ესპანეთის ჩემპიონატში “ბილბაო ბასკეტსის” და თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” მატჩი გრანდიოზული ჩხუბით დასრულდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეც ქართველი კალათბურთელი იყო.
ბასკური დერბის ბოლომდე წამები იყო დარჩენილი, როდესაც ჩერნოგორიელმა მარკო ტოდოროვიჩმა თოკოს სრულიად უწყინარ სიტუაციაში ხელი ჰკრა და შენგელიასგან საპასუხო დარტყმაც მიიღო, რასაც მასობრივი შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
საბოლოოდ, შენგელია მოედნიდან გააძევეს, ხოლო მას რაიმე დამატებით სასჯელს გამოუტანენ თუ არა, მალე გახდება ცნობილი. ისიც ვთქვათ, რომ თოკომ მოედნიდან გასვლის წინ, ბავშვს მოუბოდიშა, რომელიც გაწევ-გამოწევის დროს დაზარალდა.
თავად მატჩი ბილბაოელებმა 93:75 მოიგეს, ქართველი ფორვარდი კი სარგებლიანობის კოეფიციენტის (16) მიხედვით, სტუმართა რიგებში საუკეთესო იყო.
თორნიკე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 20:40 წუთში კი 9 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ლაბორალ კუჩამ” 11-11 მოგება-წაგება მოაგროვა და 18-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზე იმყოფება. შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს 7 მარტს “ანდორას” წინააღმდეგ ჩაატარებს.