საქართველოს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მინდორზე, “ცხინვალსა” და გორის “დილას” შორის გაიმართა.
მიმდინარე სეზონში ორივე გუნდის მიზანი ევროსაგზური მოპოვებაა და მატჩიც პრინციპული გახლდათ. ცხინვალელებს შანსი ჰქონდათ, გორელებთან სხვაობა ერთ ქულამდე შეემცირებინათ, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, შეხვედრა მინიმალური ანგარიშით წააგეს.
თამაშში ორი სხვადასხვა ტაიმი ვნახეთ. პირველ 45-წუთეულში გუნდები პასიურობდნენ, ცოტათი ფრთხილობდნენ კიდეც და რისკზე არ მიდიოდნენ. მე-20 წუთისთვის შეტევის მარცხენა ფლანგიდან გიორგი ივანიშვილმა ლაშა შინდაგორიძე საჯარიმოს მისადგომებთან მოძებნა, პასი მიაწოდა, ამ უკანასკნელის დარტყმული კი ომარ მიგინეიშვილმა მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდო.
10 წუთში ლაშა ჯაფარიძეს ბურთი სოსლან ნანიევის საჯარიმო მოედნის ცენტრში მოულოდნელად მიუვიდა, თუმცა გორელმა ძალიან არაზუსტად დაარტყა. მალევე მიხეილ გორელიშვილმა შეტევა ცენტრიდან დაიწყო, მარჯვენა ფლანგზე მოძებნა გიორგი სეთურიძე, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი უკან ამოწია და მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა, თუმცა არაზუსტად. ტაიმის მიწურულს ნიკოლოზ ჯიშკარიანმა სცადა გორელთა კარის აღება, შემდეგ კი ირაკლი მოდებაძეს ნანიევმა აჯობა.
მეორე ნახევარში განსხვავებული სცენარი ვიხილეთ. გუნდებმა თამაში ცოტათი გახსნეს და შეტევებიც ლაღი გამოვიდა. საწყის წუთებში ცხინვალელთა მხრიდან კვლავ აქტიურობდა ივანიშვილ–შინდაგორიძის დუეტი. 50-ე წუთისთვის რატი ცაცკრიალაშვილის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა ივანიშვილმა შეასრულა. ცხინვალელმა ბურთი საჯარიმოში ჩაახვია, ბიძინა მახარობლიძემ ბურთს თავი დაარტყა, თუმცა მიგინეიშვილმა ბურთი კარის ცენტრში გააქვავა. ამ ეპიზოდში “დილა” აშკარად გადარჩა.
რამდენიმე წუთში საჯარიმოს მისადგომებთან ცენტრში ნიკა კაჭარავამ შეტევის მარცხენა ფლანგიდან შინდაგორიძესგან გადაცემა მიიღო, ერთი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და “დინამოს” ყოფილ მეკარეს ძლიერად დაურტყა, მიგინეიშვილმა ამ ეპიზოდშიც იყოჩაღა.
61-ე წუთზე კი მატჩის მთავარი ეპიზოდი განხორციელდა. დავით ხურცილავამ მოედნის თითქმის ცენტრალური მონაკვეთიდან საქართველოში დაბრუნებულ 21 წლის მიხეილ გორელიშვილს მაღალი გადაცემა გაუკეთა, ახალგაზრდა შემტევმა საჯარიმოს მისადგომებთან შეტევის მარჯვენა ფლანგზე ბურთი მკერდზე მიიღო, ფეხზე კარგად ჩამოიტანა, ცენტრისკენ შეიწია და მოძრაობის საპირისპირო მხარეს დარტყმულით ნანიევს შანსი არ დაუტოვა. გორელიშვილი “დილაში” ადრეც გამოდიოდა და ეროვნულ ჩემპიონატს გოლით დაუბრუნდა.
გატანილი გოლის შემდეგ გორელები ფსიქოლოგიურადაც დაწინაურდნენ, თუმცა “ცხინვალმა” დაამტკიცა, რომ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდია. ათიოდე წუთში ცერცვაძე-შინდაგორიძე-ივანიშვილის სამსვლიანი კარგი კომბინაცია გათამაშდა. გიორგიმ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მარცხენა ფლანგზე შინდაგორიძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა ცენტრში მდგარ ივანიშვილს უპასა, გიორგიმ კი ძლიერი დარტყმით მეტოქის კარს ბურთი ზემოდან გადაავლო.
84-ე წუთზე ალექსანდრე კვახაძემ კაჭარავა საჯარიმოში წააქცია, ცხინვალელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა სიმულაციის მცდელობისთვის პირიქით, კაჭარავა დაისაჯა ყვითელი ბარათით. გუნდმა თავდამსხმელის დასჯა გააპროტესტა, თუმცა ამაოდ. ერთი წუთშივე ნანიევს ბურთის მოგერიება უნდოდა, თუმცა არასწორი დარტყმით ბურთი გორელიშვილს მიუვიდა და რომ არა ცხინვალელთა სიყოჩაღე, მეორე გოლსაც გაიტანდა. კუთხურზე გადაგდებული ბურთი კვეკვესკირმა მოაწოდა და “დილას” კიდევ ერთი ახალწვეულის ალან ბაგაევის ცენტრიდან ძლიერად დარტყმული ბურთი ნანიევის კარის ზედა ძელმა იხსნა.
“ცხინვალმა” დაგეგმილი სამი ქულა ვერ აიღო, სამაგიეროდ “დილამ” გორელიშვილის დაბრუნებით იხეირა და მორიგი ქულები ჩაიწერა. დღესვე თბილისის “დინამომ” “სამტრედია” სტუმრად 1:0 დაამარცხა და ლიდერობა 32 ქულით შეინარჩუნა. გორელებს ერთით ნაკლები ქულა აქვთ, მესამე ადგილზე კი ბათუმელები გამწესდნენ. “დინამომ” “მეტალურგს” 2:0 სძლია. “ცხინვალი” ორი ადგილით დაქვეითდა და ამ ეტაპზე მე-6 ადგილზეა იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას კახი კაჭარავას გუნდი მარტვილის “მერანთან” სტუმრად გამართავს, ხოლო უჩა სოსიაშვილის შეგირდები “თენგიზ ბურჯანაძეზე” ქუთაისის ტორპედოს მიიღებენ.
ცხინვალი – დილა (გორი) 0:1 (0:0)
22 თებერვალი. თბილისი. მიხეილ მესხი, სათადარიგო
ცხინვალი: ნანიევი, იმედაშვილი, შინდაგორიძე (მარკოზაშვილი 82), ივანიშვილი, მახარობლიძე, ჯიშკარიანი, კილასონია, კაჭკაჭიშვილი, ცერცვაძე, ცაცკრიალაშვილი (ლექვთაძე 64), კაჭარავა.
მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა
დილა: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე, ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, ფალავანდიშვილი, სეთურიძე, თექთურმანიძე (სლავკო 65), კვეკვესკირი (ჭეჭელაშვილი 87), გორელიშვილი, მოდებაძე (ერისთავი 79).
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გოლი: 0:1 გორელიშვილი (61)
გაფრთხილება: თექთურმანიძე (6), იმედაშვილი (57), კაჭარავა (84)
მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა
XVI ტური
21 თებერვალი, შაბათი
გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 1:0 (0:0)
ზუგდიდი – შუქურა (ქობულეთი) 1:0 (0:0)
22 თებერვალი, კვირა
დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)
სამტრედია-დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 2:2 (0:1)
ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)
ტორპედო (ქუთაისი) – კოლხეთი (ფოთი)
ქუთაისი. ცენტრალური. 19:00
მსაჯები: დ. სანოძე, ლ. თოდრია, დ. გაბისონია, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)
პირველ წრეში: 3:0
1. | დინამო თბ. | 16 | 10 | 2 | 4 | 27:13 | 32 | |
2. | დილა | 16 | 9 | 4 | 3 | 23:13 | 31 | |
3. | დინამო ბთ. | 16 | 8 | 3 | 5 | 19:14 | 27 | |
4. | სამტრედია | 16 | 7 | 4 | 5 | 17:12 | 25 | |
5. | ჩიხურა | 16 | 7 | 4 | 5 | 19:17 | 25 | |
6. | ცხინვალი | 16 | 7 | 3 | 6 | 15:22 | 24 | |
7. | მეტალურგი | 16 | 6 | 5 | 5 | 19:17 | 23 | |
8. | გურია | 16 | 5 | 7 | 4 | 17:23 | 22 | |
9. | მერანი | 16 | 5 | 6 | 5 | 13:12 | 21 | |
10. | ზესტაფონი | 16 | 4 | 7 | 5 | 29:23 | 19 | |
11. | შუქურა | 16 | 4 | 6 | 6 | 14:18 | 18 | |
12. | კოლხეთი | 15 | 4 | 5 | 6 | 13:17 | 17 | |
13. | ტორპედო | 15 | 3 | 7 | 5 | 17:18 | 16 | |
14. | ზუგდიდი | 16 | 3 | 6 | 7 | 9:17 | 15 | |
15. | სიონი | 16 | 3 | 5 | 8 | 12:21 | 14 | |
16. | ვიტ ჯორჯია | 16 | 3 | 4 | 9 | 16:22 | 13 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
8- ირაკლი მოდებაძე (დილა)
7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.