ფეხბურთი

2:57 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

2:1 სტუმრების სასარგებლოდ

„მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში განვითარებული მოვლენები, სტატისტიკის გათვალისწინებით, უმეტესწილად, ლოგიკური იყო. ეს ეხება როგორც კატალონიური კლუბის მოგებას, ასევე „ქალაქელთა“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენასა და ლეო მესის მიერ თერთმეტმეტრიანის გაცუდებას.

„ეტიჰადზე“ განვითარებულ მოვლენათაგან მოულოდნელობათა რიცხვს ლუის სუარესის დუბლი განეკუთვნება. ურუგვაელ თავდამსხმელს, ინგლისში თამაშის დროს, „სიტის“ წინააღმდეგ ჩატარებულ 6 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი, ისიც „ენფილდზე“. ამას ისიც ემატებოდა, რომ სუარესს, „ბარსელონაში“, გატანა უჭირს და ის ძირითადად საგოლე გადაცემების გაკეთებითაა დაკავებული. თუმცა, მანჩესტერში გამართული დაპირისპირება გამონაკლისი გამოდგა და სუარესმა, პირველ 30 წუთში, 2 გოლის გატანა მოასწრო. ის „ბარსელონას“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში, პირველ ნახევარ საათში დუბლი გაიფორმა.

სუარესს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 4 მატჩში, უკვე 4 გოლი დაუგროვდა. ამდენივე გოლი გაიტანა მან ლა ლიგაშიც, მაგრამ 15 შეხვედრაში.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ჯო ჰარტის კარში გოლების გატანა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან „ლივერპული“ დატოვა და „ბარსელონას“ მიაშურა. მსოფლიოს ჩემპიონატზე, ინგლისისა და ურუგვაის დაპირისპირებაში, სუარესმა დუბლი გაიფორმა და მან იგივე დღესაც გაიმეორა. აღვნიშნავთ, რომ სამხრეთ ამერიკელს ინგლისელი მეკარისთვის 4 გოლის გასატანად მხოლოდ 5 ზუსტი დარტყმა დასჭირდა.

სუარესმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, როდესაც სტუმართა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მესის ჩაწოდების შემდეგ კომპანიმ ბურთი მას ჩააბარა. დაახლოებით 15 წუთში, „ქალაქელთა“ მცველებმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს. ლეო მესის ერთ-ერთ სოლორეიდს მარცხენა ფლანგზე ალბას მარტო დარჩენა მოჰყვა. ესპანელმა მცველმა კარგი პაუზა გააკეთა და საჯარიმოსკენ დაძრულ სუარესს ზუსტი პასი გაუკეთა. „სიტის“ ფეხბურთელების შეცდომა კი იმაში გამოიხატა, რომ ალბას პასის ჩაჭრას 3 მათგანი ცდილობდა, ხოლო სუარესის სიახლოვეს კიდევ 2 „ქალაქელი“ იმყოფებოდა, მაგრამ კატალონიელთა კომბინაციის ჩაშლა ვერცერთმა მათგანმა მოახერხა.

პირველი ტაიმის დარჩენილმა ნაწილმაც „ბარსელონას“ უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ კატალონიელებმა მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს. „სიტიმ“ კი ტერ შტეგენის კარში ბურთი პირველად 45-ე წუთზე მოახვედრა.

მე-2 ტაიმი მასპინძლებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და სახიფათო მომენტი ზედიზედ სამ კუთხურს მოაყოლეს, მაგრამ სტუმრებმა მეტოქის შტურმს გაუძლეს.

„სიტიმ“ გოლი მაინც გაიტანა. 69-ე წუთზე, დავიდ სილვას კარგი გადაცემის შემდეგ, სერხიო აგუერომ დასწრებაზე ორ მეტოქეს აჯობა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო 10 თამაშში მე-11 გოლი გაიტანა.

აგუეროს ზუსტი დარტყმის შემდეგ, „ბარსელონას“, ჩემპიონთა ლიგაზე, 200 თამაშში, 200 გაშვებული გოლი დაუგროვდა. ამაზე მეტი (224) მხოლოდ „რეალს“ გაუშვია.

„სიტი“ გატანილმა გოლმა გამოაცოცხლა, მაგრამ ხუთ წუთში მანჩესტერელები კაცნაკლულნი დარჩნენ. მე-2 ყვითელი ბარათის მიღების გამო მოედანი გაელ კლიშიმ დატოვა.

„მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს მესამედ უპირისპირდებოდნენ და „ქალაქელებმა“ წითელი ბარათი მესამე თამაშშიც მიიღეს.

ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონას“ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან 29-ედ გააძევეს. არცერთ სხვა გუნდს რიცხობრივი უპირატესობა 18-ზე მეტჯერ არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ „ბარსას“ წინააღმდეგ მიღებული 29 წითელი ბარათიდან 11 ინგლისური გუნდების ფეხბურთელებზე მოდის.

კლიშის გაძევების შემდეგ, „სიტი“ წინ დიდი ძალებით წასვლას ვეღარ რისკავდა, ხოლო „ბარსელონას“ ანგარიში აკმაყოფილებდა და სახიფათო მომენტებმაც იკლო. თუმცა, კატალონიელებს კიდევ ერთი გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ. მე-4 დამატებულ წუთზე, საბალეტამ თანამემამულე მესი საპენალტედ წააქცია. სტანდარტის შესასრულებლად თავად მესი მივიდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მას მეკარემ აჯობა. არგენტინელმა, ბოლო 10 თერთმეტმეტრიანიდან მე-5 გააფუჭა.

ლეო მესის, ჩემპიონთა ლიგაზე, 3 პენალტი აქვს გაცუდებული. ასეთივე შედეგი აქვთ რონალდუს, ფიგუსა და შევჩენკოს. უფრო მეტი თერთმეტმეტრიანი მხოლოდ ანრისა (5) და ვან ნისტელროის (4) გაუფუჭებიათ.

გამოუყენებლი თერთმეტმეტრიანის შემდეგ არბიტრმა თამაში დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონამ“ „სიტისთან“ არსებული ასპროცენტიანი შედეგი შეინარჩუნა. ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით კი, ლუის ენრიკეს გუნდმა მომდევნო ეტაპზე გასვლის 93%-იანი შანსი მოიპოვა.

დღის მე-2 შეხვედრაც 2:1 დასრულდა, მაგრამ მასპინძელთა გამარჯვებით. „იუვენტუსი“ ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე გათამაშების 1/8-ფინალში საკუთარ მოედანზე მოიგო. თუმცა, დაფიქსირებული ანგარიში ტურინელებს ოპტიმიზმის დიდ საფუძველს არ აძლევს. ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, განმეორებითი თამაშის წინ შანსები ყველაზე მეტად თანაბარი მაშინაა, როდესაც პირველ შეხვედრაში მასპინძელი გუნდი ანგარიშით 2:1 იგებს. ისტორიის თანახმად, „დორტმუნდის“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი 51%-ს უდრის.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ „იუვენტუსის“ ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა დასახელდა, რომელმაც მონაწილეობა მასპინძელთა ორივე გოლში მიიღო. მე-13 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან მისი ჩაწოდების შემდეგ ვაიდენფელერმა ბურთი ცუდად მოიგერია და იქვე მყოფმა ტევესმა დამატებაზე კარგად ითამაშა. ტაიმის მიწურულს კი, ასევე მარცხენა ფლანგიდან უკვე პოგბას ჩაწოდებულს მორატამ ფეხი მოხდენილად და რაც მთავარია შედეგიანად დაუხვედრა.

ამ გოლებს შორის თავი დორტმუნდელებმაც გამოიჩინეს, რასაც კლოპის გუნდი ჯორჯო კიელინის უნდა უმადლოდეს. მე-18 წუთზე, ტურინელთა მცველს ფეხი უდროოდ დაუცდა, რასაც მეკარესთნ როისის პირისპირ გასვლა და მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოჰყვა. „დორტმუნდის“ ლიდერმა თავი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-4 თამაშში გამოიჩინა.

მე-2 ტაიმში „იუვენტუსს“ გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა სასურველი შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხეს და დორტმუნდში ისინი არცთუ ხელსაყრელი ანგარიშით გაეგმზავრებიან.

სიტი-ბარსელონა 1:2 (0:2)

მანჩესტერი, “ეტიჰადი”

სიტი (4-4-2): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, ნასრი (ფერნანდინიო 62), ფერნანდუ, მილნერი, სილვა (სანია 78), ჯეკო (ბონი 68), აგუერო.

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი (ადრიანო 75), პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (მატიე 71), ინიესტა, მესი, სუარესი, ნეიმარი (პედრო 80).

მწვრთნელი: ლუის ენრიკე.

გოლები: 0:1 სუარესი (16), 0:2 სუარესი (30), 1:2 აგუერო (69).

გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: მესი 90+4.

გაფრთხილებები: კლიში 59, ფერნანდუ 90 – რაკიტიჩი 41, ალვესი 45, ადრიანო 88.

გაძევება: კლიში 74.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 13 (5)-14 (3), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 0-7, სეივი: 1-4, ჯარიმა: 11-13.

იუვენტუსი-დორტმუნდი 2:1 (2:1)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ლიხტშტაინერი, კიელინი, ბონუჩი, ევრა, მარკიზიო, პირლო (პერეირა 37), პოგბა, ვიდალი (პადოინი 86), ტევესი (კომანი 89), მორატა.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი (გინტერი 32), პაპასტატოპულოსი (კირხი 46), ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი, შაჰინი, ობამეიანგი, მხითარიანი, როისი, იმობილე (კუბა 76).

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: 1:0 ტევესი (13), 1:1 როისი (18), 2:1 მორატა (43).

გაფრთხილებები: ვიდალი 48, პერეირა 80.

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 11 (4)-12 (3), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 2-2, ჯარიმა: 8-10.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.299712