დევისის თასის მსოფლიო ჯგუფის მერვედფინალში ვადაზე ადრე იმარჯვეს სერბეთისა და საფრანგეთის ნაკრებებმა. პირველ საასპარეზო დღეს მათ ორივე ერთეულთა შეხვედრა მოუგეს ხორვატებსა და გერმანელებს, შემდეგ კი წყვილთა პაექრობებში წარმატების შედეგად თავიანთი მატჩები ვადაზე ადრე დაასრულეს – 3:0.
ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ნენად ზიმონიჩის წყვილმა ხორვატთა, მარინ დრაგანიასა და ფრანკო შკუგორის დუეტს სძლია, ნამატჩევს კი მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა “ნოლემ” განაცხადა: “დევისის თასზე არცთუ ხშირად ხდება, როდესაც ნაკრები გამარჯვებას 2 დღეში ინაღდებს. 2:0 დაწინაურების შემდეგ დამაჯერებლობა მოგვემატა და წყვილთა მატჩშიც ვდომინირებდით”.
ფრანგებს რაც შეეხება, მესამე ქულა სამფეროვნებს ჟულიენ ბენეტოსა და ნიკოლა მაიუს წყვილმა (ბენჯამინ ბეკერსა და ანდრე ბეგემანის წინააღმდეგ თამაშისას) მოუპოვა. “ბედნიერი ვარ და ვამაყობ ამ გამარჯვებით. მაღალი დონის ჩოგბურთი ვაჩვენეთ, თითქმის იდეალური”, - ამგვარი გახლავთ ნიკოლა მაიუს მატჩისშემდგომი რეზიუმე.