ფეხბურთი

10:17 | 10.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: “გერმანიასთან თამაში დაწყებამდე არ უნდა წავაგოთ”

ცოტა ხნის წინათ, “მსოფლიო სპორტის” მკითხველთა ვერსიით, 2014 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ბელგიური “გენკისა” და საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი დასახელდა. ჩვენ მას ბელგიაში დავუკავშირდით და საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ.

- პირველ ყოვლისა საქართველოს ნაკრების თემას შევეხოთ. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს კახა ცხადაძის სახით, რომლის დებიუტიც მალე შედგება. რას უნდა ველოდეთ მის ხელში ჩვენი ნაკრებისგან?

- წარმატებას და მოგებას. მეტს ალბათ არაფერს. ცხადაძესთან არასდროს მიმუშავია, მაგრამ მსმენია, რომ კარგი მწვრთნელია. ველოდები ნაკრების შეკრებას.

- მარტის ბოლოს 2 მატჩი გველოდება. ჯერ, ამხანაგური თამაში მალტის ნაკრებთან. თუმცა, მთავარი ინტერესი რა თქმა უნდა გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირების მიმართაა. რას ელოდებით თქვენ, მსოფლიოს ჩემპიონთან შეხვედრისგან?

- დიახ, ამხანაგურ თამაშში გამოჩნდება ვინ არის 100%-ით მზად და ვინ 200%-ით. ჩემი აზრით, გერმანიასთან მზად 200%-ით უნდა ვიყოთ, უბრალოდ, სხვა შანსი არაა. პირადად მე კარგ ფორმაში ვიმყოფები და თავს კარგად ვგრძნობ. მეც და რა თქმა უნდა მთლიანად ნაკრებიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ. ძალიან რთული იქნება, მაგრამ პირველ რიგში დიდი სიამოვნებაა ეთამაშო მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს.

- თორნიკე, თქვენ, ჩვენი ვებგვერდის მკითხველის გადაწყვეტილებით, საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გაღიარეს. რას დაჰპირდება თორნიკე ოქრიაშვილი იმ ადამიანებს, რომლებმაც მას მისცეს ხმა?

- დიდი მადლობა უპირველს ყოვლისა ყველას, ვინც მომცა ხმა და არამარტო მათ. ძალიან გამიხარდა, როცა ამის შესახებ გავიგე. გულშემატკივარს დავპირდები კარგ თამაშს, მეტ გატანილ გოლს და ყველანაირად შევეცდები, რომ მათი იმედი არ გავაცრუო.

- საქართველოს ნაკრებისთვის მიმდინარე შესარჩევი ციკლი ჩავარდნილია. თქვენი აზრით, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა რამდენად რეალურია?

- ჩემი აზრით, შანსი გვაქვს, თან ძალიან დიდი. ბევრი ახალი, წარმატებული ფეხბურთელი შეემატება ნაკრებს. ახალგაზრდები საკმაოდ მოდიან. მაგალითად ლუკა ზარანდია და კიდევ სხვები.

- “გენკს” საკმაოდ კარგად შეეწყვეთ, მაგრამ გატანილი გოლების მხრივ მოიკოჭლებთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეგიძლიათ ამ მხრივ მომატება?

- მომატებაზე დღენიადაგ ვფიქრობ და ვზრუნავ. ყოველთვის მაქვს უკეთესის და მეტის იმედი. გოლებს რაც შეეხება, გატანა ყველას უნდა, თუმცა სამწუხაროდ ამის გაკეთება ძნელია და ამ სირთულეების დაძლევაზე ვმუშაობ.

- თორნიკე, თქვენ, დღევანდელი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ხართ და შესაბამისად გულშემატკივარი თქვენგან ბევრს ელოდება. სად ითამაშებდით სიამოვნებით?

- ამ წარმატებას პირველ რიგში ჩემს თავს, ჩემს ოჯახს და საქართველოს არ დავუკარგავ. აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ოცნება “მილანში” თამაშია და ახლაც იმავე აზრზე ვარ.

- დასასრულს ისევ სანაკრებო თემას დავუბრუნდეთ. რა შედეგს უნდა ელოდეს ქართველი გულშემატკივარი გერმანიის ნაკრებთან გასამართი მატჩისგან?

- მოგებას, ფრეს... მთავარია შიშით არ გავიდეთ მოედანზე. რა თქმა უნდა ძნელი იქნება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. გერმანია ჩვენზე და არამარტო ჩვენზე, ძლიერი ნაკრებია. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და სანამ თამაში დაიწყება, იქამდე მატჩი წაგებული არ უნდა გვქონდეს. მინდორზე ბრძოლა და ერთმანეთის დახმარება მთავარი ფაქტორი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114013