იტალიის ჩემპიონატის ბინადარმა სარდინიულმა კლუბმა “კალიარიმ” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კვლავ ჩეხი სპეციალისტი ზდენეკ ზემანი დანიშნა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სარდინიელებმა 67 წლის ჩეხეთ-იტალიის ორმაგი მოქალაქეობის მქონე სპეციალისტი 2014 წლის 23 დეკემბერს გაათავისუფლეს და ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი ჯანფრანკო ძოლა დანიშნეს. იტალიელმა მწვრთნელმა “კალიარის” თავკაცად 9 მარტამდე იმუშავა, შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელებმა იგი დაითხოვეს.
ზემანმა პირველად სარდინიელთა გუნდი 2014 წლის ივლისში ჩაიბარა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხი გუნდს სეზონის ბოლომდე გაუძღვება. “კალიარი” ამ ეტაპისთვის იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილზე 20 ქულით იმყოფება და სერია B-ში გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.