“ლაბორალ კუჩას” ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც “ბილბაო ბასკეტთან” მატჩში მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გახლდათ, კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის საშულებით მოიბოდიშა. შეგახსენებთ, რომ ბასკური დერბის მიწურულს თოკომ მარკო ტოდოროვიჩის უხეშობას უპასუხა, რასაც გუნდური დაპირისპირება მოჰყვა და ქართველი და ჩერნოგორიელი კალათბურთელების გაძევებით დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შენგელიამ შემდეგი განცხადება გააკეთა:
“ყველასთვის ნათელია, რომ ეს შეცდომა იყო. ის, რაც გასულ მატჩში მოხდა, საკალათბურთო მოედანზე არ უნდა ხდებოდეს. აღნიშნულს ბასკურ დერბისთან არანაირი კავშირი არ აქვს და შესაძლოა, ნებისმიერ თამაშში მომხდარიყო. მინდა განვაცხადო, რომ “ბილბაო ბასკეტს” და მის გულშემატკივრებს დიდ პატივს ვცემ. არავინ და მითუმეტეს, ბავშვები ასეთ რამეს არ უნდა უყურებდნენ. ერთ-ერთ პატარას იმ მომენტში ძალიან შეეშინდა, ამიტომაც მივედი და მოვუბოდიშე. ტოდოროვიჩსაც ვესაუბრე და ისიც ჩემს აზრზე გახლავთ. ვეცდებით, მსგავსი რამ არასოდეს განმეორდეს. მომხდარი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და უახლოეს მატჩებზე ვიფიქროთ”.
შენგელიას ბოლო ფრაზა იმედს გვიტოვებს, რომ ქართველ კალათბურთელს დისკვალიფიკაცია არ ემუქრება და ის მოედანზე გასვლას შემდეგ თამაშშივე შესძლებს. შეგახსენებთ, რომ 5 მარტს “ლაბორალ კუჩას” ევროლიგის ეგიდით მოსკოვის ცსკა-სთან უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, 8-ში კი, ესპანურ ლიგაში “ანდორას” დაუხვდება.