კალათბურთი

2:30 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

განიავებული უპირატესობა

ევროლიგის ტოპ-16-ის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს დაუხვდა და პირველ ტაიმში მეტოქეს 16 ქულითაც კი ამარცხებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 74:81 წააგო.

თავიდანვე ვთქვათ, რომ მარკოიშვილი ტრავმირებული და მოსკოველებს ბასკეთში არც გაჰყოლია, შენგელია კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20:04 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

“ლაბორალ კუჩა” მარცხისგან ვერც ამერიკელი დარიუს ადამსის ჩინებულმა გარჯამ იხსნა, რომელმაც 28:10 წუთში 31 ქულა მიითვალა, ცსკა-ს რიგებში კი ყველაზე შედეგიანი (13 ქულა) ვიტალი ფრიძონი იყო.

შენგელიას კლუბმა 4 მოგების წილ მე-5 მარცხი განიცადა და F ჯგუფში მე-5 ადგილზე რჩება, არადა, პლეი-ოფში გასასვლელად საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა საჭირო. “ლაბორალ კუჩას” მომდევნო მატჩი 12 მარტს ელის, როდესაც რუსეთში “ნიჟნი ნივგოროდს” ესტუმრება.

0.113644