ჰოლანდიის საფეხბურთო ერედივიზიონში არნემის “ვიტესმა” ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო. ამჯერად, არნემელებმა სახლში “ზვოლეს” 2:1 სძლიეს. მცველმა გურამ კაშიამ და შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა “ვიტესში” შეუცვლელად ითამაშეს. გუნდის კაპიტანმა კაშიამ 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. არნემელები 40 ქულით 18 გუნდში მე-5 პოზიციაზე არიან.
უნგრეთის 1 ლიგაში (უმაღლესი ლიგა) დავით დარციმელიას დებიუტი შედგა. ნირედხაზას “სპარტაკუსმა” მე-18 ტურში “ჰონვედი” მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. 20 წლის თავდამსხმელი თამაშში 89-ე წუთიდან ჩაერთო. ნახევარმცველი ზურაბ არზიანი მასპინძელთა სათადარიგო შემადგენლობაში იყო, მაგრამ არ უასპარეზია. დარციმელია და არზიანი “სპარტაკუსში” 2015 წლის ზამთარში გადავიდნენ. ნირედხაზელებს 18 ქულა აქვთ და 16 გუნდში მე-11 ადგილი უკავიათ.
რუმინეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში “კლუჟმა” “პანდურიის” უმასპინძლა და 0:4 წააგო. შემტევი გიორგი ჭანტურია მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. “კლუჟი” 11 ქულით 18 გუნდში ბოლო ადგილზეა. ფინანსური კრიზის გამო, კლუბს ზამთარში 24 ქულა დააკლეს და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უკრაინის ჩემპიონატი განახლდა და მე-15 ტურში ლუგანსკის “ზორიამ” თავის მოედანზე დონეცკის “ოლიმპიკი” 5:1 დაამარცხა. ნახევარმცველი ჯაბა ლიპარტია ლუგანსკელთა სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა, ხოლო უკრაინის მოქალაქე მეკარე ზაურ მახარაძემ დონეცკელებში სრულად ითამაშა. “ზორია” 24 ქულით 14 გუნდში მეოთხეა, ხოლო “ოლიმპიკს” 22 ქულით მე-6 პოზიცია უკავია.
ლვოვის “კარპატი” კიევში დონეცკის “მეტალურგს” დაუზავდა – 1:1. საყრდენ ნახევარმცველ ბუბა დაუშვილს კოჭის ტრავმა აქვს და ამიტომ, ლვოველებში არ უთამაშია. “კარპატი” 5 ქულით ბოლოსწინაა.
ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” სტუმრად უჟგოროდის “ჰოვერლას” 1:0 აჯობა. ნახევარმცველი ვალერიან გვილია, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ზაპოროჟიელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “მეტალურგი” 15 ქულით მეთერთმეტეა.
მარიუპოლის “ილიჩევეცმა” ოდესაში ადგილობრივ “ჩერნომორეცთან” ქულა აიღო – 0:0. უკრაინის მოქალაქე მცველი ზურაბ ოჩიგავა მარიუპოლელთა სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. “ილიჩევეცი” 4 ქულით მეთოთხმეტეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) 22-ე ტურში “ზავიშამ” შინ “პიასტი” 2:0 დაამარცხა. ფორვარდი გიორგი ალავერდაშვილი გამარჯვებულთა 18 კაცში იყო, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია. “ზავიშა” 14 ქულით 16 გუნდში ბოლო ადგილზეა.
ბელგიის იუპილერ ლიგის 28-ე ტურში “გენკმა” სტუმრად “ლიერსთან” 2:0 თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე მოიგო. ქართველ შემტევ ნახევარმცველს მუხლის ტრავმა აწუხებს და გუნდს ამის გამო დააკლდა. მის მსგავსად 18-კაციან განაცხადში არც ლუკა ზარანდია იყო. “გენკი” 46 ქულით 16 გუნდში მეშვიდეა.
დანიის სუპერლიგის მე-19 ტურში “ოდენსემ” თავის მოედანზე “კოპენჰაგენი” 1:0 დაამარცხა. ფორვარდი ლადო დვალიშვილი გამარჯვებულთა განაცხადში არ იმყოფებოდა. “ოდენსე” 22 ქულით 12 გუნდში მეათეა.
ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) პირველ ტურში “შიაულიაეს” რიგებში ნახევარმცველ თამაზ ჩარგეიშვილის დებიუტი შედგა. “შიაულიაემ” გასვლაზე “სტუმბრასთან” 1:3 წააგო და ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში “ბასტია” “ლორიენს” ესტუმრა და უქულოდ დარჩა – 0:2. ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკა კიკაბიძე დამარცხებულთა განაცხადში ისევ ვერ მოხვდა. “ბასტია” 33 ქულით 20 გუნდში მეთოთხმეტეა.
ავთო ებრალიძემ მუხლის ტრავმა მოირჩინა და “ჟილ ვისენტეს” დაუბრუნდა. პორტუგალიის პრიმეირა დივიზიონის 23-ე ტურში “ჟილ ვისენტემ” შინ “ბოავიშტასთან” 1:1 ითამაშა და ქართველი ნახევარმცველი თადარიგში იყო. მას არ უთამაშია. “ჟილ ვისენტე” 18 ქულით 18 გუნდში მეჩვიდმეტეა.
ჩეხეთის სინოტ ლიგის (უმალესი ლიგა) მე-18 ტურში პრაღის “სლავიამ” სახლში “ტეპლიცესთან” ქულები გაიყო – 2:2. შემტევ ნახევარმცველ ლევან ყენიას პრაღელებში ტრავმის მიზეზით არ უთამაშია. “სლავია” 24 ქულით 16 გუნდში მერვეა.