იტალიის სერია A-ს XXV ტურის ცენტრალური მატჩი რომში გაიმართა, სადაც ჩემპიონატის ორი ლიდერი, “რომა” და “იუვენტუსი” ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის ბედზე 2015 წლის სკუდეტო ეკიდა და გასაკვირი არაა, რომ გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს. მასპინძლებს შანსის შესანარჩუნებლად მხოლოდ გამარჯვება აწყობდათ, სტუმრები კი არც ფრეზე იყვნენ უარს. თამაში დაძაბულობის გამო ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, ხშირი იყო თამაშის წესების დარღვევა, რაც ზედმეტ უხეშობაშიც გადადიოდა. მატჩის მთავარ არბიტრს ყვითელი ბარათის გამოყენება 11-ჯერ, ხოლო წითელის ერთ გზის მოუწია.
პირველმა ნახევარმა სახიფათო მომენტების გარეშე განვლო და შესაბამისად ანგარიში არც გახსნილა. “იუვენტუსი” 64-ე წუთზე არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა დააწინაურა, ვინაც გუნდს ანდრეა პირლოს არყოფნა არ დაატყო და 25 მეტრიდან შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. აღსანიშნავია, რომ სტანდარტულის დანიშვნისას მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ. უხეშობისთვის მეორე ყვითელი და შესაბამისად წითელი ბარათი ბერძენმა ვასილის ტოროსიდისმა მიიღო. თითქოს, რიცხობრივ უპირატესობაში მყოფ “იუვეს” გამარჯვებამდე საქმის მიყვანა, რაც ფაქტობრივად სკუდეტოსკენ ერთი ნაბიჯის გადადგმას ნიშნავდა, არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ “ბებერმა ქალბატონმა” ანგარიში ვერ შეინარჩუნა. მასპინძელთა გოლი კი ასევე სტანდარტულ სიტუაციას მოჰყვა. ალესანდრო ფლორენცის ჩაწოდების შემდეგ, მალელმა სეიდუ კეიტამ ვარდნაში თავით ზუსტად დაარტყა და დედაქალაქელებს სკუდეტოს მოპოვების იმედი ისევ დაუტოვა, თუმცა რამდენად რეალურია ეს იმედი ალბათ, არც თვითონ რომაელებმა უწყიან. საბოლოოდ, შეხვედრაც ფრედ, - 1:1 დასრულდა. გამოსარჩევია, რომ “რომამ” საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეექვსე შეხვედრა დაასრულდა საყაიმო ანგარიშით. ბოლოს რომაელბმა შინ მილანის “ინტერს” აჯობეს, ეს კი გასული წლის, 30 ნოემბერს მოხდა.
სერია A-ს 25-ე ტური ისევ არასრული გამოდგა. “ჯენოასა” და “პარმას” შეხვედრა გაურკვეველი ვადითაა გადადებული.
“რომა” – “იუვენტუსი” 1:1 (0:0)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 50.000
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი; კეიტა, დე როსი (ნაინგოლანი 73), პიანიჩი; ჟერვინიო, ტოტი (იტურბე 71), ლიაიჩი (ფლორენცი 64)
მწვრთნელი: რუდი გარსია
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; კასერესი, ბონუჩი, კიელინი; ლიხშტაინერი (პადოინი 90), ვიდალი, მარკიზიო, პერეირა, ევრა; ტევესი, მორატა (კომანი 83)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 ტევესი (64), 1:1 კეიტა (78)
გაფრთხილება: ტოროსიდისი (19, 62), დე როსი (32), პიანიჩი (57), იანგა-მბივა (60), ნაინგოლანი (79) – ევრა (41), მორატა (54), მარკიზიო (71), კიელინი (77), ვიდალი (85)
გაძევება: ტოროსიდისი (62)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 9 (1) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 1:5 გაფრთხილება: 6:5 გაძევება: 1:0
მსაჯი: დანიელე ორსატო
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 15 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 14, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”) – 10, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 10.