ფეხბურთი

16:44 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ალავერდაშვილი: “ჩემი კერპი რობერტო ბაჯოა”

პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასაში მოასპარეზე ბიდგოშის “ზავიშას” ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ალავერდაშვილმა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შვიდ ენას ფლობს და სპორტში მისი კერპი რობერტო ბაჯოა.

- თქვენ საქართველოდან ჩამოხვედით. პოლონეთში ადრე ყოფილხართ?

- ვარშავაში ერთი წლის წინ ვიყავი. ისე უბრალოდ, გასართობად. ძალიან მომეწონა.

- აქამდე, სხვა პოლონურ კლუბში ისინჯებოდით. რატომ ვერ დარჩით?

- თითქმის ერთი თვე ზაბჟეს “გურნიკში” ვისინჯებოდი. ყველაფერი საუცხოოდ იყო: მწვრთნელი, გუნდი, სიტუაცია. პრობლემა “გურნიკის” ფინანსური მდგომარეობა აღმოჩნდა და კონტრაქტი ამიტომ არ გავაფორმე.

- “ზავიშაში” როგორ აღმოჩნდით?

- ბიდგოშში ჩემმა მენეჯერმა გამომაგზავნა.

- საზღვარგარეთ ბევრი დრო გაატარეთ?

- თითქმის მთელი ევროპა შემოვიარე. ერთი წელი შესვენებებით პარიზში ვცხოვრობდი. მოგზაურობა ჩემი ჰობია, მაგრამ მეტწილად ფეხბურთს უკავშირდება. მოზარდი რომ ვიყავი, პირველად პორტუგალიაში ყოფნა მომიწია, ხოლო შემდეგ ესპანეთში, სადაც ბარსელონას “სანტ-ანდრეუში” ვვარჯიშობდი. გუნდში არ ვიყავი, მაგრამ ვარჯიში შემეძლო და ამან საფეხბურთო კუთხით ბევრი რამ შემმატა. ლიტვაშიც ვითამაშე, სადაც ერთი წლის განმავლობაში “ბანგასა” და “შიაულიაეში” 40 მატჩი ჩავატარე. რუმინეთში “პანდურიიში” და “გაზ-მეთანში” ვიყავი. თუმცა, ამ უკანასკნელში უსიამოვნო ისტორია გადამხდა, რადგან ფინანსური პრობლემების გამო კლუბმა სამუშაო ვიზა ვერ გამიკეთა. ამის შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი, სადაც ნახევარი სეზონი ქვეყნის ორგზის ჩემპიონ რუსთავის “მეტალურგში” გავატარე, ხოლო ახლა “ზავიშაში” ვარ.

- როგორ შეადარებდი კლუბებს სადაც გითამაშია?

- საქართველოში უფრო ტაქტიკურ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ლიტვაში თამაში ადვილი არ იყო, მაგრამ ლიტვის დონე საქართველოსას და პოლონეთისას ჩამორჩება.

- შვიდი ენა იცით...

- ქართული, ინგლისური, პორტუგალიური, რუსული, ესპანური, ფრანგული და რუმინული ვიცი. ახლა პოლონურის სწავლის დროა.

- უმაღლესი დაამთავრეთ. ამის დრო როგორ გამონახეთ?

- მე სხვების მსგავსად გამოცდები უნდა ჩამებარებინა, მაგრამ მატჩების დროს აუდიტორიაში ჩემს არყოფნაზე თვალს ხუჭავდნენ. მოვახერხე სწავლა და მწვრთნელის დიპლომი ავიღე. ჩემი აზრით, სწავლა მნიშვნელოვანია. საქართველოში ამბობდნენ: “თუ ფეხბურთელი ხარ, ტვინი ფეხებში გაქვს”. ამას ჩემი მწვრთნელი ჯემალ ჩიმაკაძე არ ეთანხმებოდა. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჭკუა და ინტელექტი როგორც ცხოვრებაში, ასევ მოედანზე აუცილებელია. მან მირჩია, რომ ბევრი წიგნი წამეკითხა. ის მეუბნებოდა, რომ რაც უფრო ჭკვიანია ფეხბურთელი, გაცილებით უკეთ ითამაშებს. ფეხბურთის თამაში ჩიმაკაძესთან დავიწყე. 16 წლის ასაკში თბილისის “ლოკომოტივში” მოვხდი. არც გამოცდილება მქონდა და არც ცოდნა. მან ჩემი ნიჭი შეამჩნია და მომდევნო წელს პირველ გუნდთან “ლოკომიტივთან” ერთად საქართველოს თასი მოვიგე. სამწუხაროდ, ვიდრე რუმინეთის თასს მოვიგებდი, ის რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა. უდიდესი ტრაგედია იყო. იგი ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანია. მან ფეხბურთის სამყაროს მაზიარა.

- “ზავიშაში” ადაპტაცია გაიარეთ?

- ურთიერთობა ყველასთან მაქვს. პოლონურის სწავლას ვცდილობ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მიზნად პოლონურის სწავლა დავისახე.

- ყველაზე მეტად პროგრესი რომელ კლუბში გქონდათ?

- ჩემი აზრით თბილისის “ლოკომოტივში”.

- იმ საქმეში რასაც აკეთებთ თავდაჯერებული ხართ?

- თავდაჯერება მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარი შესაძლებლობების თუ არ გჯერა ვერაფერს მიაღწევ. თავდაჯერებული უნდა იყო და ზოგჯერ ეგოისტიც. თუ ადამიანს კონკრეტული მიზანი აქვს, მასზე კონცენტრირება და სწრაფვა უფრო ადვილია. საუბარი, ქედმაღლობაზე კი არა, არამედ, მიზნის მიღწევაზეა. მოთამაშეებმა ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ. ეს გუნდური თამაშია და არა ინდივიდუალური. თითოეული გუნდის ნაწილი ვართ.

- სპორტში თქვენი კერპი ვინაა?

- რობერტო ბაჯო.

- კარიერის დასრულების შემდეგ რას გააკეთებთ?

- ამაზე არ ვფიქრობ. თუმცა, ჩემი აზრით, ამ სფეროში დავრჩები. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა.

- “ზავიშაში” რა უნდა აჩვენოთ?

- ჩემი სათამაშო მაქსიმუმი.

0.116901