კალათბურთი

22:08 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ოლიმპის” რევანში

საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული პირველობის მეორე წრის მეორე ტური თბილისსა და რუსთავში ჩატარებული მატჩებით დასრულდა. სპორტკომპლექს “არენაზე” ის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს, რომლებიც მე-6-მე-7 ადგილებს იყოფენ და “მგზავრები-არმიასა” და “ოლიმპის” დაპირისპირება პრინციპული ხასიათის გახლდათ. მოგების შემთხვევაში, გია კაზანჯიანის გუნდი რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ მე-6 ადგილს პრაქტიკულად ინაღდებდა, თანაც ოლიმპელებს პირველ წრეში მგზავრებისგან განცდილი მარცხის რევანში ჰქონდათ ასაღები.

თამაში მგზავრების უპირატესობით დაიწყო, თუმცა “ოლიმპმა” მალევე მოახერხა ანგარიშში დაწინაურება. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში წინ ოლიმპელები იყვნენ და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობითაც გავიდნენ – 49:42. პირველ ტაიმში აღსანიშნავია ოლიმპელთა ლეგიონერების სერბი მარკო დუიკოვიჩისა და უკრაინელი დენის ნოსკოვის კარგი თამაში. ამასთან, თუ კი ბალკანელმა პრაქტიკულად ორივე პერიოდის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშა, ნოსკოვი მეორე მეოთხედის ბოლოში “გაიხსნა”. მატჩის ამ მონაკვეთში შავიზღვისპირელმა 9 ქულა ჩააგდო, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და ფარიდან ასხლეტილი ბურთიც 3-ჯერ მოხსნა. ოლიმპელებმა პირველი ტაიმი კიდევ უფრო დიდი სხვაობით რომ არ მოიგეს მერაბ ბოქოლიშვილისა და ტატო ჩაჩიბაიას დამსახურებაა, რომელთაც შესაბამისად 14 და 11 ქულა მოუტანეს თავის გუნდს.

მეორე ტაიმში წინ მხოლოდ “ოლიმპი” იყო, თუმცა დროდადრო მგზავრები სხვაობას ამცირებდნენ და დაძაბულობაც იმატებდა. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, ნოსკოვის სამიანის შემდეგ, “ოლიმპის” უპირატესობამ 14 ქულას (76:62) უწია და თითქოს გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა, მაგრამ მომდევნო 5 წუთის განმავლობაში “ოლიმპმა” ერთადერთი ქულის გაკეთებაღა მოახერხა. თავის მხრივ, მატჩის მიწურულს დიდი სიზუსტით არც “მგზავრები” გამოირჩნენ. მათ ზედიზედ 5 საჯარიმო ტყორცნა გააცუდეს. ამის მიუხედავად, მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 58 წამით ადრე “მგზავრების” ამერიკელი ლეგიონერის მაკინის ტყორცნის შენდეგ სხვაობა 3 ქულამდე დავიდა – 74:77. დარჩენილ დროში ჯერ დუიკოვიჩმა 1 ჯარიმა ჩააგდო, მეორე ცდისას კი კალათის რკალიდან ასხლეტილი ბურთი ნოსკოვმა მოხსნა და 6 ქულიანი სხვაობა დააფიქსირა – 80:74. ამას მერაბ ბოქოლიშვილმა მყისიერად ზუსტი სამიანით უპასუხა 80:77. დარჩენილ 15 წამში მეტოქეებმა 2-2 ქულა გაცვალეს და საბოლოოდ “ოლიმპმა” 84:79 მოიგო. ამ გამარჯვებით კაზანჯიანის გუნდმა მგზავრებთან პირველ წრეში განცდილი მარცხის რევანში აიღო და რეგულარულ პირველობაზე მეექვსე ადგილი პრაქტიკულად გაინაღდა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო მარკო დუიკოვიჩი გახლდათ, რომელმაც 25 ქულას 20 მოხსნა მიამატა. ამასთან, ბალკანელმა 11 მოხსნა მეტოქის ფარზე განახორციელა. 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე დენის ნოსკოვს – მის აქტივში 17 ქულა და 9 მოხსნაა. მგზავრებიდან 24 ბოქოლიშვილმა გააკეთა, 18 ჩაჩიბაიამ, ადრიკ მაკინიმ და რევაზ ათანელიშვილმა კი ორმაგი დუბლები შეასრულეს. პირველმა 16 ქულას 12 მოხსნა მიამატა, ხოლო ათანელიშვილის ანგარიშზე 12 ქულა და 11 მოხსნაა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ბუბა ბერიშვილი (“მგზავრები-არმიას” მთავარი მწვრთნელი): “მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. მატჩი მოლოდინისამებრ დაძაბული გამოდგა. ბევრი შეცდომა დავუშვით, რის გამოც სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. დღევანდელი მსაჯობით უკმაყოფილო ვარ, “ოლიმპს” კი სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ”.

გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “მიუხედავად იმისა, რომ დაცვაში სუსტად გამოვიყურებოდით მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. ვულოცავ ჩემს ბიჭებს მოგებას, პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას და დიდი შანსია რეგულარული პირველობა მეექვსე პოზიციაზე დავასრულოთ”.

1 დინამო 11 10 / 1 913 / 766 21
2 შსს აკადემია 11 8 / 3 874 / 808 19
3 ქუთაისი 11 8 / 3 886 / 848 19
4 რუსთავი 11 6 / 5 919 / 892 17
5 ბათუმი 11 5 / 6 836 / 842 16
6 ოლიმპი 11 4 / 7 868 / 908 15
7 მგზავრები-არმია 11 2 / 9 731 / 845 13
8 სოხუმი 11 1 / 10 831 / 949 12

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.25925