ფეხბურთი

21:35 | 1.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გუგუჩიას სამქულიანი სტანდარტი

შეხვედრა მასპინძელთა შეტევით დაიწყო და 2–ე წუთზე, მათ სახიფათო სტანდარტულიც შეასრულეს, თუმცა უშედეგოდ. საპირისპირო შეტევას ლუკა გუგუჩიას დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ბურთი რუსთაველთა კარს ასცდა. 8–ე წუთზე ზუგდიდელთა კარისკენ სტეფნიაშვილმა არც თუ ძლიერად დაარტყა, ბობღიაშვილს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

12–ე წუთზე, ზუგდიდელთა იერიშისას, მასპინძელთა საჯარიმოს სიახლოვეს ლუკა გუგუჩია წააქციეს. სტანდარტული თავად დაზარებულმა შეასრულა და რუსთაველთა კარში ეფექტური გოლიც გაიტანა. 19–ე წუთზე, ლუკა კობერიძემ კარგად გაუყოლა ბურთი ირაკლი ქობალიას, ზუგდიდელთა ფორვარდმაც დაჰკრა შორეული, მაგრამ ააცილა. 23–ე წუთზე ქობალია დაშავდა და ზუგდიდელთა დამრიგებელს, ბესიკ შეროზიას იძულებითი ცვლილების განხორციელებამ მოუწია. შეროზიამ მეორე იძულებითი ცვლილება მეორე ტაიმის დასაწყისში განახორციელა, როცა მას დაშავებული დათა რიგვავას მოედნიდან გაყვანა მოუხდა.

პირველი ტაიმის მიწურულს, ლევან წურწუმიამ სტანდარტულისას ბურთი სახიფათოდ ჩაჰკიდა, ლაშა ღონღაძე კარგად გაიხსნა და იგი ფაქტობრივად დასარტყმელ პოზიციაში აღმოჩნდა, თუმცა ბედიაშვილმა წამებში დაასწრო და ბურთი მუშტებით მოიგერია – სიტუაციაც ამით განმუხტა. აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ ლაშა ღონღაძე დღეს იუბილარი გახლდათ და ფანკლუბმა „აბრაგებმა“ მას იუბილე ორიგინალურად მიულოცეს–სტადიონზე შესაბამისი ბანერი გამოფინეს.

ტაიმის ბოლოსკენ უკვე ზუგდიდელები აშკარა გოლს გადაურჩნენ. მოედნის ცენტრში მათ შეცდომა დაუშვეს. მარჯვენა ფლანგიდან შეტევა გაბაშვილმა წამოიწყო და მეკარესთან პირისპირ ბარაბაძე დატოვა, ამ უკანასკნელს ბურთზე ფეხი აუცდა და ზუგდიდელთა კიპერმა, მინდია ბობღიაშვილმაც ვითარება განმუხტა. პირველი ნახევრის ბოლოსკენ მასპინძლებმა კიდევ ერთი შეტევა განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, შოთა ლომიამ გაისროლა სახიფათოდ და ბედიაშვილმა ბურთი, ნახტომში, კუთხურზე გადააგდო. 60–ე წუთზე, ავთო ენდელაძემ მეტოქის საჯარიმოში ბურთი სახიფათოდ ჩაჰკიდა. ცოტნე სამუშიამ სახიფათო თავური მიაყოლა და კვლავ ბედიაშვილი დადგა მოწოდების სიმაღლეზე. მორიგი შეტევისას ლუკა გუგუჩია კარგად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, დარტყმაც კარგი გამოუვიდა და ისევ ბედიაშვილმა ივარგა.

ამასობაში მასპინძლებიც გააქტიურდნენ და მათი აქტივობა თვალსაჩინო ბოლო თხუთმეტწუთიან მონაკვეთში გახდა. 82–ე წუთზე ციცქიშვილის დარტყმის შემდეგ, ზუგდიდელები გოლს გადაურჩნენ – შემტევი დარტყმის სიზუსტემ დააღალატა. ბოლო წუთები უკვე ისევ სტუმრების იყო, თუმცა შედეგი აღარ შეცვლილა და ზუგდიდმა, მეორე წრის წარმატებული სასტარტო ტურის შემდეგ, მეორე შეხვედრაც მოგებით დაასრულა. გარდა იმისა, რომ სტუმრებს ტრავმების გამო თამაშის გადაწყობამ მოუწიათ, დღევანდელი შეხვედრა სხვადასხვა მიზეზით, ლევან კუტალიამ, გოდერძი მაჩაიძემ და დათო მეგრელიშვილმა გამოტოვეს.

ბესიკ შეროზია („ზუგდიდისმთავარი მწვრთნელი): „შედეგით ბუნებრივია კმაყოფილი ვარ, რასაც თამაშის ხარისხზე ვერ ვიტყვი. სხვადასხვა მიზეზით წამყვანი ფეხბურთელები დაგვაკლდნენ და ამ შეხვედრაშიც, ტრავმის გამო იძულებითი ცვლილებები განვახორციელე. უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოვიპოვეთ გასვლაზე და ვეცდებით, წარმატებული სასტარტო მატჩების შემდეგ, ასევე შედეგიანად გავაგრძელოთ სხვა თამაშებიც. მეტოქე გუნდზე კი ვიტყვი, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მათ მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდებათ“.

მეტალურგიზუგდიდი 0:1

რუსთავი, სტადიონიფოლადი“, 1 მარტი

გოლი: გუგუჩია (12)

მეტალურგი: ბედიაშვილი, კილასონია, ჯოხაძე (გოცაძე 46), გაბაშვილი, ხიზანეიშვილი, ნოზაძე, სტეფნიაშვილი (ოქროპირიძე 67), მიქაუტაძე, სარიშვილი (ციცქიშვილი 46), ნარიმანიძე, ბარაბაძე

სათადარიგოები: ნადირაძე, გუჯაბიძე, გელაშვილი, ბიწკინაშვილი

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, პაჭკორია, ღონღაძე, რიგვავა (ქირია 46), ტყემალაძე (ეხვაია 74), კობერიძე, წურწუმია, გუგუჩია, ლომია, ენდელაძე, ქობალია (სამუშია 25)

სათადარიგოები: ივარდავა, ფარჯიკია, ბულია, აკობია

გაფრთხილება: ღონღაძე (3), კობერიძე (51), ენდელაძე (70), ლომია (87)

მსაჯი: ი.კვირიკაშვილი

fczugdidi.ge

0.114106