მოგეხსენებათ, „სოხუმი“ „შსს აკადემიისთვის“ ზედმეტად უხერხული მეტოქეა, ამიტომაც სპორტ კომპლექს „არენას“ ტრიბუნებზე მაყურებელი საინტერესო მატჩის მოლოდინით შეიკრიბა. ასეც მოხდა, თამაში მთელი 40 წუთის განმავლობაში პრაქტიკულად ქულა ქულაში მიდიოდა და გამარჯვებულის ვინაობა მეოთხე პერიოდის ბოლო წამებზე გადაწყდა. აკადემიამ 66-64 მოიგო.
პირველი და მეორე პერიოდები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა და ორივე მეოთხედი კოტე ტუღუშის გუნდმა თითო ქულით მოიგო. მთლიანობაში პირველ ტაიმში სოხუმელთაგან ახსანიშნავია ბექა ბექაურის გამოსვლა. მან მხოლოდ საწყისი პერიოდი ითამაშა და 10 წუთის განმავლობაში 8 მოხსნასა და 6 ქულას მოუყარა თავი. კარგად ითამაშა მისმა პარტნიორმა გიორგი ჯგერენაიამაც, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და პირველ ტაიმში აქტივში 9 ქულა ჩაიწერა.
აკადემიელთაგან ნიკა მეტრეველს გამოვარჩევთ, რომელმაც სამქულიანი ზუსტად ტყორცნა და საჯარიმო სროლებიც სათანადოდ გამოიყენა. 34:32 - ასე იმარჯვა „შსს აკადემიამ“ პირველ ტაიმში და ყველანი საინტერესო მეორე ნახევრის ხილვის მოლოდინით განეწყო. დაძაბული ორთაბრძოლა მესამე პერიოდშიც გაგრძელდა. ეს ათწუთიანი მონაკვეთი აკადემიელებმა ორი ქულით მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 47:43 წინ იყვნენ. მეოთხე პერიოდის დასაწყისში კოტე ტუღუშის გუნდმა უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა 50:44, თუმცა, მათი საქულე დომინანტობა დიდხანს არ გაგრძელებულა და „სოხუმმა“ საყაიმო სტატუსკვო აღადგინა - 50:50. ამის შემდეგ მეტად ნერვული, დაძაბული ორთაბრძოლა გაგრძელდა, გუნდები შეხვედრის დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ და ამითაც აიხსნება შედარებით მცირქულიანი მატჩი. მეოთხე პერიოდის დასასრულამდე ორიოდე წუთით ადრე ანგარიში 57:57 იყო, როდესაც ირაკლი ჩლაიძე არასპორტული ჯარიმით დასაჯეს და „შსს აკადემიამ“ ორქულიანი უპირატესობა მიიღო. დარჩენილ დროში კი მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ჯერ სოხუმელთა ლეგიონერმა პელემ ორი საჯარიმოდან ერთი გამოიყენა ზუსტად და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა 59:58. მომდევნო შეტევაში აკადემიელთა მეფარე გიორგი შარაბიძემ ორი ქულა შესძინა თავის გუნდს (61:58), რასაც პელემ ასევე ზუსტი ორქულიანით უპასუხა - 60:61. ამ დროს მეოთხე პერიოდის დასრულებამდე 12 წამი იყო დარჩენილი. სოხუმელებმა ტაქტიკური ფოლი აიღეს, მიხეილ ბერიშვილმა კი ორივე ჯარიმა გამოიყენა - 63:60. მალე პელე კვლავ ზუსტი ორქულიანით გამოირჩა (63:62), რასაც აკადემიელებმა ასევე ორქულიანით უპასუხეს და 7 წამით ადრე ბურთი „სოხუმს“ გადაეცა. აკადემიელები შვანგირაძეზე დაჯარიმდნენ და გრიგოლს სამი საჯარიმო ტყორცნის უფლება მიეცა. მან მეორე ჯარიმა ვერ გამოიყენა, რის გამოც მაყურებელმა ოვერტაიმი ვერ იხილა. საბოლოოდ, მეტად დაძაბულ ორთაბრძოლაში „შსს აკადემიამ“ 66:64 იმარჯვა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის გიორგი ცინცაძის კარგი თამაში. ორივე გუნდმა მთელი მატჩის განმავლობაში 25 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, აქედან 14 მხოლოდ ცინცაძის ანგარიშზეა. მატჩის ყველაზე შედეგიან კალათბურთელს რაც შეეხება, ამ მხრივ 22 ქულით საუკეთესო გიორგი ჯგერენაია გახდა.
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
ვაჟა კვარაცხელია („სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი): „მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. მართლაც კარგი გუნდია. მის რიგებში საქართველოს ნაკრების წევრობის 7 კანდიდატი თამაშობს, ასევე მწვრთნელიც ეროვნული გუნდის ერთ-ერთი დამრიგებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც მართლად კარგად ითამაშეს. წაგებას კი საკუთარ თავზე ვიღებ. რამდენიმე შეცდომა დავუშვი და ვთვლი, რომ მარცხი ჩემმა უზუსტობებმა განაპირობა. შევეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ და მომდევნო შეხვედრას „ქუთაისთან“ საბრძოლო მზადყოფნაში შევხვდებით“.
კოტე ტუღუში („შსს აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): „მთავარია, რომ მოვიგეთ. მატჩის დაძაბული ხასიათი კი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „სოხუმი“ მებრძოლი გუნდია და დარჩენილ თამაშებშიც მოედანზე მოსაგებად გავა. შეცდომები ჩვენც გვქონდა. მოწინაღმდეგეთაგან განსაკუთრებით გიორგი ჯგერენაიას გამოვყობ, რომელიც უწინ ჩემი დამრიგებლობით თამაშობდა და სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ“.
სტატისტიკა: