ფეხბურთი

19:00 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ „სტემფორდ ბრიჯზე“ პირველად გატანას შეეცდება

ჩელსი-პსჟ (პირველი მატჩი 1:1)

“ჩელსისა” და “პარი სენ ჟერმენის” დაპირისპირება 1/8-ფინალური წყვილებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. პარიზში გამართულ პირველ მატჩში გოლის გატანითა და არწაგებით ლონდონელებმა უპირატესობა კი მოიპოვეს, მაგრამ ფრანგული გუნდის ვარსკვლავური შემადგენლობის გათვალისწინებით, სტუმრები უშანსოდ ნამდვილად არა არიან.

გუნდები ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ერთმანეთს ზედიზედ მე-2 სეზონში შეხვდნენ. გასული გათამაშების 1/4-ფინალში, პსჟ-მ საკუთარ მოედანზე 3:1 მოიგო, მაგრამ სტუმრად 0:2 წააგო და ნახევარფინალის საგზური მეტოქეს დაუთმო.

“ჩელსისა” და პსჟ-ს პირველი დაპირისპირება 2004 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა, როდესაც ლონდონელებმა სტუმრად 3:0 მოიგეს, ხოლო ინგლისში გამართული თამაში უგოლოდ დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ პსჟ-ს “სტემფორდ ბრიჯზე” გოლი ჯერ არ გაუტანია.

“ჩელსი” ფრანგულ გუნდებს სულ 13-ჯერ შეხვედრია. ლონდონელებმა 5-ჯერ მოიგეს, ხოლო ოთხ-ოთხჯერ ფრედ ითამაშეს და წააგეს. საკუთარ კედლებში გამართული 6 მატჩიდან “არისტოკრატებმა” ოთხში იმარჯვეს და 2 ფრედ დაასრულეს.

“პარი სენ ჟერმენს”, ინგლისის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 10 თამაშში 2 მოგება, 4 ფრე და 4 მარცხი დაუგროვდა. მეტოქის მოედანზე გამართული 5 დაპირისპირებიდან პარიზელებმა 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

3 კვირის წინათ ამ გუნდებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ “ჩელსიმ” პრემიერლიგაში ქულები დაკარგა, მაგრამ მოგვიანებით ჯერ ინგლისის თასის ფინალში იმარჯვა, შემდეგ კი 3 ქულა ჩემპიონატშიც აიღო. ჟოზე მოურინიოს გუნდი პრემიერლიგას 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

პსჟ-ს, ყველა ტურნირის შეხვედრების გათვალისწინებით, 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. პარიზელებმა, “ჩელსისთან” ფრედ თამაშის შემდეგ, ლიგა ერთში გამართულ 3 თამაშში 7 ქულა აიღეს, ასევე თასის 1/4-ფინალური ეტაპი დაძლიეს.

მასპინძელი გუნდი მატჩს ჯონ ობი მიკელის გარეშე ხვდება. ნემანია მატიჩის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. პარიზელები ტრავმირებულ ორიესა და ლუკას მოურას მოისაკლისებენ, ხოლო კაბაიეს მოედანზე გამოჩენა საეჭვოა.

  • “ჩელსიმ”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 18 საშინაო თამაშიდან გოლი ყველაში გაიტანა;
  • “ჩელსის” მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი გოლების 50% სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა, რაც ყვლაზე მაღალი მაჩვენებელია;
  • “ჩელსიმ”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველ მატჩში სტუმრად ფრედ 8-ჯერ ითამაშა. ლონდონელები მომდევნო ეტაპზე 5-ჯერ გავიდნენ. ხუთივე შემთხვევაში, პირველი თამაში 1:1 იყო დასრულებული;
  • პსჟ-მ, ევროტურნირის ფლეი ოფში საკუთარ მოედანზე გამართული პირველი თამაში ფრედ მეთორმეტედ ითამაშა. წინა 11 შემთხვევიდან პარიზელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა 5-ჯერ მოახერხეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, ანგარიში 1:1 “ჩელსის” მომდევნო ეტაპზე გასვლით 75%-იან შანსს აძლევს.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, რამირესი, მატიჩი, ვილიანი, ფაბრეგასი, აზარი, კოსტა.

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, სილვა, მარკინიოსი, მაქსველი, ლუისი, მატუიდი, ვერატი, ლავესი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

ბაიერნი-შახტარი (პირველი მატჩი 0:0)

“ბაიერნი” თავიდანვე წყვილის გამოკვეთილი ფავორიტი იყო და სიტუაცია დიდად არ შეცვლილა, მაგრამ 3 კვირის წინათ უკრაინაში გამართულ შეხვედრაში მიუნხენელებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს და ლვოვი უგოლოდ დატოვეს.

“რეკორდმაისტერის” მიერ უკრაინაში ვერმოგება გასაკვირი არაა, რადგან “ბაიერნს” უკრაინაში თამაში ყოველთვის უჭირდა. ამ ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართული 11 დაპირისპირებიდან გერმანელებმა მხოლოდ 5 მოიგეს, ხოლო 2 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს. საკუთარ კედლებში კი “ბაიერნს” ასპროცენტიანი შედეგი აქვს – 4 თამაშიდან 4 მოგება.

“შახტარს” გერმანიის წარმომადგენლებთან 15-ჯერ უთამაშია. დონეკცელებს 5-5 მოგება, ფრე და წაგება აქვთ. მეტოქის მოედანზე გამართული 7 დაპირსიპირებიდან “შახტარმა” 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 4 დათმო.

“ბაიერნს”, შიდა ასპარეზზე, საქმეები ძალიან კარგად მისდის. მიუნხენელებმა, ლვოვში თამაშის შემდეგ, ბუნდესლიგის სამივე თამაში ადვილად მოიგეს და ლიდერობა გაიმყარეს. ამას გარდა, გვარდიოლას გუნდმა თასის 1/4-ფინაშლიც გააღწია.

“შახტარმა”, “ბაიერნთან” თამაშის შემდეგ, უკრაინის პრემიერლიგაში 2 თამაში ჩაატარა და 4 ქულა აიღო, ხოლო თასის 1/4-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად 2:0 მოიგო.

პეპ გვარდიოლას გუნდი დისკვალიფიცირებულ ჩაბი ალონსოს, ასევე ტრავმირებულ ხავი მარტინესს, ფილიპ ლამსა და ტიაგო ალკანტარას ვერ დაიხმარს. “შახტარი” კი ბერნარდს მოისაკლისებს. სტუმართა რიგებიდან ასევე საეჭვოა კრივცოვისა და ორდეცის თამაშიც.

  • 3 კვირის წინათ გამართულ თამაშში გუნდებმა ერთმანეთის კარის მიმართულებით სულ 9-ჯერ დაარტყეს, რაც მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე ცუდი შედეგია;
  • “ბაიერნმა”, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გამართული ბოლო 6 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • “ბაიერნს”, მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ მოედანზე გოლი ჯერ არ გაუშვია;
  • “ბაიერნი”, მიმდინარე გათამაშებაში, ბურთს, საშუალოდ, თამაშის 66.3%-ის განმავლობაში ფლობს, რაც საუკეთესო შედეგია;
  • “ბაიერნს”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველ, გასვლით მატჩში ფრედ 19-ჯერ უთამაშია და მიუნხენელები გათამაშებას მხოლოდ 2-ჯერ გამოეთიშნენ;
  • “შახტარმა”, ევროტურნირების ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში გამართული პირველი თამაში ფრედ მეშვიდედ დაამთავრა. დონეცკელები, წინა 6 შემთხვევიდან, მომდევნო ეტაპზე 3-ჯერ გავიდნენ;
  • პირველ თამაშში დაფიქსირებული ანგარიში, ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, “ბაიერნს” მომდევნო ეტაპზე გასვლის 67%-იან შანსს აძლევს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ბერნატი, შვაინშტაიგერი, ალაბა, რობენი, მიულერი, რიბერი, ლევანდოვსკი.

შახტარი (4-4-1-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი, კოსტა, სტეპანენკო, ფერნანდუ, ტაისონი, ტეიშეირა, ადრიანუ.

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.211942