კალათბურთი

1:31 | 28.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” სტამბოლში მნიშვნელოვანი მოგება მიითვალა

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ბასკური კლუბი სტამბოლში “ანადოლუ ეფესს” სტუმრობდა და მეტოქე 87:84 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები 17 ქულის სხვაობით იგებდნენ, თუმცა, იმდენი “მოახერხეს”, რომ ბოლო მეოთხედში მდევრის როლში იყვნენ.

უკანასკნელ წუთებზე უფრო ყოჩაღად ისევ “ლაბორალ კუჩა” გამოიყურებოდა, 1 ორქულიანი შენგელიამაც მიითვალა და თურქები გაწბილებულნი დარჩნენ.

თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 21:11 წუთში 4 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ვეტერანი ფერნანდო სან ემეტერიო იყო 22 ქულით, კოლტონ აივერსონმა 17 ქულას 11 მოხსნა წაამატა, ლატვიელმა დავის ბერტანსმა კი 14 ქულა მიითვალა.

“ლაბორალ კუჩამ” 4 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და იმავე “ანადოლუ ეფესთან” ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, პლეი-ოფში თამაშის უფლებას კი ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი მიიღებს.

ტოპ-16-ის მე-9 ტურში, რომელიც 5 მარტს შედგება, შენგელიას გუნდს მორიგი გამოცდა ელის, რადგანაც ესპანეთში მოსკოვის ცსკა-ს დაუხვდება.

სხვათა შორის, რუსული გრანდი, რომელიც გასულ ტურში ტრავმირებული მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე თამაშობდა, შინ, სტამბოლის “ფენერბაჰჩესთან” 75:81 დამარცხდა. მასპინძლებს ვერც ანდრეი კირილენკოს დაბრუნებამ უშველათ, რომელმაც ხუთ წუთში 2 ქულა ჩააგდო და წარსულის აჩრდილიღაა.

შედეგად, თურქები ცსკა-ს გაუტოლდნენ, F ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი კი პირეოსის “ოლიმპიაკოსი” გახდა, რომელმაც საბერძნეთში მალაგას “უნიკახა” დაამარცხა და მე-7 გამარჯვება მიითვალა.

0.11606