასი) 39. თამთა თეთრაშვილი (ყვარელი)
მარჯვენა შუამარბები: 18. ქეთევან ვენეცკი (პეგასი) 24. ნინო გაბისონია (მამული)
მარცხენა გარემარბები: 11. ლელა მორჩაძე (პეგასი) 23. მარიამ მიხელიძე (ყვარელი)
მთავარი მწვრთნელი როლანდ ერაძე
მწვრთნელი გიორგი გვაზავა
მენეჯერი ინა ჭკუასელი
ექიმი ლევან ლინნიკი
--
ევროპის გოგონათა (17წ) ჩემპიონატის კვალიფიკაცია.
ქუთაისის სპორტის სასახლე, 20-22 მარტი
20 მარტი
16:00 ნორვეგია-ჰოლანდია
18:00 ლიტვა-საქართველო
21 მარტი
16:00 ნორვეგია-ლიტვა
18:00ჰოლანდია-საქართველო
22 მარტი
14:00 ჰოლანდია-ლიტვა
16:00 საქართველო-ნორვეგია
--
შესარჩევი ტურნირები. 20-22 მარტი
1 ჯგუფი (დანიაში): დანია, საფრანგეთი, სერბეთი, შვეიცარია
2 ჯგუფი (ფარერის კუნძულებზე): რუსეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ფარერები
4 ჯგუფი (უნგრეთში): უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, უკრაინა
5 ჯგუფი (მონტენეგროში): მონტენეგრო, ესპანეთი, სლოვენია, მოლდოვა
6 ჯგუფი (კოსოვოში): შვედეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, კოსოვო
7 ჯგუფი (პოლონეთში): პორტუგალია, პოლონეთი, იტალია
8 ჯგუფი (ხორვატიაში): ხორვატია, ბელარუსი, ლატვია
9 ჯგუფი (რუმინეთში): რუმინეთი, თურქეთი, ფინეთი
კვალიფიკაცია: 1-6 ჯგუფებიდან ფინალში 2-2 გადის გუნდი, 7-9 - გამარჯვებული.
ფინალი: 13-23 აგვისტო, 2015 - მაკედონიაში