ესპანური საკალათბურთო ლიგის (ACB) სადისციპლინო კომიტეტმა “ლაბორალ კუჩას” ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია 5-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
შეგახსენებთ, რომ თოკო მთავარი მოქმედი პირი გახლდათ ბასკურ დერბიში მომხდარი ინციდენტისას, როდესაც “ლაბორალ კუჩას” და “ბისკაია ბილბაოს” კალათბურთელები ერთმანეთს დაერივნენ.
ჩხუბი შენგელიას და დეიან ტოდორივიჩს შორის დაიწყო და კომიტეტმა ყველაზე მკაცრი სასჯელი სწორედ ამ მოთამაშებს გამოუტანა. შედეგად, შენგელიას 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, ტოდოროვიჩს კი – 4-მატჩიანი.
ვინაიდან ქართველმა და სერბმა კალათბურთელებმა ესპანეთის ჩემპიონატის წინა ტური უკვე გამოტოვეს, თორნიკე კიდევ ოთხ თამაშს გამოტოვებს, ხოლო დეიანი – სამს.
ისიც ვთქვათ, რომ სენეგალელ ძმებს მამადუ და ილიმანე დიოპებს, რომლებიც შენგელიას ყველაზე აქტიურად გამოექომაგნენ და ბილბაოელთა ლატვიელ ლეგიონერ დაირის ბერტანსს ფულადი ჯარიმა (3 000 ევრო) დაეკისრათ.
გუნდებს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება 10 დღის განმავლობაში, ესპანური ლიგის სააპელაციო კომიტეტში აქვთ და არსებული ინფორმაციით, კლუბები ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებენ.
ცხადია, ჩამოთვლილი სანქციები არ მოქმედებს ევროლიგის გათამაშებაზე, სადაც დღეს, შენგელიას კლუბს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. “ლაბორალ კუჩა” რუსეთშია ჩასული და თბილისის დროით 21:00 საათიდან ლევან ფაცაციას ყოფილ კლუბ “ნიჟნი ნოვგოროდს” ეთამაშება.