ძიუდო

21:38 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარგველაშვილის ბრინჯაო და 120 ქულა

დიუსელდორფის გრან პრის პირველ დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთი მედალი მოიპოვა – 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა და ბრინჯაოს მედალთან ერთად 120 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი რუსეთის ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვს დაეჭიდა და ბრძოლის დაწყებისთანავე ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ ორიოდ წუთში მეტოქე ბეჭებზე დასცა.

“ბრინჯაოს ფინალში” მარგველაშვილი ძირითადი ბადის ნახევარფინალიდან გადაერთო, სადაც იაპონელ კენგო ტაკაიჩისთან შებოჭვით წააგო. იქამდე კი ოთხი წმინდა გამარჯვების მოპოვება მოასწრო: გერმანელ რენე შნაიდერთან, რუსეთის ნაკრების წევრ აბდულა აბდულჯალილოვთან, სომეხ არსენ ღაზარიანთან და სლოვენიელ ადრიან გომბოცთან.

საპრიზო სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ამირან პაპინაშვილს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ადგილზე მყოფი ქართველი მსუბუქწონოსანი მიმდინარე ტურნირზეც მეორე ნომრად იყო განთესილი. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და გერმანელ ფილიპ გრაფს სუფთად მოუგო. იპონ-იპონ ჩამოიშორა რუსეთის ნაკრების წევრი ალბერტ ოგუზოვი და ბრაზილიელი ფელიპე პელიმიც. ნახევარფინალში კი იაპონელ ტორუ შიშიმესთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ყაზახ რუსტამ იბრაიევთან მხოლოდ 41 წამი გაძლო და საბოლოოდ მე-5 ადგილს და 60 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

უმსუბუქეს წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ ტატამზე ლაშა გიუნაშვილიც გავიდა, მაგრამ პირველსავე წრეში, უილეთო შეხვედრაში ერთადერთი გაფრთხილებით წააგო სომეხ ჰოვანეს დავთიანთან.

66 კილოგრამში მოჭიდავე თორნიკე თათარაშვილმაც სომეხ მეტოქესთან დაჭიდებით გახსნა ტურნირი და იმარჯვა კიდეც – დავით ღაზარიანს ოთხ წუთში მოუმთავრა საქმე. მეორე წრეში კი ბრაზილიელ რიკარდო სანტოს ჟუნიორთან ვაზარით დამარცხდა და გრან პრის გამოეთიშა.

ხვალ მედლები მამაკაცთა შორის, 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან საქმეში ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე 81 კგ) ჩაერთვებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115181