რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომელშიც ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, ამხანაგური მატჩი მეორე დივიზიონში მოასპარეზე ნოვოროსიისკის “ჩერნომორეცთან” 0:1 წააგო. საყრდენ ნახევარმცველ გოგიტა გოგუას ხაბაროვსკელებში არ უთამაშია, რადგან მუხლზე გადატანილი ოპერაციის მერე, რეაბილიტაცია არ დაუსრულებია.
მარჯვენა მცველმა კახა ალადაშვილმა სრულად ითამაშა და მატჩის 49-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, პენალტი ვერ გამოიყენა. მის მსგავსად, ორი ტაიმი ჩაატარა ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. ფორვარდი ლაშა იმედაშვილი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მას რუსული პასპორტი აქვს.