სხვადასხვა განწყობით შეხვდნენ ,,ჩელე არენაზე” გამართულ შეხვედრას მეტოქეები. სატურნირო ცხრილში მეზობლობის მიუხედავად, მეორე წრის დასაწყისისთვის კლუბებში მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული გახლდათ.
აჭარელებმა თავიანთი შემადგენლობა თითქმის უცვლელად შეინარჩუნეს, მაშინ როცა რუსთაველებს ზამთრის შესვენების დროს პრაქტიკულად ახალი გუნდის შეკრება მოუხდათ, თანაც, აღნიშნული შეხვედრისთვის დისკვალიფიკაციის გამო ისინი ერთბაშად სამ ფეხბურთელს – გელაშვილს, ნოზაძესა და სარიშვილს მოისაკლისებდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და მე-5 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ ჩირიკაშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა და შეუჩერებელი ძლიერი დარტყმით მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო.
მომდევნო სახიფათო მომენტი აჭარელებმა მე-17 წუთზე შექმნეს, როცა მათ საჯარიმოს რკალიდან სტანდარტულის შესრულების უფლება მოიპოვეს. თევდორაძის ძლიერი დარტყმა საკმაოდ არაზუსტი გამოდგა. ტაიმის შუაწელს იგივე ბედი ეწია შონიას შორეულ გასროლასაც.
ნახევარი საათის მიწურულს მასპინძლებს ანგარიშში დაწინაურება მართებდათ. ჩირიკაშვილმა და ბერიაშვილმა ლამაზი ორსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ბედიაშვილმა უვნებელყო.
ხუთ წუთში შონია მოედნის ცენტრიდან დაიძრა, გზად რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერად დააქუხა. ბურთი ოდნავ ასცდა კარის მარცხენა ძელს.
მასპინძლებს მონდომება მე-40 წუთზე დაუფასდათ. ქავთარაძის განივ გადაცემას ბერიაშვილი გამოეხმაურა და შეუჩერებელი, ძლიერი დარტყმით ბურთი ქვემოქართლელთა კარის ცხრიანში მოათავსა – 1:0.
მალე სტუმრებს გათანაბრება შეეძლოთ. მოედნის ცენტრიდან ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ ბარაბაძემ თავით ბურთი ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ გაბაშვილს დაუგდო, რომლის ძლიერი დარტყმა ხარიხას ზევიდან გადაევლო.
არბიტრის მიერ დამატებულ დროში თავის გამოჩენა ჩირიკაშვილს შეეძლო. ქავთარაძის დიაგონალურ ფლანგურ გადაცემას იგი საჯარიმოს კუთხეში დაუხვდა და ერთი შეხებით ბურთი სტუმართა კარისკენ გაგზავნა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო გამოდგა.
მეორე ტაიმი აჭარელებმა წარმატებულად დაიწყეს და შეხვედრის განახლებისთანავე ანგარიში გაზარდეს. შონიამ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და საჯარიმოში შევარდნილ ტატანაშვილს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. დიმამ თანაგუნდელის გარჯა სათანადოდ დააფასა და გამოზომილი დარტყმით რუსთაველთა კარის ბადე შეარხია – 2:0.
თამაში პრაქტიკულად აქ დამთავრდა. მართალია, ქვემოქართლელები მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდნენ და ამისთვის ძალღონეს არ იშურებდნენ, მაგრამ თუ არ ჩავთვლით ჯოხაძის სახიფათო გასროლას, რომელიც მცირედით ასცდა მიზანს, მათ მეორე ტაიმში ღირებული სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ.
76-ე წუთზე მინდორზე ერთობ საჩოთირო სიტუაცია შეიქმნა. მასპინძელთა კომბინაციის შემდეგ შონია მეკარესთან პირისპირ გადიოდა და ბედიაშვილთან ბურთისთვის ბრძოლაში გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. აჭარლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი მოვლენების ეპიცენტრთან ახლოს იმყოფებოდა და ბათუმელთა შემტევს სიმულაციისათვის ყვითელი ბარათი აუფრიალა.
რაც დრო გადიოდა, აშკარად ჩანდა რომ მატჩის ბოლოსთვის მასპინძლებს მეტი ძალა შერჩენოდათ და მათ მომგებიანი ანგარიშის შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
ასლან ბალაძე (,,დინამო”) - ,,ჩემი გუნდის დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვულოცავ ბიჭებს დამსახურებულ გამარჯვებას, მეტოქეს კი - წარმატებას მომავალში.“
ვარლამ კილასონია (,,მეტალურგი”) - ,,შეხვედრის პირველ ნახევარში ფეხბურთელებმა რაც შეეძლოთ იბრძოლეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს გოლი მივიღეთ. ბერიაშვილმა ყველაფერი დიდებულად შეასრულა. მეორე ბურთი შეხვედრის განახლებისთანავე გავუშვით და ახალგაზრდა ბიჭებმა თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს. მომავალს იმედიანად ვუყურებ. ვფიქრობ ჩვენი გუნდი ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდება.”
,,დინამო” (ბათუმი) - ,,მეტალურგი” (რუსთავი) 2:0 (1:0)
22 თებერვალი. 14:00 სთ. ,,ჩელე არენა”. 500 მაყურებელი.
,,დინამო ”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, მახარაძე (კ), სუხიაშვილი, შონია, ვ. თევდორაძე (ვარშანიძე 81), ჩირიკაშვილი (დიასამიძე 67), ქავთარაძე, ტატანაშვილი (აბუსელიძე 67), გ. ბერიაშვილი;
მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
,,მეტალურგი”: ბედიაშვილი (კ), ჯოხაძე, გ. კილასონია, ნარიმანიძე, გოცაძე (მაისურაძე 52), გაბაშვილი (გულუა 68), კ. ხიზანეიშვილი, გუჯაბიძე (მიქელაძე 52), ბარაბაძე, მიქაუტაძე, სტეფნიაშვილი;
მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გოლები: 1:0 ბერიაშვილი (40), 2:0 ტატანაშვილი (47);
გაფრთხილება: გოცაძე (34), სუხიაშვილი (45+1), მიქელაძე (70), შონია (76);
არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი
XVI ტური
21 თებერვალი, შაბათი
გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 1:0 (0:0)
1:0 მოსიაშვილი (50)
ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0:0)
1:0 ქობალია (66)
22 თებერვალი, კვირა
სამტრედია - დინამო (თბილისი) O0:1 (0:1)
0:1 მანუელი (20)
ცხინვალი - დილა (გორი) 0:1 (0:0)
0:1 გორელიშვილი (62)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 2:2 (0:1)
0:1 წურწუმია (34), 1:1, 2:1 კურდღელაშვილი (64, 67), 2:2 წყაროზია (84)
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)
1:0 მანჯგალაძე (32), 2:0 კორიფაძე (88)
ტორპედო (ქუთაისი) - კოლხეთი (ფოთი) 0:0
1. | დინამო თბ. | 16 | 10 | 2 | 4 | 27:13 | 32 | |
2. | დილა | 16 | 9 | 4 | 3 | 23:13 | 31 | |
3. | დინამო ბთ. | 16 | 8 | 3 | 5 | 19:14 | 27 | |
4. | სამტრედია | 16 | 7 | 4 | 5 | 17:12 | 25 | |
5. | ჩიხურა | 16 | 7 | 4 | 5 | 19:17 | 25 | |
6. | ცხინვალი | 16 | 7 | 3 | 6 | 15:22 | 24 | |
7. | მეტალურგი | 16 | 6 | 5 | 5 | 19:17 | 23 | |
8. | გურია | 16 | 5 | 7 | 4 | 17:23 | 22 | |
9. | მერანი | 16 | 5 | 6 | 5 | 13:12 | 21 | |
10. | ზესტაფონი | 16 | 4 | 7 | 5 | 29:23 | 19 | |
11. | შუქურა | 16 | 4 | 6 | 6 | 14:18 | 18 | |
12. | კოლხეთი | 16 | 4 | 6 | 6 | 13:17 | 18 | |
13. | ტორპედო | 16 | 3 | 8 | 5 | 17:18 | 17 | |
14. | ზუგდიდი | 16 | 3 | 6 | 7 | 9:17 | 15 | |
15. | სიონი | 16 | 3 | 5 | 8 | 12:21 | 14 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 16 | 3 | 4 | 9 | 16:22 | 13 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.