რუსი ფორვარდი ანდრეი კირილენკო, რომელსაც ზურგს ნბა-ში თამაშის დიდი გამიცდილება უმაგრებს, მანუჩარ მარკოიშვილის თანაგუნდელი გახდა. 34 წლის კალათბურთელი (სიმაღლე 206 სმ.) მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს.
გასული წლის დეკემბერში კირილენკო “ბრუკლინიდან” “ფილადელფიაში” გაუშვეს, თუმცა, ფეხი ვერც იქ მოიკიდა და მსოფლიოს უძლიერესი ლიგა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ანდრეი არმიელებს უკვე დღევანდელ ვარჯიშზე შეუერთდება, უახლოეს საათებში კი მისი როგორც – ევროლიგის, ასევე ვთბ-ლიგის განაცხადში შეყვანა მოხდება.
ცნობისთვის, რუსეთის ნაკრების ექს-კაპიტანი ევროლიგაში ბოლოს 2011-12 წლების სეზონში თამაშობდა და იმავე ცსკა-ს მაისურით საშუალოდ 14.1 ქულას და 7.5 მოხსნას აგროვებდა.
“მოხარული ვარ, რომ იმ გუნდში დავბრუნდი, რომელშიც კარიერის დასაწყისში ვთამაშობდი. ვგრძნობ, რომ მალე პროფესიულ დონეზე თამაშის დასრულების დრო მოვა. ამდენად, მინდა, ეს საყვარელი კლუბის მაისურით გავაკეთო”, - განაცხადა კირილენკომ, რომელიც მოსკოვურ გრანდშიც 47-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.