ბრიტანულმა გამოცემა eurosport-მა გასული კვირის ევროპის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის მოხვდნენ ლევან მჭედლიძის თანაგუნდელები მასიმო მაკარონე და დანიელე რუგანი. 35 წლის იტალიელმა “კიევოს” დამარცხებაში (3:0) დიდი წვლილი შეიტანა, 46-ე და 67-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა ხოლო 74-ზე ქართველმა თავდამსხმელმა შეცვალა. ახალგაზრდა მცველმა კი 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა და მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან დუელი თითქმის არ წაუგია.
რამდენიმეკვირიანი დიდი კრიტიკის შემდეგ პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ პრიმერა დივიზიონში კვლავ გაიტანა. “რეალის” თავდამსხმელმა “ელჩეს” კარი 69-ე წუთზე აიღო, ბოლოს რონალდუმ ლა ლიგაში მეტოქის დამწუხრება 18 იანვარს “ხეტაფესთან” გამართულ შეხვედრაში შეძლო.
სიმბოლურ ნაკრებში შეტევის მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე ფრანკ რიბერი და არიენ რობენი გამწესდნენ. “ბაიერნმა” “პადერბორნი” სტუმრად 6:0 გაანადგურა. ფრანგმა და ჰოლანდიელმა ჯამში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულეს.
eurosport-ის მიხედვით გასული უიქენდის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება: კოსი აგასა (“რეიმსი”), ფრანკ სინორინო (“რეიმსი”), დანიელე რუგანი (“ემპოლი”), ტიაგო სილვა (პსჟ), პაბლო ზაბალეტა (“მანჩესტერ სიტი”), სეიდუ კეიტა (“რომა”), ადრიენ რაბიო (პსჟ), ფრანკ რიბერი (“ბაიერნი”), მასიმო მაკარონე (“ემპოლი”), არიენ რობენი (“ბაიერნი”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”)