საიმედო დაცვა და მომენტების მაქსიმალურად გამოყენება - ესაა წარმატების ფორმულა, რომელმაც „მონაკო“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის მთავარ სენსაციად აქცია. ლეონარდუ ჟარდიმის გუნდი, მიმდინარე სეზონის სტარტზე, ისეთმა ფეხბურთელებმა დატოვეს, როგორებიც ხამეს როდრიგესი და რადამელ ფალკაო არიან. მონაკოელებს ამ დონის არცერთი ფეხბურთელი არ დაუმატებიათ და აქედან გამომდინარე, გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ბევრი არ უწინასწარმეტყველებდა. თუმცა, ჟარდიმის შეგირდებმა, ჯგუფურ ეტაპზე, მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს და პირველი ადგილიც დაიკავეს. დღეს კი, „არსენალთან“ გასვლით მატჩში, ისეთი ანგარიშით მოიგეს, რომელიც, ევროტურნირების ისტორიის გათვალისწინებით, მათ მომდევნო ეტაპზე გასვლის 98.3%-იან შანსს აძლევს.
არსენ ვენგერი, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში „მონაკოს“ მეშვიდედ დაუპირისპირდა. ფრანგმა სპეციალისტმა გუნდი, რომელსაც 7 წელის თავკაცობდა, ვერც ამჯერად დაამარცხა.
„ემირეითსზე“ გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს, როდესაც ჯოფრი კონდოგბიას შორეულ დარტყმასა და რიკოშეტს ოსპინამ ვერაფერი მოუხერხა. „მონაკო“, მიმდინარე სეზონში, ბევრი გოლის გატანით განებივრებული არაა, მაგრამ თუ თავს კონდოგბია გამოიჩენს, სიტუაცია იცვლება. ბოლო ორ შემთხვევაში, როდესაც ფრანგმა ნახევარმცველმა გოლი გაიტანა, მონაკოელებმა მეტოქის კარი მინიმუმ 3-ჯერ აიღეს. ეს ტრადიცია არც ლონდონში დაირღვა.
„არსენალმა“ პირველ ტაიმში სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხა. ლონდონელებს, მთელი 45 წუთის განმავლობაში, მეტოქის კარში ზუსტად არ დაურტყამთ. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი რამ 2013 წლის თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში ლონდონლეთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. თამაშის განახლებიდან 8 წუთში, სტუმრებმა კარგი კონტრშეტევა განახორციელეს და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ბერბატოვმა სხვაობა გაზარდა. ბულგარელმა შემტევმა „არსენალს“ გოლი მეოთხედ გაუტანა და მან თავი ამჯერადაც „ემირეითსზე“ გამოიჩინა.
ბერბატოვის გოლის შემდეგ, „მონაკოს“, ჩემპიონთა ლიგაზე, შესაშური სტატისტიკა ჰქონდა. ჟარდიმის შეგირდებს, ამ ტურნირის მატჩებში, ბოლო 6 ზუსტი დარტყმიდან 5 გოლი ჰქონდათ გატანილი. „არსენალმა“ კი, 2 გოლი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ზედიზედ მესამედ გაუშვა.
„არსენალის“ გულშემატკივრებს იმედი 91-ე წუთზე ჩაესახათ, როდესაც შეცვლაზე შესულმა ჩემბერლენმა, საჯარიმოს გარედან დარტყმით, ეფექტური გოლი გაიტანა. თუმცა, სამ წუთში, თამაშში ასევე სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა ფერეირა-კარასკომ ოსპინას კარში ძალზე ზუსტად დაარტყა და ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.
„არსენალი“, პირველი თამაშის შემდეგ, ძალზე რთულ მდგომარეობაშია. ლონდონელებმა სტუმრად მინიმუმ 3-ჯერ უნდა გაუტანონ „მონაკოს“, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 7 მატჩში მხოლოდ 2 ბურთი უნდა გაუშვა.
ევროტურნირების ისტორიაში სულ 3-ჯერ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველ მატჩში სტუმრად 3:1 მოგების მიუხედავად გუნდი ასპარეზობას გამოეთიშა. ამ შემთხვევებს შორის ქართული კლუბიც ფიგურირებს. 1996 წელს, ეუფას თასის შესარჩევ ეტაპზე, „მარგვეთმა“ „სლიმას“ სტუმრად 3:1 მოუგო, მაგრამ ზესტაფონში გამართული განმეორებითი თამაში მალტელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
დღის მე-2 შეხვედრაში ერთმანეთს „ლევერკუზენი“ და გასული გათამაშების ფინალისტი მადრიდის „ატლეტიკო“ დაუპირისპირდნენ. გერმანიაში გამართულ შეხვედრაში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მომენტის გამოყენება მხოლოდ როჯერ შმიდტის შეგირდებმა მოახერხეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე გავიდა. ბელარაბის სოლორეიდისა და ქუსლით გაკეთებული გადაცემის შემდეგ თავი ჰაკან ჩალჰანოღლუმ გამოიჩინა. თურქი შემტევი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მიგელ ანხელ მოიას ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანა. ესპანელ მეკარეს, „ვალენსიასა“ და „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში ამ ტურნირზე ჩატარებულ მატჩებში, თხუთმეტივე დარტყმა მოგერიებული ჰქონდა, მაგრამ ჩალჰანოღლუს გასროლილს წინ ისიც ვერ აღუდგა.
ამ გოლიდან დაახლოებით ოც წუთში „ატლეტიკო“ რთულ მდგომაროებაში აღმოჩნდა. სტუმართა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ტიაგომ, მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და მადრიდელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოედნიდან გააძევეს. მადრიდელებს 41 თამაში წითელი ბარათის გარეშე ჰქონდათ ჩატარებული. ჩემპიონთა ლიგაზე პირველ გაძევებამდე ამაზე მეტი შეხვედრა (49) მხოლოდ „სელტიკს“ გაუმართავს.
დიეგო სიმეონეს შეგირდები გერმანიაში გამართულ მატჩში უჩვეული უზუსტობით გამოირჩეოდნენ. მადრიდელი ფეხბურთელების მიერ გაკეთებული გადაცემებიდან ზუსტი მხოლოდ 58% გამოდგა. მიმდინარე გათამაშებაში არცერთ სხვა გუნდს ასეთი ცუდი შედეგი არ ჰქონია.
არსენალი-მონაკო 1:3 (0:1)
ლონდონი, “ემირეითსი”
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი, კოკელინი (ჩემბერლენი 68), კასორლა (როსიცკი 82), სანჩესი, იოზილი, უელბეკი, ჟირუ (უოლკოტი 60).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
მონაკო (4-5-1): სუბასიჩი, ტურე, უოლასი, აბდენუ, ეშიეჟილე, დირარი (კურზავა 82), კონდოგბია, ფაბინიო, მოუტინიო, მარტიალი (სილვა 84), ბერბატოვი (ფერეირა 76).
მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.
გოლები: 0:1 კონდოგბია (38), 0:2 ბერბატოვი (53), 1:2 ჩემბერლენი (90+1), 1:3 ფერეირა (90+4).
გაფრთხილებები: კოკელინი 42, ბელერინი 74, იოზილი 87 – ეშიეჟილე 45, მოუტინიო 90+2.
მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია).
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 14 (4)-10 (7), კუთხური: 8-1, თამაშგარე: 0-5, სეივი: 4-3, ჯარიმა: 12-10.
ლევერკუზენი-ატლეტიკო 1:0 (0:0)
ლევერკუზენი, “ბაიარენა”
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, სპაჰიჩი, ვენდელი, ბელარაბი, კასტრო, ბენდერი (როლფესი 68), სონი, ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 87), დრმიჩი (კისლინგი 80).
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი.
ატლეტიკო (4-4-2): მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა (გამესი 38), თურანი (ტორესი 64), გაბი, ტიაგო, ნიგესი (გარსია 42), მანჯუკიჩი, გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლი: 1:0 ჩალჰანოღლუ (57).
გაფრთხილებები: პაპადოპულოსი 36, ვენდელი 58, ბენდერი 62, კასტრო 88, კისლინგი 89 – ტიაგო 22, გოდინი 60, ტორესი 89, გამესი 90+2.
გაძევება: ტიაგო 76.
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 13 (3)-12 (3), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-2, ჯარიმა: 25-11.