ჩოგბურთი

17:54 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი: “ფორმის პიკზე გასვლას უიმბლდონისთვის ვგეგმავ”

სადიდსლემო ტურნირების სარეკორდო რაოდენობით, 17-გზის მომგებმა 33 წლის შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მისი ერთ-ერთი სპონსორის, შამპანურის მწარმოებელი ფრანგული კომპანია Moёt & Chandon-ის მიერ მოწყობილ საღამოში მიიღო მონაწილეობა. როჯერმა რამდენიმედ სიმბოლურად გაათამაშა ბურთი, მრავალრიცხოვან მსურველებთან ერთად ფოტო გადაიღო და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

- ორშაბათს ახალი რეიტინგსია გამოქვეყნდა. ამჯერად მსოფლიო კლასიფიკაციის ლიდერს ნოვაკ ჯოკოვიჩს 4 ათასი ქულით ჩამორჩებით. სერბის დაწევას თუ გეგმავთ?

- ცხადია, პირველ ადგილზე დაბრუნების სურვილი მაქვს, მაგრამ ჯოკოვიჩის დაწევა მეტად რთულია. ჩემი უმთავრესი ამოცანა კი წლეულს უიმბლდონის კიდევ ერთხელ მოგებაა. მთელი საწვრთნელი პროცესიც ისე მაქვს აგებული, ფორმის პიკზე სწორედ უიმბლდონის სტარტის და ტურნირის მსვლელობის პერიოდში რომ გავიდე.

- როგორ თვლით, დიდი სლემის შეჯიბრებების მოგებათა რაოდენობით რომელიმე ჩოგბურთელი გაგისწრებთ?

- სადღეისოდ ამის რეალური შანსი ყველაზე მეტად რაფა ნადალს აქვს. მას მეიჯორების 14 ტურნირი აქვს მოგებული და თუკი რამდენჯერმე “როლან გაროსის” კორტებზე გაიმარჯვებს, შესაძლოა, გადამასწროს კიდეც. ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავიღებ, რაფამ და ნოვაკმა რომ არ მაჯობონ. ისე კი, რეკორდები საიმისოდ მყარდება, ადრე თუ გვიან რომ გააუმჯობესონ.

- მომავალი პაექრობა საგამოფენო მატჩის ფარგლებში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის წინააღმდეგ გელით...

- როდესაც მე და გრიგორმა პირველად ჩავატარეთ ერთობლივი წვრთნა, დიმიტროვი 16 წლისა იყო. მისი და ჩემი სათამაშო სტილი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით წააგავს. ისეთ მსგავსებას ვხედავ, გაოცების დაფარვა მიჭირს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112489