როგორც საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ სეზონის მეორე ეტაპისთვის ახალი ფეხბურთელები წარადგინა.
“ზუგდიდის” შემადგენლობას 2 გამოცდილი მეკარე მინდია ბობღიაშვილი და მანუჩარ ივარდავა შეუერთდნენ. მინდია ბობღიაშვილი წლების განმავლობაში ბოლნისის “სიონში” თამაშობდა, გასული წელი კი ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობაში ჩაამთავრა. ბობღიაშვილი 19 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
რაც შეეხება მანუჩარ ივარდავას, 33 წლის მეკარე ფეხბურთს ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა. როგორც “ზუგდიდის” ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ვეტერანი მეკარე სიმბოლური ნომრით, 01 ითამაშებს.
“ზუგდიდთან” კონტრაქტი გააფორმა ლანჩხუთის “გურიას” ყოფილმა ფეხბურთელმა დავით მეგრელიშვილმა, რომელსაც 25 ნომრიანი მაისური ერგო. “გაგრადან” დამატებული გოდერძი მაჩაიძე კი 2 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ზუგდიდის” ფეხბურთელი გახდა გიორგი პაჭკორია, რომელიც მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე “სამტრედიაში” თამაშობდა. პაჭკორია 3 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ბესიკ შეროზიას გუნდის წევრი გახდა ახალგაზრდა ნიკა ნარმანია, რომელიც 1994 წელსაა დაბადებული და გარკვეული პერიოდი ესპანეთში თამაშობდა. ნარმანიას მე-5 ნომერი გადაეცა.
“ზუგდიდმა” კარგი შევსება მიიღო შეტევით ხაზში. მეგრელთა გუნდში ითამაშებენ ლუკა გუგუჩია (ნომერი 77), ლევან კუტალია (89) და ავთო ენდელაძე (22).
გუნდს დაუბრუნდა და კვლავ 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს ირაკლი ქობალია, რომელმაც პირველი წრე ხობის “კოლხეთში” გაატარა.
ბესიკ შეროზიას გუნდში გააგრძელებს კარიერას ზუგდიდის “ლაზიკას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ბულია (94). “ზუგდიდმა” კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ცოტნე სამუშია დაიმატა, რომელიც ბოლოს “დინამო 2” თამაშობდა. სამუშია 20 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.