ფეხბურთი

22:04 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურულებმა რევანში აიღეს (+VIDEO)

სათასო ბატალიების შემდეგ საფეხბურთო სეზონი უმაღლეს ლიგაშიც განახლდა. მეორე წრის პირველ კალენდარულ მატჩში ლანჩხუთის ,,გურიამ” ,, ზესტაფონს” უმასპინძლა. ეროვნულ ჩემპიონატში აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედროდნენ და ხუთივე მათგანში გამარჯვება ზესტაფონელებს ჰქონდათ მოპოვებული, თანაც ისე, რომ ლანჩხუთელებს გოლიც კი ვერ გაეტანათ.

მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში ,,ზესტაფონმა” მეტოქე 6:0 გაანადგურა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ზესტაფონელებს ლანჩხუთში პრაქტიკულად ახალი გუნდით ასპარეზობა მოუხდათ.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მეტოქეებს მატჩის დებიუტშივე მიეცათ. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-3 წუთზე შექმნეს. შალამბერიძის პასით ისიანი ხელსაყრელ პოზიციაზე გადიოდა, თუმცა მცველებმა იმარჯვეს და სიტუაცია განმუხტეს.

მალე ნემსაძეს და სამუშიას ჰქონდათ თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მათ დარტყმებს სიზუსტე დააკლდათ. მე-12 წუთზე სტუმრებს დაწინაურება შეეძლოთ. ხაბელაშვილმა მის შესახვედრად გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ საბოლოოდ თებიძემ იყოჩაღა და თავისიანები უსიამოვნებისგან იხსნა.

ტაიმის შუაწელიდან მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ერთი წუთის ინტერვალში ზედიზედ ორჯერ ურტყამდა შალამბერიძე, ორივეჯერ მას ასისტენტობა ინგოროყვამ გაუწია. პირველ შემთხვევაში ლანჩხუთელი ნახევარმცველი სიზუსტემ დააღალატა, ხოლო მეორეჯერ კუპატაძემ იმარჯვა და ზესტაფონელები აშკარა გოლს გადაარჩინა.

ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი გურულებს 42-ე წუთზე ჰქონდათ. კოშკაძე რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტდა და გამოზომილი დარტყმით სტუმართა კარის დალაშქვრა სცადა, თუმცა სამიზნე ვერც მან გაისწორა.

შეხვედრის მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით გაგრძელდა. 47-ე წუთზე მოსიაშვილის ჩაწოდების შემდეგ გურულები პენალტს ითხოვდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ბურთი ერთ-ერთ ზესტაფონელს ხელზე შეეხო, თუმცა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და თამაშის გაგრძელება ბრძანა. ორ წუთში მოვლენების ეპიცენტრში ისევ მოსიაშვილი აღმოჩნდა. საჯარიმოს ხაზიდან მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ კუპატაძე ნახტომში კარის ძელთან მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. გურულ ფეხბურთელს აქტიურობა მალევე დაუფასდა. შალამბერიძის მოწოდებულ კუთხურს მოსიაშვილი საჯარიმოს რკალთან დაუხვდა და შეუჩერებელი დარტყმით ბურთი იმერელთა კარის ცხრიანში მოათავსა – 1:0.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება ზესტაფონლებიც გამოცოცხლდნენ და შეტევებს უხშირეს. 62-ე წუთზე შეცვლაზე შესულ სიხარულიძეს ჰქონდა გათანაბრების კარგი შანსი, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ბურთი კარს ააცილა. 70-ე წუთზე ილურიძემ მეტოქე მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა კარის ჩარჩოში ვერც მან მოახვედრა.

თამაშის მიმდინარეობა არც ამის შემდეგ შეცვლილა. ზესტაფონელები გათანაბრებას, მასპინძლები კი ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდნენ. 75-ე წუთზე იერიშში გართულ სტუმრებს გურულთა კონტრშეტევა გაეპარათ. შალამბერიძემ დროული გადაცემით ისიანი ხელსაყრელ მდგომარეობაში გაიყვანა. ვილის ორი თანაგუნდელი კიდევ უფრო უკეთეს პოზიციაში ეხსნებოდა, მაგრამ მან რატომღაც კარში დარტყმა ამჯობინა და ბურთი სამიზნეს ააცილა.

და მაინც, მატჩის უკანასკნელ წუთზე ზესტაფონელებს ცოტა რომ გამართლებოდათ შეეძლოთ შინ ერთი ქულით დაბრუნებულიყვნენ. შეცვლაზე შესული ზვიად სიხარულიას ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხამ აისხლიტა და გათანაბრების შანსიც დაიკარგა.

ამ გამარჯვებით ,,გურიამ” მისთვის უსიამოვნო ტრადიციას წერტილი დაუსვა.

,,გურია” (ლანჩხუთი) – ,,ზესტაფონი” (ზესტაფონი) 1:0 (0:0)
21 თებერვალი. 14.00. ლანჩხუთი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’. 2000 მაყურებელი.

,,გურია”: თებიძე, ჭეიშვილი, ბ. ცინცაძე, ე. კილაძე, გ. მჭედლიშვილი, ღაღანიძე, კოშკაძე (კ) (ბენაშვილი 83), შალამბერიძე (კონოვალოვი 90), ისიანი (მათიაშვილი 76), ინგოროყვა, მოსიაშვილი;

მთ. მწვრთნელი: თემურ ლორია

,,ზესტაფონი”: კუპატაძე, რობაქიძე, ხიზანეიშვილი, გაგოშიძე, მთივლიშვილი, ვასაძე, ნემსაძე (სიხარულია51), ლ. მჭედლიშვილი (ბერიძე 59), ხაბელაშვილი (სიხარულიძე 46), სამუშია, ილურიძე (კ);

მთ. მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

ოლი: 1:0 მოსიაშვილი (50);

გაფრთხილება: შალამბერიძე (51), მჭედლიშვილი (57), ჭეიშვილი (79), ხიზანეიშვილი (81);

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი;

1. დინამო თბ. 15 9 2 4 26:13 29
2. დილა 15 8 4 3 22:13 28
3. სამტრედია 15 7 4 4 17:11 25
4. დინამო ბთ. 15 7 3 5 17:14 24
5. ცხინვალი 15 7 3 5 15:21 24
6. მეტალურგი 15 6 5 4 19:15 23
7. ჩიხურა 15 6 4 5 17:17 22
8. გურია 16 5 7 4 17:23 22
9. მერანი 15 5 5 5 11:10 20
10. ზესტაფონი 16 4 7 5 29:23 19
11. შუქურა 16 4 6 6 14:18 18
12. კოლხეთი 15 4 5 6 13:17 17
13. ტორპედო 15 3 7 5 17:18 16
14. ზუგდიდი 16 3 6 7 9:17 15
15. სიონი 15 3 5 7 12:19 14
16. ვიტ ჯორჯია 15 3 3 9 14:20 12

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.195425