იტალიის სერია A-ს XXV ტური ისევ არასრული გამოდგება. ფინანსურ კრიზისში მყოფი “პარმას” მატჩი, რომელიც “ჯენოას” უნდა სტუმრებოდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო. სამაგიეროდ, ამ ტურში შესაძლოა 2015 წლის სკუდეტოს მფლობელის შესახებ ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი. “იუვენტუსი” უშუალო კონკურენტ “რომას” ესტუმრება. გარდა ამ მატჩისა ინტერესმოკლებული არც “ინტერი” – “ფიორენტინას” და “ტორინო” – “ნაპოლის” თამაშებია.
“კიევო” – “მილანი”
თარიღი: 28 თებერვალი, 23:45
ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”
XXV ტური დღეს, “კიევოსა” და “მილანის” მატჩით დაიწყება. წლევადნელი სეზონი ორივე გუნდისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს. როლანდო მარანის “კიევო” გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, თუმცა ეს დიდი მოულოდნელობა არცაა. აი, “როსენერის” თამაში ბევრ გულშემატკივარში იმედგაცრუებას იწვევს. ფილიპო ინძაგის გუნდი სტაბილური და ხარისხიანი თამაშის ჩვენებას ლამის მთელი სეზონია ვერაფრით ახერხებს. ამას ისიც ემატება, რომ “მილანს” სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და მისი ლაზარეთი თითქმის გადავსებულია.
სავარაუდო შემადგენლობები:
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; სკელოტო, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; ბირსა, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; მეჯორინი, პალოსკი
“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; ბონერა, ალექსი, ბოკეტი, ანტონელი; პოლი, დე იონგი, მონტოლივო; ბონავენტურა; მენეზი, დესტრო
მსაჯი: კალვარეზე
“კალიარი” – “ვერონა”
თარიღი: 1 მარტი, 15:30 წუთი
ადგილი: კალიარი, “სანტ ელია”
აუტსაიდერთა შეხვედრით გაიხსნება ხვალინდელი სათამაშო დღე. სარდინიაზე “კალიარი” “ჰელას ვერონას” დაუხვდება. ჯანფრანკო ძოლას გუნდში მისვლის შემდეგ, “როსობლუმ” ერთი ხანობა შედეგები კი გამოასწორა, მაგრამ ბოლო დროს ისევ მოუკლო და კვლავაც გასავარდნ ზონაში ამოჰყო თავი. ანდრეა მანდორლინის “ვერონა” კი სახიფათო ზონის სიახლოვეს ტივტივებს. ვერონელების მთავარი პრობლემა დაცვის ხაზია. გუნდი ზედმეტად ბევრ გოლს უშვებს. მიუხედავად ამისა, ბოლო ტურში მათ მოახერხეს და “რომას” წინააღმდეგ სასურველი ერთი ქულა მოიპოვეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“კალიარი” (4-3-2-1): ბრკიჩი; დესენა, როსეტინი, კაპუანო, აველარი; დონსა, კონტი, ეკდალი; მპოკუ, კოსუ; კოპი
“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მარკესი, მორასი, აგოსტინი; იონიტა, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; ლაზაროსი, ტონი, იანკოვიჩი
მსაჯი: ვალერი
“ატალანტა” – “სამპდორია”
თარიღი: 1 მარტი, 18:00 საათი
ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”
ბერგამოში სახიფათო ზონის სიახლოვეს მყოფი “ატალანტა” ევროსაგზურებისთვის მებრძოლ “სამპდორიას” მასპინძელი იქნება. ბერგამოელებმა ბოლო სამი მატჩი წააგეს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებთ. შესაბამისად სტეფანო კოლანტუონოს გუნდის მიზანი ამ შეხვედრაში მხოლოდ სამი ქულის მოპოვება უნდა იყოს. კარგი სიტუაცია არც სინიშა მიხაილოვიჩის გუნდშია. “სამპა” ევროზონის სიახლოვეს კი იმყოფება, მაგრამ ბოლო პერიოდში გენუელებს გამარჯვება ენატრებათ. “დორიამ” ბოლო 5 შეხვედრა მოუგებლად ჩაატარა. ბოლო ტურში კი გენუურ დერბიში ქულა მოიპოვა, მაგრამ თამაშის სურათიდან გამომდინარე მიხაილოვიჩი ქულითაც კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; მაზიელო, სტენდარდო, ბენალუანე, დრამე; ემანუელსონი, ჩიგარინი, კარმონა, გომესი; დენისი, პინილია
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; აკქუა, პალომბო, დანკანი; მურიელი, ოკაკა, ეტო’ო
მსაჯი: დამატო
“ჩეზენა” – “უდინეზე”
თარიღი: 1 მარტი, 18:00 საათი
ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”
გასავარდნ ზონაში უიმედოდ მყოფი “ჩეზენა” ცხრილის შუაში მოკალათებულ “უდინეზეს” უმასპინძლებს. ემილია-რომანიელებმა ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგეს, შემდეგ კი “იუვენტუსთან” ქულა მოიპოვეს და თითქოს გადარჩენის იმედიც გაუღვივდათ, მაგრამ ბოლო ტურში “მილანთან” დამარცხდნენ და სიტუაცია ისევ დაიმძიმეს. ანდრეა სტარამაჩონის გუნდი კი მიმდინარე სეზონში ამბიციების გარეშეა. გუნდს არც გავარდნის საფრთხე ემუქრება და არც მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა ხელეწიფება.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, კაპელი, კრაინჩი, რენძეტი; კარბონერო, მუდინგაი, დე ფეუდისი; ბრიენცა; დეფრელი, ჯურიჩი
“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი, გილერმე, ბადუ, პასკუალე; დი ნატალე, ტერო
მსაჯი: დოვერი
“პალერმო” – “ემპოლი”
თარიღი: 1 მარტი, 18:00 საათი
ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”
ჩემპიონატის ორი ახალწვეულისა და სპეციალისტთა მოსაზრებით, საკმაოდ ლამაზი ფეხბურთის მიმდევრების მატჩია სიცილიაში. კუნძულზე “პალერმო” “ემპოლის” დაუპირისპირდება. ჯუზეპე იაკინის გუნდი ყველას გასაოცრად დიდებულად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დამსახურებულად ბინადრობს. მაურიციო სარის “ემპოლი” აუტსაიდერთა შორის კია, მაგრამ დიდი ალბათობით გავარდნის რეალური საფრთხე მას არ უნდა დაემუქროს, რადგან ტოსკანელები ერთობ სიმპატიურ ფეხბურთს თამაშობენ. სტუმართა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე მატჩს სავარაუდოდ ისევ თადარიგიდან დაიწყებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“პალერმო” (4-3-2-1): სორენტინო; მორგანელა, ტერცი, გონსალესი, დაპრელა; რიგონი, მარესკა, ჩოჩევი; ქუაისონი, ვასკესი; დიბალა
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; ვერდი, მაკარონე
მსაჯი: ჩერველერა
“სასუოლო” – “ლაციო”
თარიღი: 1 მარტი, 18:00 საათი
ადგილი: რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “ლაციო” უამბიციოდ დარჩენილ “სასუოლოს” ესტუმრება. უამბიციოდ ოღონდ კარგი გაგებით. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს მთავარი ამოცანა თითქმის შესრულებული აქვს და გავარდნის საფრთხეს ჯერჯერობით არ გრძნობს. თანაც, მათი სათამაშო ხარისხი სპეციალისტთა მოწონებას იმსახურებს. რომაელები კი მესამე ადგილსთვის გააფთრებით იბრძვიან. “ნაპოლისთან” ჩამორჩენა დღეისათვის 5 ქულაა. სტეფანო პიოლის გუნდი უფრო მეტად ზურგს უკან მყოფი “ფიორენტინას” საფრთხეს უნდა გრძნობდეს, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, აჩერბიმ ბიანკო, ბიონდინი; ტაიდერი, ბრიგი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; კატალდი, ბილია, პაროლო; ანდერსონი, მაური, კეიტა
მსაჯი: რუსო
“ინტერი” – “ფიორენტინა”
თარიღი: 1 მარტი, 18:00 საათი
ადგილი: მილანი, “სან სირო”
კარგ ფორმაში ხვდებიან ერთმანეთს მილანის “ინტერი” და ფლორენციის “ფიორენტინა”. ორთავე გუნდმა შუა კვირაში ევროპის ლიგაზე წარმატებით იასპარეზა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა. რობერტო მანჩნის გუნდი ბოლო ხანს შიდა ასპარეზზეც მოფერიანდა და ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო. და მაინც, “ნერაძური” ჩემპიონთა ლიგის ზონას საკმაოდაა მოცილებული. უფრო ახლოსაა იმავე ზონასთან ვინჩენცო მონტელას გუნდი, რომელიც ბოლო ტურებში წაუგებლად ასპარეზობს, თუმცა უკანასკნელ ტურში საკუთარ მოედანზე “ტორინოსთან” ორი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა. ეს მატჩი წესითა და რიგით სასიამოვნო საყურებელი უნდა გამოდგეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, სანტონი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი; შაქირი; პოდოლსკი, იკარდი
“ფიორენტინა” (4-3-2-1): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი; აკვილანი, პიზარო, ბადეი; დიამანტი, სალაჰი; ბაბაკარი
მსაჯი: მასა
“ტორინო” – “ნაპოლი”
თარიღი: 1 მარტი, 23:45 წუთი
ადგილი: ტურინი, “ოლიმპიკო”
კვირის სათამაშო დღე საინტერესო მატჩით დასრულდება. ტურინში, “ტორინო” “ნაპოლის” უმასპინძლებს. ორივე გუნდი მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება. ეს განსაკუთრებით მასპინძლებზე ითქმის, რომლებმაც ევროპის ლიგის 1/16 ფინალში ესპანურ “ბილბაოს” აჯობეს. აღსანიშნავია, რომ “ტორინო” პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც “სან მამესზე” იმარჯვა. კარგი განწყობა სუფევს რაფა ბენიტესის გუნდშიც. მათ თურქულ “ტრაბზონს” ცალი ფეხით მოუგეს. “აძურისთვის” ამ შეხვედრაში გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან მის წინ მყოფი, “რომა” რომელსაც სამი ქულით ჩამორჩება ლიდერს ეთამაშება და დიდი შანსია ქულები დაკარგოს. ამ შემთხვევაში კი ნეაპოლიტანელები დედაქალაქელებს სათოფეზე მიუახლოვდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ბენასი, გაცი, ფარნერუდი, დარმიანი; მაქსი ლოპესი, კვალიარელა
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; ლოპესი, გარგანო; კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი; იგუაინი
მსაჯი: ირატი
“რომა” – “იუვენტუსი”
თარიღი: 2 მარტი, 23:45 წუთი
ადგილი: რომი, “ოლიმპიკო”
ტურის და მთლიანად სეზონის ცენტრალური მატჩი კი 2 მარტს გაიმართება. ჩემპიონობის ორი მაძიებელი, “რომა” და “იუვენტუსი” ერთმანეთს რომში შეხვდებიან. ამ გუნდების პირველი წრის მატჩი ტურინელებმა 3:2 მოიგეს და ის დაპირისირება მითქმა-მოთქმის მიზეზი დიდხანს იყო. რუდი გარსიას გუნდს თუ ჩემპიონობაზე პრეტენზია ისევ გააჩნია ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს, რადგან ჩამორჩენა ამ წუთისთვის 9 ქულაა, რაც სოლიდური სხვაობაა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი კი თავის მხრივ, გამარჯვების შემთხვევაში ფაქტობრივად ზედიზედ მეოთხე სკუდეტოს არაოფიციალურად “ოლიმპიკოზე” გაიფორმებს. გუნდებმა შუა კვირაში ევროტურნირებზე მძიმე ბრძოლები გადაიტანეს, თუმცა ამ შეხვედრამდე დასვენების შესაძლებლობა ორთავეს საკმაოდ ჰქონდა. ეს განსაკუთრებით სტუმრებზე ითქმის, რომლებსაც დასვენება 2 დღით მეტი გამოუვიდათ. მასპინძლები თითქმის იდეალური შემადგენლობით იასპარეზებენ. თუ არ ჩავთვლით უკვე კარგა ხანია ლაზარეთში მყოფი კევინ სტროტმანის არყოფნას. ტურინელები კი ამ შეხვედრას ანდრეა პირლოს სახით სერიოზული დანაკლისით ხვდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები:
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; ჟერვინიო, ტოტი, ლიაიჩი
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; ვიდალი, მარკიზიო, პოგბა; პერეირა; ტევესი, მორატა
მსაჯი: ორსატო