იტალიის სერია A-ს XXIV ტურის კვირას გადადებული შეხვედრა დღეს გაიმართა. გენუაში დერბი “დელა ლანტერნა” შედგა. ნომინალურად “სამპდორიამ” “ჯენოას” უმასპინძლა.
მატჩი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს და პირველ ოც წუთში ტაბლოზე უკვე შედეგიანი ფრე ენთო. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მე-17 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან კარის გასწვრივ გამჭოლი გადაცემა მბიაიე ნიანგმა გააკეთა, შორეულ ძელთან ჩასაფრებულმა ესპანელმა თავდამსხმელმა იაგო ფალკემ კი დაუცველ კარში ბურთი ადვილად გადაგზავნა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა მალევე გაათანაბრა. ზუსტად ორ წუთში ბრაზილიელმა ედერმა იხეირა. თუმცა უნდა აღინიშნოს “ჯენოას” არგენტინელი მცველის რონკალიას უხეში შეცდომა, რომელსაც ბრაზილიელმა შემტევმა ბურთი ზედ საჯარიმოსთან მოჰპარა. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილი სათამაშო დროის უმეტესი ნაწილი იყო, ანგარიში აღარ შეცვლილა და დერბიც მშვიდობიანად დასრულდა. ამ ფრის შემდგომ ორივე გუნდს 36-36 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში მეექვსე-მეშვიდე ადგილს ინაწილებენ.
“სამპდორია” – “ჯენოა” 1:1 (1:1)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 34.000
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი, პალომბო (დანკანი 67), აკქუა; სორიანო (მურიელი 72); ედერი (ეტო’ო 84), ოკაკა
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი (ბერგდიხი 75), ბერტოლაჩი, კუჩკა, რინკონი; იაგო ფალკე (იცო 87), ნიანგი (ბორიელო 81), პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 0:1 იაგო ფალკე (17), 1:1 ედერი (19)
გაფრთხილება: ვივიანო (17), სორიანო (40), ედერი (73), ობიანგი (76) – რონკალია (26)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 15 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 3:8 გაფრთხილება: 4:1
მსაჯი: ჯანლუკა როკი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 14, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 12, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”) – 10.