საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის ბინადარმა ხონის “იმერეთმა” გორის “დილადან” 30 წლის გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი მელქაძე დაიმატა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” იმერული გუნდის პრეზიდენტმა გუგა ხვიჩიამ განუცხადა.
მელქაძე ხონელთა შემადგენლობაში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იასპარეზებს, ხოლო მისი დასრულების შემდეგ, მხარეები კონტრაქტის გაგრძლებაზეც დაილაპარაკებენ.
გიორგი მელქაძემ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი უმაღლესი ლიგის ბინადარ “სამტრედიაში” გაატარა, ხოლო ცოტა ხნის წინ, გორის “დილაში” ჩაირიცხა. თუმცა როგორც ჩანს გორელებმა მისი განათხოვრება გადაწყვიტეს. ხსენებული გუნდების გარდა, 30 წლის ფეხბურთელს თბილისის “ვიტ ჯორჯიასა” და მარტვილის “მერანის” ღირსებაც დაუცავს.
ხონის “იმერეთი” დღეისთვის მეორე ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. 14 ტურის შემდეგ გუნდს 37 ქულა აქვს დაგროვილი.