ფეხბურთი

13:43 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ დე ბური: “ყოველდღიური სისხლსავსე საწვრთნელი პროცესი მხიბლავს”

ფრანკ დე ბური უდიდესი ტრადიციის მქონე ამსტერდამის “აიაქსს” 2010 წელს ჩაუდგა სათავეში და მას შემდეგ მოყოლებული 114 წლის წინათ დაარსებული გუნდი ზედიზედ ოთხჯერ გახადა ჰოლანდიის ჩემპიონი. დღეს “აიაქსი” ევროპის ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს ჩაატარებს დნეპროპეტროვსკის “დნიპროსთან”, მანამდე კი ფრანკმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

- უპირველესად რა უნდა მოიმოქმედოს “აიაქსმა” კვლავინდებურად ევროპული მასშტაბის გრანდად რომ იქცეს?

- გარკვეული წესებისა და რეგულაციების შემოღებაა საჭირო. აბსურდული და დაუშვებელია, დიდძალ ვალში მცურავი კლუბები, ათეულობით მილიონებს რომ იხდიან ახალი ვარსკვლავების დასამატებლად. “ბარსელონასთვის” დაწესებული სატრანსფერო ემბარგო სწორად მიმაჩნია.

- 2012 წელს “ლივერპული” მთავარ მწვრთნელობას გთავაზობდათ. რატომ შეიკავეთ თავი “ენფილდ როუდზე” გადასვლისგან?

- ლივერპულელი ემისრები მყისიერი უარით გავისტუმრე. იმ მომენტისთვის დარწმუნებული გახლდით, რომ უცხო ქვეყანაში გადასასვლელად მზად არ ვიყავი - “აიაქსშიც” ხომ მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა და სათანადო სადამრიგებლო გამოცდილებაც არ მქონდა დაგროვილი. ამ ეტაპზე ასევე ნაკლებად მომხიბლა 2014-ში ჩრდილოლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინადადებამ. ჩემი პერსონით “მონაკოც” იყო დაინტერესებული, მაგრამ მის აგენტსაც უარი განვუცხადე. სამომავლოდ კი, თუკი შესაძლებლობა მომეცემა, “ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” დამრიგებლობას აუცილებლად დავთანხმდები.

- 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერტ ვან მარვიიკის ასისტენტი იყავით. ჰოლანდიის ნაკრების მთავარმწვრთნელობაზე რას იტყვით?

- ამჟამად ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, სამომავლოდ კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ჩემი სამწვრთნელო კარიერა და საერთოდაც, მივიღებ თუ არა სიამოვნებას სადამრიგებლო საქმიანობისგან. ეროვნული ნაკრების სათავეში ყოფნისას უფრო მეტად დამკვირებლის როლი გენიჭება, მე კი ყოველდღიური სისხლსავსე საწვრთნელი პროცესი მხიბლავს.

- საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უამრავი მაღალი კლასის მოთამაშის გვერდიგვერდ გითამაშიათ. საუკეთესო პარტნიორად რომელ ფეხბურთელს მიიჩნევთ?

- ჩემ ტყუპისცალ ძმა რონალდს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.107721